"მიხარია, რომ ვიყავი ქართველი" - წერილი, რომელიც ნუგზარ ჯუღელმა გარდაცვალებამდე დაწერა - კვირის პალიტრა

"მიხარია, რომ ვიყავი ქართველი" - წერილი, რომელიც ნუგზარ ჯუღელმა გარდაცვალებამდე დაწერა

2 სექტემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონმა ნუგზარმა გადაცვალებამდე წერილი დატოვა, რომელიც, როგორც ირკვევა, მისმა შვილიშვილმა ლიკა რევიშვილმა ნახა. სოციალურ ქსელში წერილი შესავლით გამოაქვეყნა სცენარისტმა თამარ ბართაიამ, გთავაზობთ მის პოსტს:

"დილას ლიკუნას წერილი დამხვდა, ბაბუ გარდაიცვალაო. ჩვენ სულ ერთი ქუჩა გვყოფს და უამრავი რამ გვაკავშირებს. ლიკუნა მარტო დამხვდა, რაღაც სხვანარად ძლიერი, არ მომჩვენებია. აივანზე დავსხედით. იცი, ნუგზარს წერილი დაუტოვებიაო, მითხრა და ხელნაწერი გამომიტანა. არ წავაკითხე, ვიცოდი თავს ვერ შევიკავებდი. გამომიგზავნე-თქო. იქვე გადაუღო ხელნაწერს ფოტო და ჩამიგდო. არ წამიკითხავს. ამ დილას კი მის გვერდზე დამხვდა...

მშვიდობით ძია ნუგზარ, და მადლობა პირადად ჩემგან იმისათვის, რომ ლიკუნა არასოდეს ყოფილა სევდიანი ობოლი ბავშვი. მადლობა იმ სითბოსთვის, რამაც რემკას (ლიკა რევიშვილის მამა გიორგი რევიშვილი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა - კ.პ.) შემდეგ თქვენს სახლში გადმოინაცვლა. მადლობა, მადლობა ყველაფრისთვის...”

ნუგზა ჯუღელის წერილი

"მე წავედი უსასრულობაში... უმორჩილესად გთხოვთ არ დაიბნეთ, რადგან ყოველთვის მზად ვიყავი ამისათვის. მიხარია, რომ ვიყავი ქართველი და ჩემს ერს აქვს სიტყვა გარდაცვალება, ე.ი. ოდნავ შევიცვალე, ჩემი სული კი განაგრძობს თავის სვლას ულევ სამყაროში... ძალიან გთხოვთ, სიკვდილს შეხედეთ ჩემი თვალებით, როგორც გარდაქმნას და გარდაცვალებას.

ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს, ვერ მოვესწარი თავისუფლებას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას, დადგება დღე, როცა ჩემი კოპწია ქვეყანა, ბედნიერი, თავისუფალი იქნება. ჩემი შვილიშვილები მოესწრებიან ამას!

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის!

მე წავედი იქ, სადაც ბევრი, ძალიან ბევრი ჩემნაირია, აქ ხომ ძალზედ ცოტანი დარჩით.

ნუგზარ ჯუღელი”. წყარო