"იმ ღამით მელაპარაკა, არაფერი ახსოვდა" - კვირის პალიტრა

"იმ ღამით მელაპარაკა, არაფერი ახსოვდა"

რას ჰყვება პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტმა საზოგადოება შეზარა. ყველა აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი სახელმწიფოს საზრუნავია. შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს, საღამოს, სამი წლის ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა. მოულოდნელად მასთან უცნობი ქალი მიიჭრა, სახეზე დანა დაუსვა და გაიქცა. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მან ბავშვის ტყუპისცალი დის დაჭრაც სცადა. რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 51 წლის თამარ საძაგლიშვილი დააკავა და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საძაგლიშვილი თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ოჯახს შეკვეთილში კერძო სასტუმრო აქვს და დედამისი ზაფხულს იქ ატარებდა. დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

დაზარალებულ მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თამარ საძაგლიშვილის მეზობლებიც გაოგნებული არიან მომხდარით. მას ყველა დადებითად ახასიათებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ დროდადრო შეუნიშნავთ ფსიქიკური გადახრები: "წინადღეს დაღლილი, დადარდიანებული იჯდა, ვკითხეთ, ხომ არ დაგეხმაროთო და გვიპასუხა: არა, თქვენ ვერავინ დამეხმარებითო. ზრდილობიანი და თავდაჭერილი იყო, ეზოს ცხოველებზე ზრუნავდა, მათთვის საჭმელი ჩაჰქონდა".

"წამლები რომ შეწყვიტა, მაშინაც კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ კი ეს გააკეთა..."

"კვირის პალიტრა" თამარ საძაგლიშვილის დედას, მანანა ჩხიკვაძეს შეხვდა.

- ორი წლის წინ შევამჩნიე აგრესიულობა, აღგზნება. ქავთარაძეზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავაწვინეთ და რამდენიმე დღეში გამოვიყვანე. განყოფილების უფროსმა ნება დამრთო, თუ გინდათ, გაიყვანეთ და სახლში უმკურნალეთო. ასეც მოვიქეცი.

- დიაგნოზში რა უწერია?

- თავიდან მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ჩაუწერეს, მერე - შიზოფრენია.

- ალბათ, დანიშნულებით გამოუშვეს... - არა, დანიშნულება არ დაუწერეს. მე მოვიყვანე შინ კერძო ფსიქიატრი, რომელიც გაესაუბრა, დარწმუნდა მის დიაგნოზში და დაუნიშნა "ჰალოპერიდოლის" ნემსები და რაღაც ტაბლეტები - სახელი აღარ მახსოვს. რამდენიმე თვე იღებდა ამ პრეპარატებს. ამის შემდეგ ცუდად გახდა - მოდუნდა, ვეღარ დადიოდა, ჰემოგლობინი 116 რომ უნდა ჰქონოდა, 30-მდე დაუვარდა. პოლიკლინიკის ექიმმა ჰემოგლობინის ასამაღლებელი დაუნიშნა, რომელმაც კარგად იმოქმედა. ამის შემდეგ სხვა ფსიქიატრი მოვუყვანე, ისევ კერძოდ. მან მოუხსნა ძველი პრეპარატები და დაუნიშნა "კეტილეპტი" და "ტრიტიკო". ყველა პრეპარატს ჩემი სახსრებით ვიძენდი. ცოტა ხანს სვამდა, მერე მიატოვა.

- მაშინ როგორ გრძნობდა თავს? - ჰემოგლობინი 69-მდე აეწია. ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალური ჰქონდა. ჩეულებრივად საუბრობდა, საქმეს აკეთებდა, ხატავდა... წამლები რომ შეწყვიტა, მაშიIნაც კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ კი ეს გააკეთა...

- იმ დღეებში, როცა ეს ამბავი მოხდა, სახლში მარტო იყო?

- კი, მარტო იყო. იმავე ღამით, 23.30-ზე მელაპარაკა ტელეფონით. არაფერი ახსოვდა, მითხრა, კარგად ვარო. რაღაცებს მომიყვა - ეს გავაკეთე, ის მოვიტანეო... ახლა დაიძინე, მეც ვიძინებო. ამის შემდეგ ღამის 3 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს.

- ამბობენ, სახლამდე ისე მოსულა, ოთხი ტაქსი გამოუცვლიაო... - არ ვიცი... იმდენ რამეს ამბობენ... "ფეისბუკში" ისიც დაწერეს, ძიძად მუშაობდა სამი თვის ბავშვთან და თვითონ მიატოვა სამსახურიო. ჩემს შვილს ძიძად არასდროს უმუშავია...

