"ყველას დავანახებ, რომ ცუდი ადამიანი არ ვარ" - კვირის პალიტრა

"ყველას დავანახებ, რომ ცუდი ადამიანი არ ვარ"

ცოტა ხნის წინ, ბათუმში ყოფნისას, იქაურმა კოლეგებმა 17 წლის ილია ნარეკლიშვილი გამაცნეს. ბიჭმა ეროვნული გამოცდები ჩააბარა, მაგრამ გრანტი ვერ მიიღო. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო აკადემიაში ჩარიცხულად ითვლება, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სასწავლო პროცესსა და სემესტრულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არა აქვს, არადა, ილია ვეღარ მოიცდის, რომ უკეთ მოემზადოს და გრანტიც მოიპოვოს - მას სწავლა ეჩქარება,  მალე უნდა დადგეს ფეხზე, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი გადაარჩინოს.

სახლში ინვალიდი დედა, ორი მცირეწლოვანი და და დღიური გასამრჯელოს მაძიებელი მამა ჰყავს. სწორედ ასეთი მდგომარეობის გამო ილიამ ერთხელ საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

ბიჭს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, "დემოკრატიის ინსტიტუტის" ოფისში შევხვდი. ასე თვითონ მთხოვა, ჩემს ოჯახში ვინერვიულებ და ვერაფერს მოგიყვებითო.

"14 წლის ვიყავი, როდესაც ციხეში მოვხვდი. დანაშაულს გამართლება არ აქვს, მაგრამ ამისკენ გარემომ და მძიმე ცხოვრებამ მიბიძგა. ის დღე კარგად მახსოვს.

დედა ძალიან ცუდად იყო, განსაკუთრებული კვება სჭირდებოდა, ჩვენ კი პურის ნამცეციც აღარ გვქონდა. გადავწყვიტე, მაღაზია გამეტეხა და პროდუქტი მომეპარა. მხოლოდ ყველის წამოღება მოვასწარი, თუმცა, ისიც ვერ მივიტანე დედამდე. დამიჭირეს.

ამის მერე უცნაური რამ მოხდა: მოულოდნელად ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავდებად დამიდგნენ. დედას დავპირდი, რომ აღარასოდეს დავადგებოდი ცუდ გზას, მაგრამ ორი თვეც არ იყო გასული ჩემი გათავისუფლებიდან, ისევ დამიჭირეს. მეზობელ ბიჭებთან ერთად ტაქსიში ჩავჯექი. თურმე მძღოლს მოპარული ჟანგბადის ბალონი გადაჰქონდა. პოლიციამ  ჩვენ დაგვადანაშაულა, ჩვენ კი უდანაშაულობას ვერ ვამტკიცებდით. ერთი წელი საპყრობილეში ყოფნა, სამი წელი კი - პირობითი სასჯელი მომისაჯეს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ აქაც არ მიმატოვა. ამათი დახმარებით უფასოდ ვმეცადინეობდი, ექსტერნად ჩავაბარე გამოცდები სკოლაში და ეროვნული გამოცდებისთვისაც მოვემზადე. სამწუხაროდ, გრანტი ვერ მოვიპოვე. არადა, სწავლა მინდა, მინდა როგორმე ცხოვრება ავაწყო, რომ ჩემი ოჯახი გადავარჩინო. ბევრჯერ მიოცნებია, ნეტავ იმ დროში მაინც მეცხოვრა, დავით სარაჯიშვილი და მისნაირი ხალხი რომ ცხოვრობდა. ოღონდ ახალგაზრდებს ესწავლათ და მათთვის განათლების მისაღებად ფულს არ იშურებდნენ. მე განა ბევრი მინდა?

სულ  რაღაც 2.250 ლარი. ეს ჩემთვის არის ბევრი, თორემ ამდენ ფულს ბათუმში ვიღაც-ვიღაცები ფეშენებელურ რესტორნებში ხარჯავენ. ღმერთმა შეარგოს ყველას თავისი ნაშრომი, მაგრამ მე რომ ხელი გამიმართონ, მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ხომ ღმერთს შევავედრებ ჩემი გადამრჩენელის სახელს და მის ოჯახს. ბოლოს და ბოლოს, გრძელვადიანი სესხი მომცეს ვინმე დალოცვილმა, ვისწავლი და როდესაც მუშაობას დავიწყებ, გადავუხდი.

ჩემი გონება მხოლოდ კარგი ფიქრებით არის დაკავებული - ვხედავ მომავალს, როგორ გადავარჩენ ოჯახს, მოვარჩენ დედას, დავავიწყებ ყველა ტკივილს, ვუპატრონებ ჩემს პატარა დებს, ვასწავლი და მერე მამა იამაყებს ჩემით. იცი, რა მიკვირს? თუ ბავშვის ციხეში გაშვება შეუძლია სახელმწიფოს იოლად, რატომ არ შეიძლება იგივე სახელმწიფო სწორ გზაზე მიმავალ ბავშვსაც დაუდგეს გვერდით? ან რატომ უშვებენ ბავშვებს ციხეში? ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ იქ მოზარდის გამოსწორება შეიძლება? ნუთუ არ ჯობს, სხვადასხვა ორგანიზაციას მიეცეს მოზარდების გადარჩენის უფლება?

ძალიან კარგად ვისწავლი და ყველას დავანახებ, რომ ცუდი ადამიანი არ ვარ."

გარდა იმისა, რომ იოლად სწავლობს ყველაფერს, შესანიშნავად ხატავს. "ვხატავ, როცა ძალიან ვნერვიულობ. ემოციებს ფერების ტალღებში ვახრჩობ. მერე ვმშვიდდები და გამოსავალსაც უკეთესად ვპოულობ. მინდა ჩემმა ტოლებმა იცოდნენ, რომ ქუჩაში დგომას სიკეთე არ მოაქვს. იქ გონება იყინება და ეშმაკიც ჩასაფრებულია, რომ ცუდისკენ გიბიძგოს, ტყუილად დგომას ჯობს, ვიღაც შენზე გაჭირვებული მოძებნო და მის დახმარებაზე იფიქრო, ასე შენთვისაც იპოვი გამოსავალს."

"დემოკრატიის ინსტიტუტმა" ილიას დახმარების თხოვნით უამრავ ორგანიზაციას მიმართა, თუმცა, ამაოდ. "საქართველოს განათლების სამინისტროსაც მივმართეთ დახმარების თხოვნით, თუმცა, იქიდან პასუხიც არ მოგვსვლია. არადა, ბიჭი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა და გვეგონა, სახელმწიფო ამ ფაქტორს მაინც გაითვალისწინებდა.

პასუხი არ ჩანს, არადა, 8 ნოემბერს საზღვაო აკადემიაში უკვე დაიწყო შუალედური გამოცდები და ილია მონაწილეობას ვერ იღებს. უკვე აღარ ვიცით, ვის მივმართოთ დასახმარებლად. არ გვინდა გზაზე დამდგარ ბიჭს გული გაუტყდეს. იქნებ "კვირის პალიტრაში" მისი ამბის გახმაურების შემდეგ გამოჩნდეს ვინმე მხსნელი, იქნებ, ისევ ხალხმა მიიტანოს მისი გასაჭირი გულთან."

"კვირის პალიტრა" თბილისში სოციალური დახმარების სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც ნარეკლიშვილების ოჯახის სტატუსი  დაგვიდასტურეს, თუმცა, ისიც გვითხრეს, რომ ამის გამო ილიას სწავლის საფასურს სახელმწიფო ვერ გადაიხდის. კითხვაზე, რა უნდა ქნას ილიამ? არც სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს პასუხი და არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

"ხალხის კეთილდღეობა უმაღლესი კანონია"

ციცერონი