"მეუღლე უფრო რომანტიკოსი მყავს. როცა სამსახურიდან გვიან ვბრუნდები, ვახშამს მახვედრებს. მე საჩუქრების გაკეთება უფრო მიყვარს..." - კვირის პალიტრა

"მეუღლე უფრო რომანტიკოსი მყავს. როცა სამსახურიდან გვიან ვბრუნდები, ვახშამს მახვედრებს. მე საჩუქრების გაკეთება უფრო მიყვარს..."

"ის ხშირად ცდის საკუთარ ბედს. თვისება, რომელიც არ გააჩნია, ეს ტაქტია, თუმცა, თავად დარწმუნებულია, რომ დიპლომატია. მუდამ აქვს სურვილი, გაილაშქროს არსებული წესების წინააღმდეგ. მისი უარყოფითი თვისებაა ფეთქებადი ხასიათი, ექსცენტრიკულობა, გესლიანი სარკაზმი... მაშინ, როცა მის დახმარებას საჭიროებთ, გვერდით გულგრილად არასდროს ჩაგივლით", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ ზუზუ კუციას ზოდიაქოს ნიშანია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მრავალფეროვნება მიყვარს. ერთ ადგილას დიდხანს ყოფნამ შეიძლება დეპრესია დამმართოს. სამსახურში დიდხანს ყოფნაც არ შემიძლია. საცხოვრებელ ადგილს არ ვიცვლი, მაგრამ როცა სახლიდან გავდივარ, ვცდილობ, სხვადასხვა გზით წავიდე. ადამიანებს ხომ აქვთ ამოჩემებული ადგილები, სადაც ხშირად მიდიან. აუზს თუ არ ჩავთვლით, მე ასეთი ადგილი არ მაქვს..."

"ქუჩაში უამრავი ადამიანი მცნობს. მზიკო ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟია. ერთხელ დიღომში ვიყავი, მანქანის ნაწილს ვცვლიდი. იქ ბიჭები იდგნენ და ლაპარაკობდნენ, მზიკოს აქ რა უნდა, ეს ხომ ვაკეში ცხოვრობსო. ერთხელ ვიღაცამ მკითხა, თავისუფალი რომ ხარ, ჩიკამ გამოგიშვაო? ადამიანებისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ, რაც მახარებს..."

"ადრე აფთიაქში ვმუშაობდი. ჩემს მენეჯერს ვუთხარი, რომ მისი საქციელი არ მომწონდა, რომ კარგი მენეჯერი არ იყო და მერე წამოვედი. იმის გამო, რომ უფროსია, ზემოდან არავის უნდა უყუროს. არავინ იცის, ხვალ ვინ რა პოზიციაზე იქნება. ჩემთვის აუცილებელია, სადაც უნდა ვიყო, ურთიერთობა ჯანსაღი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვდგები და მივდივარ..."

"რეალისტი, პრაგმატულად მოაზროვნე გახლავართ. მეუღლე უფრო რომანტიკოსი მყავს. საღამოს, როცა სამსახურიდან გვიან ვბრუნდები, ვახშამს მახვედრებს. სუფრაზე ყოველთვის არის წითელი ღვინო და სანთელი. მე საჩუქრების გაკეთება უფრო მიყვარს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 5 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე