"ბარემ გვესროლეთ და გაგვათავეთ!" - კვირის პალიტრა

"ბარემ გვესროლეთ და გაგვათავეთ!"

"მითხარით, ვარ კი ადამიანი?"

"მინდა, მივმართო პრეზიდენტს, ჩემი 9-ლარიანი პენსია მან, ჯანდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გაინაწილონ"

ეს სტატია, ალბათ, ბევრს დააფიქრებს, ბევრს კი გულს დასწყვეტს, ზოგს შეიძლება ბრაზიც მოერიოს. ეს არის სასოწარკვეთილი და შეურაცხყოფილი კაცის პროტესტი, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე 25 წელი ემსახურა ქვეყანას, "ჯილდოდ" კი, როგორც თავად ამბობს, დამამცირებელი სიბერე მიიღო.

ბეჟან ბადუაშვილი: "25 წელი მეხანძრედ ვიმუშავე. მოგეხსენებათ, ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი და სიცოცხლისთვის საშიშია. მეხანძრე გამოძახებაზე რომ გადის, ცოცხალი დაბრუნდება თუ არა, არავინ იცის. რამდენჯერ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში! 90-იან წლებში თბილისის ომმა ჩვენს ზურგზე გადაიარა. ყოველ მეორე დღეს წელამდე წყალში, ცეცხლსა და მომწამვლელ კვამლში მიწევდა მუშაობა. რუსი სამხედროები რომ გადიოდნენ ობიექტებიდან, იქაურობას ცეცხლს უკიდებდნენ. ალმოკიდებულ შენობებში კი ამიაკის ამპულები სკდებოდა. ეს იყო უმძიმესი სამუშაო, რამაც დამაინვალიდა.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ მომცეს. კომისიამ ქალა-ტვინის დახურული ტრავმის მყარი ნარჩენი მოვლენები, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, ქრონიკული ვერტერბო-ბაზილარული უკმარისობა, ორივე კოჭ-წვივის სახსრის ართროზი, ანგიოპათია, ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა და კიდევ ვინ მოთვლის, რა არ დამიდგინა.

ერთი სიტყვით, მეორე ჯგუფის ინვალიდობა მომანიჭეს და პენსიაზე გამიშვეს. მაშინ როგორ წარმოვიდგენდი, რომ სახელმწიფო სამაგიეროს თავდადებისთვის ასე გადამიხდიდა, - პენსია მხოლოდ 9 ლარი და 7 თეთრი მაქვს"(?!).

ბეჟან ბადუაშვილის ნაამბობი, სიმართლე გითხრათ, არარეალურად მოგვეჩვენა და ამ საკითხის შესწავლა გადავწყვიტეთ. წერილს, რომელსაც  ხელს  საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ი.ბრეგვაძე აწერს, დამამცირებლის მეტს ვერაფერს უწოდებ.

გთავაზობთ წერილს (სტილი დაცულია): "განხილულ იქნა თქვენი განცხადება კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ თქვენ კომპენსაცია დანიშნული გქონდათ 2002 წლის 15 ივლისიდან მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის დადგენის გამო 2007 წლის 31 აგვისტომდე. რადგანაც თქვენ მორიგი სამედიცინო შემოწმებისას დაგიდგინდათ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, შესაბამისად, კომპენსაციის გაცემაც შეგიწყდათ, ვინაიდან საქართველოს კანონი

"სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ" აღარ ითვალისწინებს ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის გაცემას. ამავე დროს, ვინაიდან სამხედრო სამსახურში ნამსახური გაქვთ 25 წელი, უფლება გაქვთ ხელახლა დაინიშნოთ კომპენსაცია მხოლოდ "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო  თქვენი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 9 ლარსა და 7 თეთრს".

ბეჟან ბადუაშვილი: - სახანძრო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურა იყო. სახელმწიფოს სათავეში რომ "ვარდების ხელისუფლება" მოვიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს  სულ კორუმპირებულები უძახეს.

მეხანძრე რა კორუფციაში უნდა ვყოფილიყავი გარეული? ვისთვის უნდა მომეთხოვა ფული, სახლ-კარდამწვარი ხალხისთვის? ჩემი პენსია 9 ლარსა და 7 თეთრს შეადგენს, ჩემნაირად დაინვალიდებულ ხალხს ზოგს 5 ლარი აქვს, ზოგს - 7, ერთ ქალს კი 2 ლარ-ნახევარი არგუნეს. მეოთხე წელია დავდივარ სტრუქტურიდან სტრუქტურაში და ვერაფერს მივაღწიე, ბარემ გვესროლეთ და გაგვათავეთ!

- ინვალიდობის პენსიაც არა გაქვთ დანიშნული?

- 2002 წელს ინვალიდობის მეორე ჯგუფი დამიდგინდა. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, ცვლილებები შეიტანეს კანონში. ჯერ იყო და, 2006 წელს მესამე ჯგუფის ინვალიდებს მოუხსნეს პენსიები, მერე კი მეორე ჯგუფის ინვალიდობის დაავადებები მესამე ჯგუფში გადაიტანეს, მეორე ჯგუფის ინვალიდებისთვისაც რომ არ მიეცათ პენსია. ბუნებრივია, ეს დანაშაულებრივი ბრძანება იყო. გაგიგიათ, ადამიანი ბრძანებით გამოჯანმრთელდეს? ამ კანონის მიღების შემდეგ მითხრეს დეპარტამენტში, საბუთები წაიღე, არაფერი გეკუთვნისო. მალე ჯანდაცვის სამინისტროდანაც მომივიდა პასუხი: 25-წლიანი სტაჟის მქონე ინვალიდ მეხანძრეს 9 ლარი და 7 თეთრი დამინიშნეს პენსია.

ვის არ მივმართე: პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა თოიძემ არც მიმიღო, ათობით განცხადება მაქვს ჯანდაცვის მინისტრისთვის გაგზავნილი, მაგრამ რად გინდა? ბატონ დავით ბაქრაძესთანაც ვითხოვდი შეხვედრას, მაგრამ ამაოდ. შეაგროვეს ჩემი განცხადებები და რეგულირების სააგენტოს გადაუგზავნეს. რეგულირების სააგენტოდან კი მპასუხობენ, ამ საკითხის გარკვევა ჩვენს კომპეტენციას აღემატებაო. ახლა ისღა მაინტერესებს, ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე? უფრო სწორად, ვარ ადამიანი? ახლა ოფიციალური წერილით უნდა მივმართე პრეზიდენტს: ეს 9-ლარიანი პენსია პრეზიდენტმა, ჯანდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გაინაწილონ...

გიორგი ახვლედიანი, პარლამენტარი: - დღეს იგივე პრობლემა აქვთ მათ, ვინც ასაკობრივ პენსიაზე ვერ გადიან. ხელისუფლებამ ძალიან მარტივად მოიშორა ისინი თავიდან. ჯერ იყო და, გადაანგარიშების მუხლი ამოიღო კანონიდან (ამ კანონის თანახმად, პენსიის გადაანგარიშება ამ კონკრეტულ სტრუქტურაში ხელფასების  მატების შესაბამისად ხდებოდა, ხელისუფლებამ კი მხოლოდ ძველი ხელფასებით დაუანგარიშა), მერე კი ინვალიდობის ჯგუფების კატეგორიაც შეცვალა.

მათ განუცხადეს,  თქვენ კორუმპირებულები და ჩასარეცხები ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალოვან სტრუქტურებში 30 წელი იმსახურეთო. გამოდის ტელევიზიით ხან ფინანსთა მინისტრი, ხან კი პრემიერი და ერთი ხელის მოსმით ყველას კორუმპირებულს და სუკ-ის აგენტებს ეძახის. ხალხი, რომელიც შინაგან საქმეთა თუ უშიშროების სტრუქტურებში მუშაობდა, დაუსაბუთებლად კორუმპირებულებად შერაცხეს. მათ შორის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების თანამშრომლები კი არა, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის თანამშრომლები და ის ვეტერანებიც არიან მოყოლილნი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. თუ

ვინმე არის ასეთი, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და გამოიძიოს მათი საქმეები,  დასდონ ბრალი, დაუმტკიცონ კორუფციაში მონაწილეობა და მისცენ პასუხისგებაში. ამას გაიგებს ყველა, მაგრამ სრულიად გაუგებარია, როცა მოქალაქეებს ასე უაპელაციოდ კორუმპირებულებს უწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მაინცდამაინც ამ ძალოვანი უწყების ხალხს რომ მისდგნენ და უღირსებსა და კორუმპირებულებს ეძახიან და გაუუქმეს გადაანგარიშებები, რა, პარლამენტში ცოტა უღირსი პარლამენტარი იჯდა? მაგრამ პარლამენტარები საკუთარ ტოტს ხომ არ მოჭრიდნენ?

P.S. კანონის თანახმად, "შესაძლებლობის შეზღუდვა არის დაავადებით, ტრავმით, ანატომიური ან გონებრივი დეფექტით გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას", რის გამოც საჭირო ხდება პირის სოციალურად დაცვა.

მართალია, კანონი არსებობს, მაგრამ როგორც დაინვალიდებული ადამიანები ამბობენ, ეტყობა, კანონი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის დაწერილი (მით უმეტეს, თუ კორუმპირებულის იარლიყიც გაქვს მიკერებული)!