"ჩემი ბიჭის სუნთქვა თუ შეწყდა, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდება" - კვირის პალიტრა

"ჩემი ბიჭის სუნთქვა თუ შეწყდა, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდება"

სურამელი კიპაროიძეების ოჯახის ტრაგედია მაშინ დაიწყო, როცა 10 წლის ლაღი და მხიარული დათუნა კიპაროიძე, სოფელ სურამის სკოლის ბუფეტში მოულოდნელად წაიქცა. ბავშვს შუბლი გაუტყდა, თუმცა მალევე მოვიდა გონზე და ფეხზე წამოხტა. ამან პირველად მისი მასწავლებელი დაამშვიდა, მერე კი დათუნას მშობლები, მაგრამ ბედნიერება დროებითი იყო. იმის შემდეგ ბავშვმა გონი არა ერთხელ დაკარგა და მშობლებმაც არაერთხელ წაიყვანეს ექიმთან, - დიაგნოზი რამდენიმე თვის მანძილზე გაუგებარი რჩებოდა. საბოლოოდ დათუნას პანენცეფალიტი, მთლიანი ტვინის უკურნებელი ანთება აღმოაჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება, რომელიც წითელაზე აუცრელ წლამდე ბავშვებს, წითელათი დაავადების შემთხვევაში ხვდებათ, თუმცა დაახლოებით 10 წლამდე თავს არაფერში ამჟღავნებს. საბოოლოდ პატარა კომაში ვარდება და მშობლები წლების მანძილზე მის გამოჯანმრთელებას უნუგეშოდ ელოდებიან.

დღეს დათუნა 13 წლის არის, ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში კომით წევს, სეფსისი აქვს და დახმარება სჭირდება...

ნანა კიპაროიძე, დათო კიპაროიძის დედა: - ვიცი, რომ ჩემი უბედურების ამბავი მძიმე მოსასმენია, მაგრამ შვილი მიკვდება, იქნებ გადავარჩინო.. ჩემს შვილს წითელა 10 თვის ასაკში შეხვდა. არ ვიცი, როგორ დამეცვა ჩემი შვილი, - წითელაზე აცრები მხოლოდ ერთი წლის ასაკში კეთდება, მანამდე როგორ ამეცრა... ასე დავიღუპე. თურმე წითელას ბაქტერიამ ჩემი შვილის ტვინში დაიბუდა, როდესაც დათო 10 წლის გახდა, მაშინ გაიღვიძა და პანენცეფალიტი გამოიწვია.

- სამწუხაროდ, ეს მართლაც უმძიმესი დაავადება, იშვიათ შემთხვევებში, წითელაზე აუცრელ ბავშვებში ვითარდება.

- ექიმებმაც ასე მითხრეს. თუ ბავშვს წლის ასაკამდე ისე შეხვდა წითელა, რომ აცრილი არ იყო, შეიძლება პანენცეფალიტი განუვითარდეს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევააო.. ეს რომ ჩემი ბრალი ყოფილიყო, ალბათ თავს მოვიკლავდი, მაგრამ ასე არ იყო. ბავშვს სიცხემ რომ აუწია, მაშინვე ექიმთან წავიყვანე. იმდენად მსუბუქად გამოაყარა, რომ მალევე გამოჯანმრთელდა. ვიდრე 10 წლის არ გახდებოდა, არაფერი წამოსტკივებია. მეხუთე კლასში იყო, სკოლიდან რომ დამირეკეს, - ბავშვი ბუფეტში წაიქცაო. არც მახსოვს სკოლამდე როგორ მივედი. ბავშვი კი უკვე გონზე დამიხვდა, მაგრამ შუბლზე პატარა ჭრილობა ჰქონდა დარჩენილი. მითხრა, - დედიკო, არ ვიცი, რა მომივიდა, - ლიმონათს ვსვამდი და უცებ წავიქეციო. იმ დღესვე თბილისში წავიყვანე. იქ კომპიუტერული ტომოგრამა გადაუღეს და შინ დამშვიდებული გამიშვეს - სრულებით არაფერია საშიშიო.

- ალბათ იმიტომ, რომ დაავადება საწყის ეტაპზე იყო.

- დიახ, მაგრამ მალე ბავშვმა გონი ისევ დაკარგა. ამიტომ ტომოგრამაც ისევ გადაუღეს და ისევ მითხრეს, საშიში არაფერიაო. არავის ვამტყუნებ, - ჩემი შვილის დიაგნოზის დადგენა ძალიან ძნელია... თუმცა, იმ დღეს სურამს რომ ვუახლოვდებოდი, ბავშვს ისეთი ეპილეფსიური შეტევა დაეწყო, მანქანა უკან მოვაბრუნეთ და იაშვილის საავადმყოფოში დავბრუნდით. იქედან უკვე ინგოროყვას საავადმყოფოს მივადექით, სადაც ერთი თვის განმავლობაში ჩემს შვილს რაღაც პროცედურებს უტარებდნენ. სულ ბოლოს ჟვანიას საავადმყოფოში ექიმმა ყველაფერი რომ გამომკითხა, გაფითრდა და მითხრა: ამ დაავადებას პანენცეფალიტი ქვია და ფატალურად მთავრდებაო. ძალიან ცუდად გავხდი, თითქოს ეს ყველაფერი შორიდან გავიგონე და ვიღაც სხვაზე ლაპარაკობდნენ. გარეთ რომ გამოვედი, მეუღლესაც ასე ვუთხარი, - ვერ გავიგე, ის ექიმი რაზე ლაპარაკობდა-მეთქი.

მერე და მერე ბავშვი გონს უკვე დღეში რამდენჯერმე კარგავდა... ხანდახან თვალებს გაახელდა და გაკვირვებული მეტყოდა, - დედიკო, შენი ხმა მესმის, რა გაყვირებსო! ერთ დღეს კი სამუდამოდ გაითიშა. ამით დასრულდა ყველაფერი. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება ორად გაიყო... დათოს ავადმყოფობამდე და ამის შემდეგ: დათოს შემდეგ თითქოს აღარაფერი არსებობს, გარდა იმისა, რომ შვილი ვაცოცხლო. საავადმყოფოდან საავადმყოფოში დამყავს, მაგრამ მისთვის არაფერი მომიკლია -  წამლები, რომლებიც საშინლად ძვირი ღირს... ჩემს გათიშულ შვილს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს - ხან რა ემართება, ხან რა.... ახლა სეფსისი დაემართა. სავადმყოფოში კი წევს. სისხლიც სჭირდება, საკამოდ იშვიათი რეზუს უარყოფითი მე-2 ჯგუფის სისხლი აქვს. თუ ვინმეს შეუძლია დახმარება, ღმერთი შეიწირავს მათ სიკეთეს. ძვირადღირებული პრეპარატები გვჭირდება, არადა,  ამოიწურა მთელი ჩვენი სახსარი... ვევედრები ადამიანებს რომ დამეხმარონ... ამ ქვეყნად იმის მეტი არაფერი მინდა, ჩემს ლამაზ შვილს სიცოცხლე გავუხანგრძლივო, ჩავეხუტო და მისი სუნთქვა მესმოდეს... ეს სუნთქვა თუ შეწყდა, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდება...

კომაში მყოფი დათუნა კიპაროიძის დასახმარებლად ანგარიშს აქვე ვაქვეყნებთ:

საქართველოს ბანკი: GE23BG0000000161584839

მიმღები: ნანა კიპაროიძე. საკონტაქო ნომერი: 598383065

(სპეციალურად საიტისთვის)