"გაცეცხლებულმა რომანოვმა ნამცხვარი მოითხოვა, ჭამა-ჭამით აკაკის მიუახლოვდა და აგდებულად ჰკითხა..." - ეპიზოდები წარსულის "სკივრიდან" - კვირის პალიტრა

"გაცეცხლებულმა რომანოვმა ნამცხვარი მოითხოვა, ჭამა-ჭამით აკაკის მიუახლოვდა და აგდებულად ჰკითხა..." - ეპიზოდები წარსულის "სკივრიდან"

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება, გარდა წარსულისა. ის არც ფერს იცვლის და არც ადგილიდან იძვრის, მაგრამ უცნაური ის არის, რომ წარსული ზოგჯერ უფრო ცოცხალია, ვიდრე აწმყო და მით უფრო - მომავალი. ის უფრო მეტად განსაზღვრავს ჩვენს მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს. როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინა თაობები - ცნობილები და უცნობები, რა დაგვიტოვეს გამოცდილებად და საყრდენად? წარსულის

"სკივრიდან" სწორედ ეს ეპიზოდები ამოვიღეთ.

აკაკი

აკაკი წერეთელმა ახალგაზრდობაშივე გაითქვა სახელი ენაკვიმატობით. ხანდახან ისეთ რამეს იტყოდა, აზრის სისხარტით გაოცებული მსმენელი კარგა ხანს მუნჯდებოდა. ზუსტად ასე გააჩუმა პოეტმა კავკასიის მეფისნაცვალი და რუსეთის იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი.

1905 წელს ბორჯომში მიმავალი მიხეილ რომანოვი ხაშურის რკინიგზის სადგურის სასადილო დარბაზში აკაკი წერეთელს გადაეყარა. იმხანად სადგურის სასადილოები პრესტიჟული დაწესებულებები გახლდათ, სადაც მეფისნაცვლებიც კი შედიოდნენ და მათ დიდი მოწიწებით ხვდებოდნენ. ხალხი ახლაც ფეხზე წამოხტა მთავარმართებლის დანახვაზე, მხოლოდ აკაკი არ განძრეულა და მშვიდად განაგრძობდა ჭამას. ასევე გარეგნულად მშვიდმა, მაგრამ სინამდვილეში გაცეცხლებულმა რომანოვმა ნამცხვარი მოითხოვა, რომლის ჭამა-ჭამით აკაკის მიუახლოვდა და აგდებულად ჰკითხა:

- ხომ არ იცით, რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორს? პოეტმა ლუკმა აუჩქარებლად გადაყლაპა და მთავარმართებელს პასუხად მიუგო:

- თქვენო ბრწყინვალებავ, როდესაც ადამიანი სადილობს, ის ზის, ცხოველები კი ფეხზე მდგომნი მიირთმევენ!

ამ ამბიდან ცოტა ხანში პოეტი ამ შემთხვევას გამოეხმაურა ლექსით "დამეხსენი, ჩრდილოელო":

"დამეხსენი, ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზიარო? თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო?.."

ყაზბეგი

უცნაურად წარიმართა ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება. მამამისი, ხევის მდიდარი ბატონი ერთადერთ ვაჟს მეტისმეტად ანებივრებდა - ერთხელ მექარავნეებისაგან აქლემიც კი უყიდა, რომელიც დაახლოებით იმდენივე ღირდა, რამდენიც ყველაზე თანამედროვე მანქანა დღეს. თუმცა ალექსანდრე მაინც განსხვავებულ ადამიანად ყალიბდებოდა.

ერთხელ ეზოში ცხვრის ფარა შეურეკავს, რუსი ოფიცრების სტუმრობით თუ ბინძურდება აქაურობა, ცხვრები განა მათზე უკეთესები არ არიანო! მერე ხელში სულაც კომბალი აიღო და მწყემსად წავიდა. ამის შემდეგ მწერალი თბილისში ჩამოდის, თუმცა ერთხანს ბათუმშიც ცხოვრობდა.