- რომ ჩამოხვედით, რა სიტუაცია დაგხვდათ? იქნებ რამე გადააადგილა, ან... - ყველაფერი ჩვეულებრივად დამხვდა. რამდენიმე დღის წინ ბაზრობაზე უყიდია წყლის გამაცხელებელი, მოუყვანია მუშები და დაუყენებია, რადგან გაზის სამმართველოდან მოსულან და უთქვამთ, ღია წვის გამაცხელებელი არ შეიძლება და თუ არ გამოცვლით, გაზს გაგითიშავთო.

- ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე იყო? - არა. რადგან საავადმყოფოში მოვხვდით, ალბათ, იქ იქნება აღრიცხვაზე.

- ფსიქიატრიული კლინიკიდან რომ გამოგიშვეს, არ უთქვამთ, გარკვეული დროის შემდეგ ისევ მოდით, მდგომარეობა გავაკონტროლოთო? - არა. ჩემს შვილს მკურნალობაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ მე რომ მისი შინ წაყვანა მოვინდომე, მითხრეს, თქვენი ნებააო. დაინტერესდნენ, კერძო ფსიქიატრს მოიყვანთო? კი-მეთქი, ვუთხარი.

- რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამის თავიდან ასაცილებლად? - სახელმწიფოსგან არაფერს ველოდი, მე ჩემი შვილის დარდი მქონდა და თანახმა ვიყავი, კერძოდ მემკურნალა. სახელმწიფოს მე არაფერს ვთხოვ, მაგრამ ხომ უნდა შეემოწმებინათ, ვმკურნალობდი თუ არა?!

"ის, გარკვეულწილად, მსხვერპლიც არის"

ალექსი გაბუნია, თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი: - თამარ საძაგლიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ჩვენ სწორედ ამას ველოდით, იმიტომ, რომ ჯერ არ არის შეკრებილი სათანადო მტკიცებულებები. დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ალბათ, გაირკვევა, რომ არის ფსიქიკური გადახრის მქონე პირი და იმ მომენტში არ იცოდა, რას აკეთებდა. ეს შემთხვევა არ ახსოვს. არც ის ახსოვს, დანა ჰქონდა თუ არა. სოცქსელში გაჩნდა ვიდეომასალა, მაგრამ გამოძიებას ის ჯერ საქმეში არ უდევს, ამიტომ მისი ავთენტურობაც საეჭვოა. მე, როგორც ადვოკატმა, შემიძლია ვიმსჯელო მხოლოდ საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით. სოცქსელით გავრცელებული დოკუმენტი არც მოსამართლისთვის და არც პროკურორისთვის მტკიცებულება არ არის. რაც მოხდა, ტრაგედიაა არა მარტო იმ ბავშვისა და მისი მშობლებისთვის, მთელი საზოგადოებისა და საძაგლიშვილისთვისაც კი. ის, გარკვეულწილად, მსხვერპლიც არის. თუ დანაშაულს ფსიქიკური ნაკლის მქონე პირი სჩადის, მას სამკურნალო დაწესებულებაში ათავსებენ.

"პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის სამინისტროს"

მანანა შარაშიძე, ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი:

- 2018 წელს ფსიქიატრიული სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო ამბულატორიულ სერვისებში, რაც მიუთითებს, რომ სტაციონარიდან ამბულატორიაში გაგზავნის სისტემა კარგად აწყობილი არ არის. პაციენტმა შეწყვიტა მკურნალობა, მაგრამ მისმა გარემოცვამ ვერ გააცნობიერა, რომ ეს პრობლემაა. საჭირო იყო პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ფსიქოგანათლება, რომ შიზოფრენიის დროს ფსიქოზური მდგომარეობის შეცვლას ხანგრძლივი დრო სჭირდება, რომ პრეპარატები ხანგრძლივად უნდა მიიღონ, თორემ დაავადება დაბრუნდება და ისევ დაიწყება გამწვავება! საქართველოში ფსიქოსოციალური ინტერვენციების განსახორციელებლად მწირი თანხებია გამოყოფილი, მედიკამენტები კი ძვირია! არასათანადოა პერსონალის კვალიფიკაციაც. დაბალი ხელფასებისა და გადატვირთულობის გამო დრო და მოტივაციაც არა აქვთ. დღეს საქართველოში ფსიქონევროლოგიური სტაციონალური მკურნალობა შესაძლებელია ათ დაწესებულებაში, სადაც 1300 საწოლია. სახელმწიფო დიაგნოზის მიხედვით ნაწილობრივ ან სრულად აფინანსებს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მკურნალობას, მაგრამ პრობლემაა მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

ასეთი ადამიანები ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში უნდა დადიოდნენ თვეში ერთხელ ან ორჯერ. თუ პაციენტი არ მიდის, მაშინ ექთანი შინ უნდა აკითხავდეს. ეს სერვისის განაწესში წერია, მაგრამ ყველგან ასე არ იქცევიან...

