"სტუმრად" დათვებთან - კვირის პალიტრა

"სტუმრად" დათვებთან

ამერიკაში მცხოვრები მეცნიერი ოთარ იოსელიანი ვაშინგტონის შტატის ველურ ბუნებას კარგად იცნობს. ვულკანური წარმოშობის მთები, დათვების ბუნაგი და შეშინებული ტურისტები მისი საზაფხულო თავგადასავლების ნაწილია. როგორ უნდა დავიცვათ დათვებისგან თავი და რატომ არის რეინირის მთა ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური სანახაობა ამერიკაში, ოთარ იოსელიანი გიამბობთ.

ვულკანი რეინირი

- აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთი შტატები ცნობილია თავისი ველური ბუნებით. აქ განლაგებული კასკადოვანი მთების უმაღლესი მწვერვალი ვულკანი რეინირია, რომლის სიმაღლე 4,392 მეტრია. რეინირი ბოლოს 1894 წელს ამოიფრქვა და ის მსოფლიოში ყველაზე საშიში ვულკანების რიცხვშია. უამრავი მთამსვლელი ცდილობს მის დაპყრობას, თუმცა ყოველ წელიწადს რამდენიმე მათგანი იღუპება. 3015 მეტრზე ბანაკია და იმ გზაზე ამინდი ყოველ წუთს იცვლება. მე ამ ბანაკში პირველად 9 ივლისს ავედი. გზა, რომელიც მყინვარზე გადის, მთლიანად დათოვლილი იყო. ხილვადობა იმდენად დაბალი იყო, არაფერი ჩანდა. ჩემთან ერთად ბანაკამდე მიღწევას ერთი კოლუმბიელი ცდილობდა, თუმცა ამინდით შეშინებული ქვემოთ მიმავალ ჯგუფს შეუერთდა, მე კი გზა განვაგრძე და რამდენიმე საათში მაინც მოვახერხე ასვლა. უკან დაბრუნებისას ამინდი იმდენად გაუარესდა, სანავიგაციო მოწყობილობა რომ არ მქონოდა, ალბათ, ვერც ჩამოვაღწევდი.

დღეს რეინირის გარშემო ტერიტორია ეროვნულ პარკს წარმოადგენს. ტყეში ბინადრობენ დათვები, მთის ლომები, მგლები... ხშირად მოლაშქრეებს მათთან პირისპირ უწევთ შეხვედრა, რაც სახიფათოა - იშვიათად, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა თავს დასხმიან ადამიანებს.

მეორედ აგვისტოს შუა რიცხვებში გადავწყვიტე მეგობართან ერთად ერთდღიან ლაშქრობაში წასვლა. ჩვენი მარშრუტი გადიოდა ჩემთვის უკვე ნაცნობ ბილიკზე, რომელიც ჩინუკის უღელტეხილიდან იწყება და რამდენიმეკილომეტრიან რკალისებურ გზას წარმოადგენს. ამ გზაზე გხვდება ულამაზესი ტბები და ვულკან რეინირის საოცარი ხედები. გავიარეთ რამდენიმე კილომეტრი და როდესაც ღრუბლებით დაფარული ვულკანი გამოჩნდა, გადავწყვიტეთ, შეგვესვენა და დავლოდებოდით ღრუბლების გადაყრას. რამდენიმე წუთში უკან მომავალი ტურისტებისგან გავიგეთ, რომ ჩვენგან ათი წუთის სავალზე დათვი უნახავთ და შეშინებულები უკან გამოქცეულან.

