"მინდა, შვილები სამშობლოს დავუბრუნო" - კვირის პალიტრა

"მინდა, შვილები სამშობლოს დავუბრუნო"

ყველამ იცის, ემიგრაცია როგორი სათუთი თემაა, თუმცა ვინც მოკლე ხნით მაინც არ წასულა ქვეყნის გარეთ და უცხოეთში არ უცხოვრია, ის ბოლომდე ვერ გააცნობიერებს ნოსტალგიის სირთულეს... არ მინდა, ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ პირადად მე, რუსეთში რაღაც პერიოდის განმავლობაში მართლაც ფესვებგადაჭრილი ხე ვიყავი...

ჩემს უმცროს კოლეგაზე მინდა გიამბოთ, დიანა ჭანკოტაძეზე... ის საფრანგეთში წლებია ცხოვრობს, ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, დათო სებისკვერაძე და სამი უმშვენიერესი შვილი. მახსოვს დიანას მოსვლა რედაქციაში და მისი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში. სტაჟიან ჟურნალისტს მიამაგრეს, ყველა დავალებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა... მერე იყო სიყვარული, ლამაზი და მშვენიერი. მისი რჩეული უკვე საფრანგეთში ცხოვრობდა და როგორც წარმატებული და ნიჭიერი ფიზიკოსი უცხო ქვეყანაში განაგრძობდა მოღვაწეობას. დიანა მასთან წავიდა... საფუძვლიანად შეისწავლა ფრანგული ენა და იქ ჩაება ჟურნალისტურ საქმიანობაში. მალე გაჩნდა პირველი შვილი, მათე-ბიჭი, პირველს თვალხატულა გოგოები მოყვნენ: ცაბუნია და ანაბელი. შვილების ზრდასთან ერთად მატულობდა შიში, ვაითუ, ყველაფერი ქართული ჩემი შვილებისთვის უცხო გახდეს, ლაპარაკიც ვერ შეძლონ, ჩვენი ადათ-წესები სრულიად შეუსაბამო გახდეს მათთვისო, თუმცა... დიანა ჭანკოტაძე

მათემ ქართულად წერა-კითხვის სწავლა მოისურვა, საქართველოს ისტორიით დაინტერესდა... მალე, უმცროსმა დებმაც მიბაძეს ძმას... და მაინც, ქვეცნობიერი შიში, - ხომ არ ვუკარგავთ შვილებს სამშობლოს? ხომ არ ვივიწყებთ მშობლიურს, - საფიქრალად ექცა... ამ ფიქრებმა დიდხანს იხარშა მასში, ბოლოს გადაწყვიტა ერთ ფილმში თავი მოეყარა ყველა პრობლემისთვის, რაც შეიძლება აწუხებდეს ემიგრაციაში მყოფსა და საქართველოს გულშემატკივარს.

ფილმს "დაკარგული" ჰქვია. ალბათ, მიხვდით, რატომაც! ის, ვინც უცხოეთში მიდის ბედის საძიებლად, ბევრ პრობლემას ეჭიდება და ბარიერებს ლახავს. როცა უკვე აღწევს მიზანს, იღებს განათლებას, მუშაობს კარგ ადგილზე და შესაბამისი ანაზღაურებაც აქვს, აღარ ფიქრობს სამშობლოში დაბრუნებაზე. ასეთები მრავლად არიან, ხოლო ბოლო 7-8 წელიწადში მათი რიცხვი ორჯერ გაიზარდა. ფილმში სამი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების ეპიზოდებით გვისურათებს აწმყოსა და იმ მომავალს, რაც მათ ელით... ერთი გოგონა აფხაზეთიდანაა ლტოლვილი, თავის ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულმა ვერსად რომ ვერ მოიკიდა ფეხი, საფრანგეთს მიაშურა, იქ მცხოვრებ ქართველზე აპირებს გათხოვებას. მან იცის, რომ მისი შვილები სამშობლოსთვის დაკარგულები იქნებიან.

ფილმის ,დაკარგული' პოსტერი, რომელისთვისაც დიანა ჭანკოტაძის ქალიშვილი - ანაბელი გადაიღეს მეორე მთხრობელიც ახალგაზრდა ქალია გორიდან... იგი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში წავიდა საფრანგეთში და ისე შეერწყა იქაურ ცხოვრებას, ფრანგისგან ვერ განასხვავებთ. ქართულადაც უჭირს ლაპარაკი. სამედიცინო განათლება აქვს და დარწმუნებულია, საქართველოში ჩამოსული ვერანაირ კარიერას ვერ გაიკეთებს, ანუ თავისი ცოდნის და შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას ვერ მიიღებს.

ფილმის მესამე მთხრობელი ახალგაზრდა მამაკაცია და ყველაზე მეტად მასში იგრძნობა სამშობლოდან შორს ყოფნის სევდა, ის იქაურ ქართველ ბავშვებს და რაღა თქმა უნდა, ფრანგებსაც ძიუდოში ავარჯიშებს, აქვს დიდი დარბაზი, რომელიც სპორტკომიტეტმა დაუთმო და ასე გაუჩნდა შემოსავლიანი საქმე. ის გამუდმებით ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ ისიც იცის, რომ ჩვენში მას იმ ანაზღაურების მესამედსაც არ გადაუხდიან... საქართველოში საქმეში ხელის ვერშეწყობის, ელემენტარული პირობების ვერშექმნის, ცოდნის გამოუყენებლობის გამო ნელ-ნელა იკარგება თაობა. ახალგაზრდებს სურთ კარგი განათლება და სამსახური, წარმატებული კარიერა და დამსახურებული ანაზღაურებაც... ეს ის აუცილებელი პირობებია, რომლის ფონზეც ნებისმიერი ღირსეულ ადამიანად გრძნობს თავს.

- დიანა, შენი ფილმის ყურება ცრემლის გარეშე შეუძლებელია. აქ ჩანს, როგორ ვკარგავთ ახალგაზრდა თაობას, იმათ, ვინც უნდა შექმნას საქართველოს მომავალი... როგორ ფიქრობ, არის ამის საშველი? - ხსნა და საშველი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს, მთავარია, ხელისუფლებაში ბევრს გაუჩნდეს ამის სურვილი. როცა მესამე ბავშვს ვაჩენდი, ამეკვიატა ფიქრი: ვის ვუჩენ შვილებს, საქართველოს თუ საფრანგეთს, ვინ იქნებიან ჩემი შვილები, - ფრანგები თუ ქართველები? ორი სამშობლო გამორიცხულია, ის ერთადერთია....ძალიან ცდება ის, ვინც ამბობს, რომ ორი სამშობლო აქვს. გადავწყვიტე გადამეღო ფილმი და გამეგო, რას იფიქრებდნენ ჩემი ზრდასრული შვილები საქართველოზე, ამიტომაც ჩავწერე სამი ახალგაზრდა. ვაი, რომ მოსმენილით საშინლად დავითრგუნე... და მივხვდი, რომ დროულად უნდა დავუბრუნო შვილები სამშობლოს. მერე უკვე გვიანი იქნება.

- შენც და შენი მეუღლეც მანდ უკვე შემდგარი ადამიანები, სპეციალისტები ხართ, როგორ ფიქრობ, საქართველოში დაბრუნებულებულები შეძლებთ თქვენი ცოდნის და განათლების შესაბამისი სამსახურის მოძებნას?

- ალალბედზე დაბრუნება არ გამოვა. მანდ ერთი ადამიანიც არაა, ჩემს შვილებს ლუკმა-პურს რომ მიაწოდებს, ამიტომაც გადავწყვიტე საქმით დავბრუნდე. წელიწადნახევრის წინ, ბელგიაში ევროპარლამენტში მომუშავე ქართველ ახალგაზრდა ქალთან, თამარ გუგულაშვილთან ერთად დავიწყე თბილისის ევროკავშირის დელეგაციასთან პარტნიორობა. გვინდოდა, დაგვეარსებინა ქართულ-ევროპული სატელევიზიო არხი, სადაც ახალი თაობის კურსდამთავრებული ჟურნალისტები ევროპელ კოლეგებთან ერთად იმუშავებდნენ. ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ბატონმა ბეკასიაკმა მითხრა, რომ პროექტს მხარს დაუჭერდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ხელისუფლებაც მოიწონებდა და მხარს აგვიბამდა, ანუ აუცილებელი პირობა გახლდათ ევროპის დელეგაციის და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი პროექტის გაკეთება, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავფინანსდებოდით ევროპული დელეგაციისგან.