ყველაზე მნიშვნელოვანი არის სტიგმა. ხშირად ადამიანებს არ უნდათ ფსიქიატრიულ სერვისებს მიმართონ, რადგან მერე მთელი საახლობლო ამაზე ილაპარაკებს. ამიტომ ოჯახი მალავს, რომ ოჯახის წევრი ფსიქიკურად არის ავად. ამის დასაძლევად უნდა მომზადდეს გადაცემები, დოკუმენტური ფილმები...

გვყავს 26 მობილური გუნდი, მაგრამ სრულფასოვნად არავინ ამოწმებს, ისინი როგორ მუშაობენ. სახელმწიფოს არა აქვს აწყობილი მონიტორინგის სისტემა. ფული, რომელსაც სახელმწიფო ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გამოყოფს, მიდის თუ არა პაციენტამდე?...

ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გამოყოფილი 1300 საწოლი გადატვირთულია, ზოგჯერ ადგილები არ არის და ამის გამო პაციენტებს ადრე წერენ, არადა, ხშირად ამ 1300 საწოლიდან ბევრს ისეთი პაციენტები იკავებენ, რომელთაც იმ მომენტისთვის არ სჭირდებათ ფსიქიატრიული სამედიცინო დახმარება. მათ სჭირდებათ საცხოვრებელი, მაგრამ წასასვლელი არსად აქვთ. თანხაა გამოსაყოფი ოჯახური ტიპის საცხოვრებლების შესაქმნელად, სადაც უსახლკარო პაციენტები იცხოვრებენ სოცმუშაკის, ექიმისა და ექთანის მეთვალყურეობით, ივლიან ამბულატორიაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ფსიქიკური ავადმყოფების სამკურნალო 1300 საწოლიდან 300 შეიძლება გადავიტანოთ საცხოვრისებში და სტაციონარები განიტვირთება.

საჭიროა შშმ პირებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დასაქმების სისტემის შექმნა. ჯანდაცვის სამინიტროში ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ ნელა მიმდინარეობს. მათთვის სამსახური დიდი სტიმულია.

- თამარ საძაგლიშვილის შემთხვევამ ერთი ფაქტი გაგვახსენა: გასულ წელს რუსთავში ფსიქიკურმა ავადმყოფმა 13 წლის ძმისშვილი დანით მოკლა. ამ ტრაგედიამდე ბიძა საავადმყოფოში არ დატოვეს - რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვიათ შინ. ასეთ შემთხვევებში ვის მიუძღვის ბრალი?

- მეტი სიფხიზლეა საჭირო სახელმწიფოსგან. ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის მართვის პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? სახელმწიფოს! უფრო თუ დავაზუსტებთ - ჯანდაცვის სამინისტროს!

- ფსიქიატრები ამბობენ, თუ პაციენტს არ უნდა, ძალით ვერ უმკურნალებთო, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ ადამიანი ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, საკუთარი თავისთვის საშიშია, როგორ უნდა მოვიქცეთ? - კანონში ფსიქიატრიული დახმარების შესახებ"წერია, რომ თუ ადამიანს არ სურს მკურნალობა და არაფერს აშავებს, მკურნალობას ვერ დააძალებ, თუმცა ძალისხმევით, ფსიქოგანათლებით შესაძლებელია, შეუქმნა მოტივაცია და დაიწყოს მკურნალობა.

თუ ადამიანი საკუთარ თავს ან სხვას, ან ქონებას აზიანებს და არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ის სასწრაფოსა და პატრულის ეკიპაჟს იძულებით მიჰყავთ საავადმყოფოში. იქ 48 საათის განმავლობაში უნდა შედგეს სასამართლო, რომელიც ფსიქიატრების დასკვნას ითვალისწინებს, მაგრამ დამოუკიდებლად წყვეტს, დატოვოს თუ არა ეს პირი ფსიქიატრიულ კლინიკაში. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პაციენტსა და ოჯახს ეუბნებიან, რომ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დისპანსერში, სადაც კონსულტაცია და მედიკამენტები უფასოა. სტაციონარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დისპანსერში გზავნის ფორმა 100-ს. ხშირად პაციენტი ირწმუნება, მივალ დისპანსერში და მკურნალობას გავაგრძელებო, მაგრამ ზოგი მიდის, ზოგი - არა.