გაზეთ "დროების" ბათუმის კორესპონდენტ ივანე მჭედლიშვილის მოგონებაში ვკითხულობთ:

"რაც დრო გადიოდა, იმდენად შინაური კაცი ხდებოდა (ბათუმში) ჩემს ოჯახში სანდრო. ასე ვცხოვრობდით თითქმის სამი თვე. ერთ დღეს სადილის ჟამის დროს შევატყვე, მეტისმეტად მოწყენილია, თუმცა ჩვეულებრივი მწარე ღიმილი იმის ტუჩებს არ სცილდებოდა. ვკითხე:

- სანდრო, კიდევ რას მოღრუბლულხარ, შენს მთიულეთში ხომ არ დაფრინავ?

- ჰო, - მითხრა და ისევ ჩაღუნა თავი.

- კაცო, ხმა ამოიღე, მოწყენით ვის რას უშველი, ღმერთმანი, ხანდახან სასაცილო ხარ, ისეთი უცნაური ხასიათი გაქვს-მეთქი!

- ჰო, სასაცილო ვართ, არა მარტო მე, ყველანი სასაცილონი ვართ, რომ ვეღარაფერს ვშველით! - ეს თქვა და მომაწოდა ერთი გაზეთი, რომელშიც უწმაწური სიტყვებით იხსენიებდნენ ქართველებს და ქართულ ენას.

მეორე დღეს მოინდომა, სადილზე ან მუსაიფის დროს ოჯახში ერთმანეთთან უცხო ენაზე ნურავინ ილაპარაკებსო. სიტყვაში შაურის გადახდა თვითონვე იკისრა. ერთხელ სადილად ერთი უცხო, მაგრამ ქართველი კაცი შემოგვესწრო. ეს კაცი უცხო ენაზე ელაპარაკებოდა ყველას, მაგრამ ამ ენის უცოდინარობის გამო სიტყვის დაბოლოებას ამახინჯებდა. სანდრო დიდხანს ჩუმად იყო, ბოლოს გამოაცხადა, გადაწყვეტილი გვაქვს, ჯარიმას ვახდევინებთ ყველას, ვინც სხვა ენაზე ილაპარაკებსო და სტუმარს ხუმრობით სთხოვა, ამნაირ გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა.

სტუმარს ეს ეუცხოვა, თითქოს ეწყინა. ამოიღო მანეთი, სანდროს მიაწოდა და უთხრა:

- იანგარიშეთ და ხურდა დამიბრუნეთ, რაც მერგება ჯარიმის გამორიცხვის შემდეგ.

- არა, ბატონო, თქვენ ჯარიმა კი არა, დიდი ჯილდოც გერგებათ, ისე დაამახინჯეთ და ჯვარზე აცვით ის ენა, რომლის ლაპარაკისთვის ჩვენ ჯარიმას ვახდევინებთ, რომ არ ვიცი, რანაირად გითხრათ მადლობა, - მიუგო სანდრომ. ეს სიტყვები იმნაირი შხამიანი ენით და კილოთი იყო ნათქვამი, ყველა გავჩუმდით".

ოტია

ენაკვიმატობითა და ლამაზი ქალების ტრფიალით იყო ცნობილი მწერალი ოტია იოსელიანი, რომელიც მკითხველს აფრთხილებდა:

"შეყვარებამდე უნდა გაახილო თვალები, თორემ თუ შეგიყვარდა, მერე მარტო ის და იმის ძაღლი კი არა, მეზობლის ნაგაზიც გეყვარება!"

ჰოდა, კასპში, ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც მასთან ერთად მწერალი რეზო მიშველაძეც იყო, დარბაზიდან ლამაზმა მანდილოსანმა იკითხა, თუ შეიძლება მითხარით, ქალს რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდესო? კითხვას პასუხი რეზო მიშველაძემ გასცა - რამდენჯერაც თითოეულ ჩვენგანს სიყვარულის მიღება შეგვიძლიაო, მაგრამ ქალი არ დაცხრა - მაინც, მაინცო? რაკი რიცხვი გაინტერესებთ, სიყვარული შეიძლება 15-ჯერაც გვეწვიოსო, გაეხუმრა მიშველაძე, იქვე მჯდომმა ოტიამ კი ყალიონი პირიდან გამოიღო და დინჯად წარმოთქვა: "მეთექვსმეტე უკვე ბოზობა გახლავთ, ქალბატონო!"