"განათლებული ადამიანი არც ნაგავს დაყრის, არც კატას ჩამოახრჩობს და ბევრად უკეთეს ქვეყანას შექმნის" - კვირის პალიტრა

"განათლებული ადამიანი არც ნაგავს დაყრის, არც კატას ჩამოახრჩობს და ბევრად უკეთეს ქვეყანას შექმნის"

სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

ეკოლოგიის პრობლემა მსახიობ სოფია სებისკვერაძისთვის ის მნიშვნელოვანი საკითხია, რაც განსაკუთრებულად აღელვებს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტია, როგორ დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ, რაც უამრავ დაავადებას იწვევს, ადამიანების ნაწილს მაინც უჭირს გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი ქმედებების გააზრება - მსახიობი სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრა...

- მიმაჩნია, რომ საქართველოში ეკოლოგიის სერიოზული პრობლემა დგას. ჰაერის სისუფთავესთან დაკავშირებული საკითხით დავიწყოთ: საშინელი გამონაბოლქვია, უამრავი ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელსაც ვითომ ამოწმებენ, ვითომ ტექნიკური დათვალიერება უტარდება, მაგრამ ფაქტია, ბევრ სამარშრუტო ტაქსის ან ავტობუსს ძალიან მავნე გამონაბოლქვი აქვს, რაც ადამიანისთვის საზიანოა. გული დამწყდა, რომ ერთ-ერთი ქართული კომპანიის (რომელიც საკვებ პროდუქტს აწარმოებს) პროდუქციაში მომწამლავი ნივთიერება აღმოჩნდა, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია. ყველა ეს ტოქსიკური ნივთიერება ჩვენს სხეულში გროვდება. საწყენია, რომ ბევრი დაავადება (მათ შორის - ონკოლოგიურიც) საკმაოდ "გაახალგაზრდავდა", ჩვილებშიც კი გამოვლინდება... გარემოს დაცვას ყურადღება მეტად უნდა მივაქციოთ. ტყეებთან, ტყე-პარკებთან "ჩადგმულ" კორპუსებთან დაკავშირებული პრობლემები მეც მაწუხებს, როგორც ყველას. საჭიროა, ადამიანმა საკუთარი სახლის და ეზოს გარდა, გარემოს მიხედოს - მხოლოდ თავისი სახლით არ შემოიფარგლოს. პირადად მე, ქალაქში ნაგვის ურნების დახარისხებასაც ვისურვებდი, სუფთა ჰაერთან ერთად, რა თქმა უნდა. ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგია ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში. ძლიერი სურვილი მაქვს, ადამიანებმა ამ მხრივ მაინც ერთმანეთს ანგარიში გავუწიოთ. გასაგებია, რომ ტაქსის მძღოლიც ოჯახისთვის ფულს შოულობს, მაგრამ მისი გაუმართავი ავტომობილი ხომ ყველას გვშხამავს და გვწამლავს? ამიტომ, სასურველი იქნება, თითოეულმა ადამიანმა შეიგნოს, გაითავისოს, რომ გარემოს დაცვა, მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დილით პირის დაბანა და კბილების გასუფთავება, რადგან ჩვენი ქმედების შედეგი ჩვენვე გვიბრუნდება.

- თავად როგორ ზრუნავ გარემოზე? - ისე ვზრუნავ, როგორც შემიძლია: თუკი ახლოს მდებარე ნაგვის ურნა ვერ ვნახე, ნაგავს ჩანთაში ვაგროვებ და სახლში ვცლი ხოლმე. ვცდილობ, პოლიეთილენის პარკები არ გამოვიყენო. მომწონს და მივესალმები იმ მაღაზიებს, აფთიაქებსა თუ კაფეებს, სადაც უკვე გახრწნად პარკებს იყენებენ... სხვათა შორის, შემეძლო, ავტომობილი მეყიდა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ. რა თქმა უნდა, ტაქსითაც ვმგზავრობ, მაგრამ ჩემი ავტომობილით ქალაქში მოძრაობას კიდევ უფრო არ ვზღუდავ. თან, გამოგიტყდებით, საჭესთან ჯდომის დიდი მოყვარული არ ვარ. საშუალება რომ იყოს, ქალაქის ქუჩებში ველოსიპედით სიამოვნებით ვივლიდი, მაგრამ თბილისის განაშენიანება ისეთი არ არის, რომ ველოსიპედით იმოძრაო... სხვათა შორის, ძალიან მინდა, ხე დავრგო და ამ სურვილს აუცილებლად ავისრულებ.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დისკომფორტს არ გიქმნის? - როდესაც საკუთარ ავტომობილს მართავ, მაინც საცობში ხვდები, რაც არაკომფორტულია. საერთოდ, დღეს თბილისში გადაადგილება არაკომფორტულია, როგორც არ უნდა იმგზავრო, რადგან მოძრაობა გადატვირთულია. ამიტომ, ვისაც ავტომობილი ჰყავს და შორ მანძილზე არ მიემგზავრება, სასურველია, მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს, რათა ქალაქში ცოტა სიხალვათე იყოს. გაგრძელება