"გადაეცით თქვენს პუტინს..." - კვირის პალიტრა

"გადაეცით თქვენს პუტინს..."

სვანეთში წელიწადის ყველა დრო გამორჩეულად ლამაზია და ამიტომაც ტურისტები მრავლად სტუმრობენ ამ ულამაზეს კუთხეს. ლენჯერში ჩასულებს უამრავი უცხოელი დაგვხვდა, ჰაერში სვანეთის სავიზიტო კუბდარის, ჭვიშტარის, თაშმიჯაბის და სხვა გემრიელი კერძების სურნელი ირევა...

"ტურისტი ბუჩქებში არ უნდა შევარდეს..."

ლენჯერის მცხოვრები ამბობს, რომ სვანეთის ტურისტული პოტენციალი ხელისუფლებას სათანადოდ არა აქვს შეფასებული და რეგიონში კვლავ ბევრი პრობლემაა.

"5 წლის წინ არ იყო სანაგვე ყუთი და ქუჩებში ვიდეოთვალი, ახლა არის და კარგია, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თუნდაც საპირფარეშო. მარტო შენი სახლ-კარი კი არ უნდა მოაწესრიგო, უნდა იფიქრო იმაზეც, რომ ტურისტი ბუჩქებში არ შევარდეს... თანაც კეთდება მხოლოდ ცენტრი, პერიფერიებში ყურადღებას არ აქცევენ არაფერს. ლენჯერი მესტიაზე ნაკლები არ არის, თუმცა ლამპიონები ამ სოფელში არ დაუმონტაჟებიათ და ღამე გზაზე რომ მოდიხარ, ისეთი უკუნეთია, ქვესკნელი გეგონებათ. აღსადგენია წმინდა იონე ნათლისმცემლის ეკლესიაც, ხელისუფლება კი ყურადღებას არ აქცევს. არადა, საქართველოში ამ წმინდანის სახელობის ეკლესია სხვაგან არსად არის. ზოგიერთ სოფელში მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, კლდიდან ლოდები ცვივა", - გვითხრა ლენჯერის მკვიდრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა კომენტარის შემდეგ გადაიფიქრა.

"მუსულმანებსაც კი მოსწონთ ჩვენი ეკლესიები და ფასებზე არ წუწუნებენ"

ერთი დღე უშგულსაც ვესტუმრეთ. უბატონო რაიონამდე მისასვლელი გზა რთული და სახიფათოა. ზამთარში იქ ასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რის გამოც თემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უშგული ქართველ და უცხოელ ტურისტებს ერთნაირად მასპინძლობს, თუმცა ეთნოგრაფიული მუზეუმის ბილეთის ფასი განსხვავებულია - ქართველი ტურისტებისთვის 3 ლარია, უცხოელებისთვის კი 5 ლარი.

"ტურისტების რაოდენობა ყოველ წელიწადს იზრდება. აქ უკვე თითქმის ყველა ოჯახს აქვს გესთჰაუსი. ბოლო დროს მომრავლდნენ პოლონელი ტურისტები, წელს იაპონელებსაც ვხედავ. შარშან ესპანელებისა და ხორვატების ჯგუფი მყავდა. პუტინის აკრძალვების მიუხედავად, წელს რუსებიც მრავლად არიან, მათ უყვართ საქართველო და ჩვენც სათანადოდ ვმასპინძლობთ. რამდენიმე დღის წინ ჩემს მეზობელს სთხოვეს, ღვინო მოგვყიდეო. იმან კი აჩუქა და უთხრა, გადაეცით თქვენს პუტინს, ჩვენ ადამიანებს კი არ ვხოცავთ, ვმასპინძლობთ და პატივს ვცემთ, ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართო...

უცხოელებს ყველაფერი მოსწონთ - ბუნება, საკვები, ხალხი... ქართველებიც ძალიან უყვართ და საშუალება რომ მქონდეს, ამათ ფულს საერთოდ არ გადავახდევინებდი. მუსულმანებსაც კი მოსწონთ ჩვენი ეკლესიები და ფასებზე არ წუწუნებენ.

ტურისტებისთვის ახალი აღმოჩენაა ქორულდის ტბა და იქაც ხშირად მიდიან, მიუხედავად იმისა, რომ მესტიიდან საკმაოდ შორია. ცენტრიდან მანქანა 280 ლარად მიგიყვანთ, მაგრამ უცხოელები ბავშვებთან ერთად ფეხით მიდიან და საღამოს დაღლილები, მაგრამ ბედნიერები ბრუნდებიან, საოცარი ბუნებით აღფრთოვანებული არიან", - გვიყვება ლენჯერის მცხოვრები.