მათე და ანაბელი

დავიწყე ჩვენს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები, ერთი წელი ვდიე, რამდენჯერმე ჩამოვედი, შევხვდი კონკრეტულ პირებს, მაგრამ რა? არანაირი ინტერესი, არანაირი თანადგომა... თავს შევიკავებ იმის შესაფასებლად, როგორ იქცეოდნენ ისინი. მპირდებოდნენ, მატყუებდნენ,  მალოდინებდნენ, რათა თავად მეთქვა უარი და ხელი ჩამექნია. კარგა ხნის მერე, როცა პასუხიც კი არ მაღირსა ქართულმა მხარემ, ბეკასიაკმაც თავი შეიკავა. ასეთივე გზა გაიარა ჩემმა მეუღლემაც... თუმცა, ჩვენ ფარ-ხმალს არ ვყრით. ახლა კერძო სექტორთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას ერთ კარგ საქმეზე, ეს განათლებას უკავშირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ბიზნესს ვერ გავაკეთებთ, ამის არც თანხები გვაქვს და არც გამოცდილება. ჩვენ ვართ ჩვენი საქმის პროფესიონალები და ეს პროფესიონალიზმი აუცილებლად უნდა მოვახმაროთ საქართველოს. აკი, ამბობდა კიდეც ბატონი რეზო თაბუკაშვილი, რომ ყველაზე დიდი პატრიოტობა პროფესიონალიზმიაო. ყველა ემიგრანტმა რომ მაღაზია გახსნას, განათლება გვერდზე დარჩება, არადა, დარწმუნებულებული ვართ, რომ ქვეყნის წარმატების საწინდარი განათლებაშია.

- ცოტა რამ გვიამბე თქვენი მაქაური ცხოვრების შესახებ...

- ჩემი მეუღლე ფიზიკოსია, ქალაქ რეიმსში სიმსივნის კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდა მრავალი წლის განმავლობაში. ახლა უკვე, მეორე წელია მუშაობს სტრასბურგში, კერძო კომპანიაში. მე ევროპული მედიისა და კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ, 5 წელი ვიმუშავე ფრანგულ რადიოში, შემდეგ სადოქტორო პროგრამიდან გამომდინარე 200 კანდიდატს შორის გავიმარჯვე და დავიკავე ერთადერთი პოსტი, რომელიც რეიმსის უნივერსიტეტის დოქტორანტებს გამოუყვეს. ამავე უნივერსიტეტში 5 წელი პროფესორად ვმუშაობდი და ვკითხულობდი მედიის ეკონომიკას და კომუნიკაციების ტექნიკას. ბავშვების გაჩენის მერე იქ ვეღარ განვაგრძე მუშაობა, მოგვიანებით გამიტაცა რეჟისურამ და დეკრეტული შვებულების პერიოდში გადავიღე კიდეც "დაკარგული". მინდოდა, რაც შეიძლებოდა ბევრს ენახა ფილმი, დაფიქრებულიყო იმ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რასაც ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინება ჰქვია, მაგრამ ბევრმა ტელევიზიამ შეიკავა თავი ჩვენებაზე. მხოლოდ "ტვპირველის" ხელმძღვანელობა დამპირდა ფილმის გაშვებას და როცა რუსთაველზე აქციები მიმდინარეობდა, სწორედ, იმ დღეებში გაუშვა ეთერში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. რაც შეეხება გეგმებს, როგორც უკვე აღვნიშნე, კერძო სტრუქტურიდან მაქვს საინტერესო შემოთავაზება და ნოემბერში თბილისში ვაპირებ ჩამოსვლას ჩემს საპროდუქციო გუნდთან ერთად.

მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისათვის)