"მსოფლიო გაუმაძღრობამდეა მისული. ადამიანების სიხარბეს ზღვარი აღარ აქვს... დედამიწა აპოკალიფსურ ჯანჯღარშია და არ არის გამორიცხული, აფეთქდეს" - კვირის პალიტრა

"მსოფლიო გაუმაძღრობამდეა მისული. ადამიანების სიხარბეს ზღვარი აღარ აქვს... დედამიწა აპოკალიფსურ ჯანჯღარშია და არ არის გამორიცხული, აფეთქდეს"

"ნინა ჟვანია ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. თუ "მითქმა-მოთქმას" ეს პასუხი დააკმაყოფილებს, პირდაპირ გეუბნებით..."

მის ცხოვრებაში იყო ბევრი ოცნება, ოცნებების სასაფლაოც, მისი თაობის ტკივილი და ძმათამკვლელი ომები... მსახიობი გიორგი ნაკაშიძე "კვირის პალიტრასთან" ტკივილიან წარსულსა და აწმყოზე გვესაუბრება.

- როდესაც თუმანიშვილის თეატრი დაარსდა, მაშინ ორი წლის ვიყავი. მამაჩემი თუმანიშვილის სტუდენტი გახლდათ და ამ თეატრის თანადამფუძნებელი იყო. მეც თეატრში გავიზარდე - ბავშვობიდან ჩემი მიზიდულობის წერტილი თუ გრავიტაციის ძალა იყო. დედა მუსიკოსია და შინ სულ კლასიკური მუსიკა ისმოდა. რომ გავიზარდე, ვერც წარმომედგინა, ვინ შეიძლებოდა გამოვსულიყავი, თუ არა მსახიობი, მაგრამ მამაჩემი ამ არჩევანის წინააღმდეგი იყო, რადგან ჩვენს ქვეყანაში, სადაც კინოსა თუ თეატრს ინდუსტრიის დიდი რესურსი არა აქვს, მსახიობს ძალიან გრძელი შემოქმედებითი პაუზები აქვს ხოლმე, რაც არტისტისთვის დიდი წნეხია. მამას უნდოდა ექიმობაზე მეფიქრა - ბებია მყავდა ცნობილი ნევროპათოლოგი ნინა ნაკაშიძე, მაგრამ ჩემთვის ეს პროფესია ავადმყოფთან, სისხლთან ასოცირდებოდა, რაც არ მომწონდა.

- უამრავ ფესტივალზე ყოფილხართ, მაგრამ "ოსკარი", ალბათ, მაინც გამორჩეულია. - 22 საერთაშორისო ფესტივალის პრიზი მივიღეთ და ამის შემდეგ წარდგა "მანდარინები" ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმთა ხუთეულში... ჩავფრინდით ლოს-ანჯელესში. როგორც დრესკოდი მოითხოვს, ჩავიცვით ფრაკები, გამოგვიარა ლიმუზინმა და წაგვიყვანა. გრძელი გზა იყო - სანამ მივედით, სამჯერ გავჩერდით სიგარეტის მოსაწევად. ცერემონიალზე რაიმე ექსცესი რომ გამოირიცხოს, ჯარისკაცები და პოლიციელები თითოეულ სტუმარს საგულდაგულოდ ამოწმებენ. მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზული კინოთეატრია, იქ შესულს მყუდროების შეგრძნება გიპყრობს და თავს კომფორტულად გრძნობ.

სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ბევრი ვარსკვლავი ვერ ვიცანი. მერილ სტრიპი რომ შემოვიდა, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და ტაში დაუკრა. მერე ქევინ სპეისი გამოჩნდა... ყოველ 15 წუთში იხსნება დარბაზის კარი და მაყურებელს შეუძლია ცოტა ხნით გავიდეს, თუმცა ცერემონიალი გრძელდება.

კარის გაღებას ვუცდი, გავიხედე და გვერდით ედვარდ ნორტონი მიდგას. მის მიმართ დიდი სიმპათია გამოვხატე და დიალოგი გავაბით. დაინტერესდა, ვინ ვიყავი, საიდან... ნორტონი ხუმრობდა, ისეთი გამოპრანჭულები ვართ, ალბათ, ღმერთთანაც ასე უნდა წარვდგეთ და ის გადაწყვეტს, რომელ მხარეს გაგვიშვასო. ამ ლაპარაკში აღმოვაჩინე, რომ ჩემ უკან ულამაზესი ქალბატონი დგას ყვითელფარფლებიანი, მოტკეცილი კაბით. ისეთი მომხიბლავი იყო, თვალი ვერ გავუსწორე და მოვტრიალდი... მოკლედ, დავსხედით ჩვენს ადგილებზე და ერთ-ერთი ნომინანტის დაჯილდოების დროს გამოაცხადეს, რომ ნიკოლ კიდმანი გადასცემდა პრიზს. გავიხედე და ის ყვითელკაბიანი არ ავიდა სცენაზე?!.. თურმე რამდენიმე წუთის წინ კიდმანი მედგა ზურგს უკან. ვერ ვიცანი, კამერა მაინც ცვლის ადამიანს.

თუმცა დე ნირო და ალ პაჩინო მაშინვე ვიცანი. ერთ-ერთ ნომინანტს შონ პენმა გადასცა პრიზი. მერე ლედი გაგამ და ბევრმა ვარსკვლავმა გამარჯვებული ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს. ამ ხალხის გარემოცვაში ვიყავი, ეს სანახაობაც საინტერესოა, თუმცა თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ტუალეტის რიგშიც კი რომელიმე ვარსკვლავთან ერთად შეიძლება მოგიწიოს დგომამ. მე ჯო პეშთან ერთად ვიდექი... იმის თქმა მინდა, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ოღონდ არაჩვეულებრივად დიდი ჰონორარებით.

ახლა დიტო ცინცაძის "შინდისია" წარდგენილი ოსკარზე და ძალიან ვგულშემატკივრობ.

- ოჯახზე მიამბეთ.

- არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი... მყავს ორი შვილი, ლევანი და ალექსა, სხვადასხვა მეუღლისგან. როგორც ყველა შემოქმედს, მეც რთული ხასიათი მაქვს და ისე მოხდა, რომ დღეს მეუღლეებთან ერთად არ ვცხოვრობ.

- ალექსი გიორგი 2-ია?..

- ყველა მეუბნება, ძალიან გგავსო. მე და დედამისი უფრო დედაჩემს ვამსგავსებთ. ხასიათით მე მგავს. უფროსი, ლევანი, უკვე 25 წლისაა, სარეკლამო სფეროშია და მიხარია, რომ თავის პურის ფულს გამოიმუშავებს.

- მკაცრი მამა ხართ? - არა, პირიქით, ვცდილობ, მათი მეგობარი ვიყო და ერთმანეთთან დასამალი არაფერი გვქონდეს. აკრძალვის მეთოდი არ მუშაობს, თანაც ბრელოკივით ხომ ვერ გამოებმები... აკრძალული ხილი უფრო გემრიელია და შეიძლება, პირიქით უბიძგო... ჩემი აზრით, თუ მეტს მოვუსმენთ ჩვენს შვილებს, უკეთესი იქნება.

- ყოფილ მეუღლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? - ვმეგობრობ, რჩევებსაც ვეკითხებით ერთმანეთს, ვგულშემატკივრობთ, ვსტუმრობთ. კონფლიქტი არ გვაქვს. განშორების მიზეზებს ჩემს თავში ვეძებ...

- ზოგი ამბობს, თუ დასანგრევია ოჯახი, მოთმენა მხოლოდ დროის გაწელვააო, ზოგი კი ირწმუნება, თუ მოითმენ, მოიგებო... - ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დღეს ოჯახებში ქალისა და მამაკაცის ფუნქციები არეულია... ჩემი აზრით, თუ დასანგრევია ოჯახი, ჯობს დაიშალოს და ადამიანი ამას შეეგუოს.

თავშეკავება და მოთმენა არასდროს ამართლებს, სადღაც აუცილებლად ამოხეთქავს ვულკანივით და შეიძლება უფრო დააზიანოს ორივე მხარე. მე 11 და 10 წელი ვიცხოვრე მეუღლეებთან. ალბათ, ჩემს ცხოვრებაში 10 წლის თავზე კრიტიკული პერიოდები დგება. რა მომდის, არ ვიცი. არ ვარ მარტივი ადამიანი...

- ბრძანეთ, ქალისა და მამაკაცის ფუნქციები არეულიაო... ძლიერი ქალის ბევრს ეშინია. თქვენ თუ გაშინებთ ასეთი ქალები?

- ეს რეალობაა, რასაც ვერსად გაექცევი და უნდა შეეგუო. თუ ქალი ძლიერია, მამაკაცის ფუნქციები იტვირთა და პურს ჩვენი არსობისას თვითონ მოიპოვებს, ღმერთმა შეარგოს... რატომ უნდა მეშინოდეს მისი?! ასეთებიც მინახავს, ისეთებიც... ათასნაირი ადამიანი შემხვედრია.

- თქვენი აზრით, ნინა ჟვანია ძლიერი ქალია? - რატომ მეკითხებით? მგონი, ძალიან ძლიერი ადამიანია.

- თუ "ოსკარის" შემდეგ ქართული დელეგაციის ვიზიტს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და მაშინ მიშა მესხი იყო ეპიცენტრში, ახლა თქვენ ხართ მითქმა-მოთქმის ეპიცენტრში და ნინა ჟვანია ტყუილად არ მიხსენებია... - რა მითქმა-მოთქმაა?

- ამბობენ, რომ მასთან რომანი გააჩაღეთ...

- ნინა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, გვერდით მიდგას გასაჭირშიც და ლხინშიც და დიდ პატივს ვცემ. მან დიდი ტრაგედია გადაიტანა და ამ ყველაფერს მძიმედ აღიქვამს. ასეთი ძლიერი ბევრი კაციც კი არ მინახავს. მასში ყველაფერს ვაფასებ და ამის გამო მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. თუ "მითქმა-მოთქმას" ეს პასუხი დააკმაყოფილებს, პირდაპირ გეუბნებით...

- თქვენს თაობას ხშირად დაკარგულ თაობას უწოდებენ. ერთხელ გიო ხუციშვილმა მითხრა, ომი, ნარკოტიკი, სასმელი.... ამ ყველაფრის გამო ჩვენს თაობას ბევრი რამ დარჩა სათქმელი და გასაკეთებელი, ვერ მოასწრეს, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდანო... - ჩემი ბევრი მეგობარი ნარკოტიკმა "წაიყვანა". 48 წლის ვარ. როგორც კი "ნაცმოძრაობა" "დაიწყო", ყველა მოვლენის ეპიცენტრში მოვყევი. მანამდე 9 აპრილის დარბევისას იქ ვიყავი, ნაცემი მიმიყვანეს კლინიკაში... საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ქვეყანა აღმოჩნდა კრიზისში... ამ მშიერ და უფულო ქვეყანაში ბევრი იარაღი იყო და დაიწყო ოსეთის, აფხაზეთის ომები... ჩვენ, პატარა ბიჭები, რომლებმაც ცხოვრება არ ვიცოდით, ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრში მოვექეცით. ეს წითელ ხაზს იქით ემოციური მდგომარეობა ფსიქიკას დაღს ასვამს... რაღაც ასაკში რომანტიკულად აღიქვამ, მაგრამ ასაკთან ერთად სადღაც გახსენებს თავს, როგორც ბავშვობაში ნატკენი ფეხი - გგონია გაგიარა, არადა, სიბერეში იწყებს ტკივილს. ასეა, ტრავმები ნელ-ნელა იჩენს თავს...

"ოცნებების სასაფლაო" ნახევრად საომარ მდგომარეობაში გადავიღეთ. ჯერ მარტო იქ რამხელა ტრავმა მივიღე... წარმოიდგინეთ, რამდენი მაგალითი აღმოვაჩინე ვაჟკაცობისა თუ ლაჩრობის... რამდენი ღალატი, მიცვალებული, არასწორი საქციელი... და რამდენი გმირი... ეს ყველაფერი მეხსიერების ბანკივით არის - ილექება, ილექება...

მერე იყო სამოქალაქო ომი. ჩემხელა ბიჭებს ხელში იარაღი ჩაუგდეს თუ ჩაუდეს... ამას ნარკოტიკი მოაყოლეს, ერი გააბრუეს და ერთმანეთი დაახოცვინეს ძმაკაცებს, უბნელებს... ჩვენ ამის მომსწრე ვიყავით. ჩემ ირგვლივ 18 მიცვალებულია, მათთან ბავშვობიდან ვმეგობრობდი. მაგალითად, "ოცნებების სასაფლაოდან" შვიდი კაცი აღარ არის ცოცხალი. ახლა "რუსთავი 2"-ზე "ქაღალდის ტყვია" გადის. ამ ფილმიდან სამი გარდაცვლილია: დათო იაშვილი - ჩემი იაშკა, ზურა ბეგალიშვილი, რომელიც ციროზით გარდაიცვალა (ამ უნიჭიერესმა მსახიობმა ცხოვრება ისე დაამთავრა, ჯიბის ფული არ ჰქონდა) და მიშა ჯოჯუა - კიბო დაემართა. ისეთი დრო იყო, ადამიანები რაღაცით იბრუებდნენ თავს. ყველას ფსიქიკა ხომ არ არის მდგრადი, გიბიძგებს, გაეთიშო ცხოვრებას...

ნიკო გომელაური გავიხსენოთ... მისი შვილის, ჯეჯის ნათლია ვარ. ნიკო შემოქმედებით პიკში რომ იყო, მაშინ შეეყარა უკურნებელი სენი და წავიდა... ქვეცნობიერში ყველაფერი ილექება და არ გადის...

მოგწონთ, რაც დღევანდელი თაობის გარშემო ხდება?! ამდენი დაუსაქმებელი ახალგაზრდა, ამდენი გამოუყენებელი ენერგია...

თბილისში იმდენი მანქანა და გამონაბოლქვია, იმდენი სახლი ააშენეს, ჩვენს ქალაქში აღარ ეტევა. ჰაერი არ არის. ადამიანს ჟანგბადი სჭირდება, რომ იაზროვნოს, ჩვენ კი ჟანგბადი გადაკეტილი გვაქვს... მე მანქანა დავაყენე და ფეხით დავდივარ...

მთელი საქართველო თბილისშია ჩამოსული ლუკმაპურის საშოვნელად. ადამიანის გამტყუნება შორიდან ადვილია, სტიგმა არსებობს ნარკომანებზე ან ლოთებზე, იმას კი არ ფიქრობენ, რომ ვიღაცას სტკივა, ვიღაცას ენერგია აწვება და თავი ვერ უპოვია, არ ჰყავს მდიდარი მშობლები, ვერც სამუშაო უშოვეს და ვერც უცხოეთში გაუშვეს სასწავლებლად... მე იმას ვამტყუნებ, ვინც უნდა შექმნას ჯანსაღი გარემო, რომ ახალგაზრდები ამ მდგომარეობამდე არ მივიდნენ.

მთელი მსოფლიო ყანყალებს - ამერიკა, ჩინეთი, კორეა, სსრკ-ს მიმსგავსებული რუსეთი... არაფერი ახალი არ ხდება, უბრალოდ, მოვლენები ფორმას იცვლის ცივილიზაციის შესაბამისად... თუ ადრე ნაჯახით ომობდნენ, დღეს საინფორმაციო ომია, ან ერთმანეთს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით "აფუჭებენ". ორი ადამიანის სექსი კომპრომატად ითვლება, თითქოს ჩვენ ამ გზით არ დავბადებულვართ. სირცხვილი იმის, ვინც კამერა დააყენა, გადაიღო და ამას კომპრომატად მიიჩნევს.

რუსებმა მოიგონეს თანამედროვე ომი, რასაც "კიბერ ატაკა" ჰქვია და დააჩოქეს ნახევარი მსოფლიო. შედიან გასაიდუმლოებულ საიტებზე და ყველაფერი იციან მტრის შესახებ. სულაც აღარ არის საჭირო ატომური ბომბი, კომპიუტერით შეიძლება ქვეყანას საბანკო სისტემა მოუშალო და დიდი ზიანი მიაყენო. ეს ყველაფერი აბსურდამდე მივიდა, გესმით?!

მსოფლიო გაუმაძღრობამდეა მისული. ადამიანების სიხარბეს ზღვარი აღარ აქვს, მეტი უნდათ! აქვთ ხუთი მანქანა, მაგრამ ათი უნდათ; ათი რომ აქვთ, რაკეტა უნდებათ.ალბათ, ამიტომაც ბიბლია ყველაზე დიდი წიგნია. ადამიანებს მოუწოდებს, დაიოკონ ვნებები, რომ სამყარო დაქცევამდე არ მივიდეს. დღეს ყველაზე ნაკლებად ღმერთი ახსოვთ ადამიანებს. ფული გახდა ეკვივალენტი ურთიერთობების. ის კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

ახალ ამბებს აღარ ვუყურებ - ყოველდღე სიკვდილის, უბედურების და ნეგატივის მეტს არაფერს გადმოსცემენ. ანალიტიკოსებისა თუ პოლიტიკოსების უკან რაღაც ძალები დგანან, რომლებიც რაც მათ უნდათ, ხალხს იმას ალაპარაკებენ... ამიტომაც მსოფლიო გადაიქცა "ყვითელ ტყუილად". დედამიწა აპოკალიფსურ ჯანჯღარშია და არ არის გამორიცხული, აფეთქდეს...

ძალიან ემოციური და გულჩვილი ვარ. "ჯარისკაცის მამას" რომ ვუყურებ, ფინალურ სცენაზე დღემდე ვტირი. თუ ადამიანი არ გეცოდება, აბა, რა ადამიანი ხარ? თუ ხედავ, მოხუცი მოწყალებას ითხოვს და არ დაეხმარები, აბა, რა ადამიანი ხარ? ამ პატარ-პატარა სიკეთეებისგან შედგება ღმერთი. შევეცადოთ, ღმერთი გავაღვიძოთ ჩვენში...