"ჩვენ თუ არ შევრიგდით ერი, პარტიებს რომ ვუყურებთ, გადაჩეხავენ საქართველოს. რუსეთის კიდევ რა უნდა? - ჩვენი დაყოფა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ თუ არ შევრიგდით ერი, პარტიებს რომ ვუყურებთ, გადაჩეხავენ საქართველოს. რუსეთის კიდევ რა უნდა? - ჩვენი დაყოფა"

ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეული ერი ვართ, ერთმანეთში მტრობა უნდა დავივიწყოთ, აუცილებლად გავძლიერდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რაც წაგვართვეს, - ამის შესახებ ბოდბის მონასტერში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, თუ ჩვენ ერი არ შერიგდა, პარტიები გადაჩეხავენ საქართველოს.

"რუსეთს არც აფხაზეთი სჭირდება და არც ცხინვალის რეგიონი, მაგრამ იმიტომ აკეთებენ ამას, რომ საქართველო ძლიერი არ იყოს. ჩვენ ხომ არ უნდა შევუწყოთ ხელი ამაში? - არ უნდა შევუწყოთ. მაგრამ ხშირად ვქადაგებ იმაზე, რომ აუცილებელია ჩვენი შერიგება. ჩვენ თუ არ შევრიგდით ერი, პარტიებს რომ ვუყურებთ, გადაჩეხავენ საქართველოს. რუსეთის კიდევ რა უნდა? - ჩვენი დაყოფა. ვისაც დაყოფა უნდა, ის ქართულ საქმეს ვერ გააკეთებს. ერთმანეთთან ჩასაფრებულები არ უნდა ვიყოთ.

მინდა ერთი რამ გითხრათ, რასაც პოლიტიკოსები მალავენ და ერთმანეთს საწინააღმდეგოდ იყენებენ ამას. მინდა მივმართო ხელისუფლებას, მივმართო წესიერ ისტორიკოსებს, რუსეთი არის იმპერია, ამიტომ არ გაგვიკვირდეს, რომ ჩვენ დაგვიპყროს ან ოკუპაციასთან ერთად ანექსიაც განახორციელოს. იმპერიაა და საზღვრებს უნდა ზრდიდეს. როცა არ ზრდის, მაშინ სიკვდილისკენ მიდის ასეთი იმპერია. კარგს არ ველოდოთ მათგან. სანამ ჩვენ ასე დაყოფილები ვიქნებით, ისინი ადამიანებად არ ჩაგვთვლიან.

ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეული ერი ვართ და ერთმანეთში მტრობა უნდა დავივიწყოთ, ერთმანეთის ჭამას თავი უნდა დავანებოთ აუცილებლად, გავძლიერდეთ, დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რაც წაგვართვეს. ასე თუ გაგრძელდა. შანსი არ არის დაბრუნების. ვინც დაკარდა ისინი განიკითხავებ ხელისუფლებას“, - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

მისივე თქმით, „წინა ხელისუფლებაც გარეულმა თუ შიგნით ჩაბუდებულმა ადამიანებმა მოატყუეს". "არ ვთვლი, რომ შეგნებულად გააკეთეს და ტერიტორიების დაკარგვა უნდოდათ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც.

„ჩვენს პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო, ახლა რომ იძახიან გადმოწიეს, გადმოწიესო, 20 პროცენტი რომ დაიკარგა, მე ჩავაბარე? კი, რუსეთი ამას ნებისმიერ ხელისუფლებასთან იზამდა. არც წინა ხელისუფლებას ვაბრალებ მაგას, არც გამსახურდიას და არც შევარდნაძეს, არც ამ ხელისუფლებას, ამით გვსჯიან, რომ არ ვუჯერებთ და თავისუფლება გვინდა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"