პირისპირ მტაცებლებთან

დათვები რამდენჯერმე მინახავს, თუმცა ჩემგან ათეულობით მეტრში, ამჯერად კი ლამის პირისპირ აღმოვჩნდი მათთან. გადავწყვიტე, უსაფრთხო ადგილი შემერჩია და ფოტოები გადამეღო. ჩემს სალაშქრო აღჭურვილობაში ყოველთვის არის დათვისგან თავის დასაცავი სპრეი. თურმე მხოლოდ მე მქონია, ამიტომ სხვა მოლაშქრეები ჩემ უკან დადგნენ. დათვი ჯერ მშვიდად იდგა, შემდეგ მობრუნდა და ჩვენკენ გამოემართა. შეშინებული ჯგუფის წევრები გავაფრთხილე, არ გაქცეულიყვნენ და ნელ-ნელა უკან დაგვეხია. დათვიც შეჩერდა და ცოტა ხანში თვალს მიეფარა. ამასობაში სხვა მოლაშქრეებიც შემოგვიერთდნენ და 15-კაციანმა ჯგუფმა გზა განვაგრძეთ. ძალიან ნელა მივიწევდით წინ. ჩვენი ბილიკი მთის ფერდობზე გადიოდა, ფერდობი კი ტყით იყო დაფარული. უცებ დაახლოებით ხუთ მეტრში უზარმაზარი დათვი გამოჩნდა. სახიფათო სიტუაცია რომ არ შექმნილიყო, ჯგუფს ვთხოვე, ისევ მშვიდად დაგვეხია უკან, მაგრამ რადგან დათვი თავს არ გვესხმოდა, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გზის გაგრძელება გადაწყვიტა. ვთხოვე, ეს არ გაეკეთებინა, რადგან საკუთარ თავსაც და მთელ ჯგუფს საფრთხეში აგდებდა, მაგრამ არ დამიჯერა... საბედნიეროდ, გაგვიმართლა და ოცი წუთის განმავლობაში დათვი ერთ ადგილას იდგა და გვაკვირდებოდა, ჩვენ კი კუს ნაბიჯებითა და კანკალით მივიწევდით წინ... როდესაც ჩვენ შორის მანძილი იმდენად გაიზარდა, რომ თამამად სიარული უსაფრთხო იყო, ამოვისუნთქეთ.

ამ შემთხვევის შემდეგ მოლაშქრეებმა ერთმანეთს გადარჩენა მივულოცეთ. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი, პოლონელი მოლაშქრე, თურმე საქართველოსაც სტუმრობდა და რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, ძალიან გაუხარდა. აღფრთოვანებული მიყვებოდა სვანეთსა და სხვა კუთხეებზე.

რეკომენდაციები ლაშქრობის მოყვარულთათვის

ამერიკის კონტინენტზე გვხვდება სხვადასხვა სახეობის დათვი - შავი, გრიზლი (მურა დათვი), თეთრი. მოლაშქრეები ინფორმირებული არიან, როგორ მოემზადონ მტაცებელთან შესახვედრად. თუ ისეთ ტერიტორიაზე ხართ, სადაც დათვები ბინადრობენ, აუცილებლად იხმაურეთ ან იმღერეთ, რადგან დათვი ადამიანს უფრთხის, მით უფრო ადამიანების ჯგუფს... თუ მარტო ხართ, შეგიძლიათ მიიმაგროთ სპეციალური ზარი, რომელიც გადაადგილების დროს ხმაურით აცნობებს ცხოველს თქვენს იმ ტერიტორიაზე ყოფნას. თან იქონიეთ დათვების საწინააღმდეგო სპრეი და გამოიყენეთ მხოლოდ თქვენზე თავდასხმის შემთხვევაში. თუ დათვს პირისპირ შეხვდით, არ გაიქცეთ, არ ეცადოთ ხეზე ასვლას, დათვი თქვენზე სწრაფია და ხეზე ასვლასაც უკეთესად ახერხებს. ნელი ნაბიჯებით დაიხიეთ უკან, ისე, რომ დათვს თვალი არ მოაცილოთ. თუ ეს შეუძლებელია, გაჩერდით და შეეცადეთ ესაუბროთ დათვს, რათა მიხვდეს, რომ თავდასხმას არ აპირებთ.

დათვები განსაკუთრებით საშიში მაშინ არიან, როდესაც ბელების ან ნადავლის დაცვას ცდილობენ. ბელებსა და დედა დათვს შორის მოხვედრა ძალიან სახიფათოა!

გრიზლი დიდი და აგრესიული დათვია, მისი თავდასხმის შემთხვევაში, ნუ ეცდებით წინააღმდეგობის გაწევას. პირქვე დაწექით და დათვს მოაჩვენეთ, რომ მკვდარი ხართ. ფეხები გაშალეთ, რათა დათვმა ვერ მოახერხოს თქვენი გადმობრუნება... ასე გაშეშებული და სუნთქვაშეკრული უნდა იყოთ, სანამ გრიზლი არ შეგეშვებათ. დათვს წინააღმდეგობა გაუწიეთ მხოლოდ მაშინ, როცა ყველა შესაძლო საშუალება ამოწურულია. გისურვებთ უსაფრთხო და საინტერესო ლაშქრობას.