"ქორწილი ალვანში, ეზოში გადავიხადეთ. ვახუშტი კოტეტიშვილი იყო თამადა" - კვირის პალიტრა

"ქორწილი ალვანში, ეზოში გადავიხადეთ. ვახუშტი კოტეტიშვილი იყო თამადა"

ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის წყვილი მთელი საქართველოსთვის სამაგალითოა. ფოკლორისტების გულღია და სიტყვატკბილ ოჯახს ვესტუმრე და ძველის და ახლის შესახებ ბევრი ვისაუბრეთ.

- ამდენი წელია ცოლ-ქმარი ერთ საქმეს ემსახურებით, ძნელია ორი ფოლკლორისტის ერთად ცხოვრება?

ამირან არაბული: - როდესაც ინტერესები მსგავსია, თანაბარია, მაშინ ადვილია ურთიერთობა. ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელია ყოველდღიურობა, რუტინა, პრაგმატიზმი. როცა ადამიანს ამის იქით გასახედი გაქვს - გარდა ოჯახისა, სამსახურისა, კიდევ გეგულება შემოსაზღვრული სივრცე - სადაც შეგიძლია დაისვენო, თავისუფლად ამოისუნთქო, გახალვათდე, გამსუბუქდე - ბედნიერებაა. ამიტომ ორი ფოლკლორისტის ერთად ცხოვრება არ არის მაინცდამაინც რთული. კიდევ კარგი, მე ლექსებს არ ვწერ, მაშინ, ალბათ, რთულად იქნებოდა საქმე....

- ალბათ, მეუღლის ლექსების პირველი შემფასებელი თქვენ ხართ. შენიშვნებს როგორ იღებს? თუ ურჩობს?...

- ხანდახან ეგეც არის...

- 39 წლის წინ როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?

- 80-იან წლებში ხალხური პოეზიის საღამოები ტარდებოდა ვახუშტი კოტეტიშვილის, თენგიზ მირზაშვილისა და ალექსი ჯინჭარაულის თაოსნობით, იმ საღამოებზე გავიცანი, ფილარმონიაში. სცენაზე დავინახე, ლექსს კითხულობდა. უცხო იყო მისი ხმა და ინტონაცია, მით უმეტეს, ქალაქში.

მე 1973 წელს ჩამოვედი თბილისში, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე. 1978 წელს დავამთავრე, მერე ასპირანტურა, მერე ხარისხების დაცვა... ისე ყაზბეგიდან ვარ. ჯუთაა ჩემი სოფელი, ყველაზე მაღალი საქართველოში უშგულის შემდეგ. გოდერძი ჩოხელი, ეთერ თათარაიძე

როცა გავიცანი, იმ წელს ჩააბარა უნივერსიტეტში ეთერომაც. ქორწილის დღე რომ დაითქვა, მე და ტარიელ ხარხელაური ეთეროს მამასთან გავემგზავრეთ გასაცნობად, ლელა გვახლდა, ეთეროს და. ელდარში ჰყავდა ეთეროს მამას ცხვარი და იქ მივაკითხეთ. გაზაფხული იყო და აყვავილებული იყო კორდები, მდელოები. პურმარილი გვქონდა წაღებული, სად გავშალოთ სუფრაო, ვკითხეთ. ნებისმიერი აარჩიეთო, პატარ-პატარა ამწვანებულ გორებს გადახედა. პოეტური ბუნების კაცი იყო...

ქორწილი ალვანში, ეზოში გადავიხადეთ. მაისი იყო, ამბობენ, მაისში ქორწილი არ ვარგაო, რატომ არ ვიცი... მთებში მაისიც სუსხიანია. მაშინაც, 1980 წლის 11-12 მაისს, მთელ ღამეს იწვიმა. ჩვენი ბრეზენტის ქვეშ გაშლილი სუფრაც, რომელზეც ვახუშტი კოტეტიშვილი იყო თამადა, შუაღამისას წვიმის წყლისგან ჩამოიზნიქა. ვახუშტიმ ხმალივით აძგერა შამფური და წყალიც თქრიალით წამოვიდა. დილას ნაქორწილარ-ნამძინარევნი წავედით ჯუთაში. მოკლეზე, თიანეთიდან ბულაჩაურში ჩავედით, გოდერძი ჩოხელი იყო ჩემი მეჯვარე, გზადაგზა გვაჩერებდა წამდაუწუმ. ეთეროს მეჯვარე თენგიზ მირზაშვილის ქალიშვილი ნატო და გუგა კოტეტიშვილი იყვნენ. გოდერძის უცნაური ხასიათიდან გამომდინარე, ჯვრისწერაზე 2-3 საათი დავაგვიანეთ. ანანურში ეკლესია დაკეტილი დაგვხვდა. შემდეგში, წლების მერე დავიწერეთ ჯვარი. სოფელში რომ ავედით, ეროვნული სამოსით დაგვხვდნენ. 12 მაისი იყო და იმ დილას ჯუთაში ჩამოეთოვა. ვახუშტი კვლავ თამადა იყო თავისი იმპროვიზაციებითა და ლექსებით, იქაურობა ქორწილს კი არა, უფრო წარმოდგენას ჰგავდა, ისეთი ხალხი ესწრებოდა, იმათი კაფიები, პოეტური პაექრობები მთელი ღამე გრძელდებოდა...

- როგორ შეეგუეთ თუში და ხევსური?

- არ არის მოხატული და მოჩუქურთმებული ურთიერთობა. ცხოვრება გვკარნახობს თავის ყოველდღიურ სიძნელეებს, ჩვენც ავუდივართ. ათასი რაღაცა იჩენს თავს, მით უმეტეს მაშინ, როცა ბავშვები გვყავს და მათ მიხედვა უნდათ.

- პოეტის მეუღლეობა არ არის ძნელი?

- რა ვიცი... მაინცდამაინც არა, რატომ ეძნელებათ, არ ვიცი...

- რა ვიცი მუზაო, განწყობაო...

- პოზიორების მოგონილია ეგ ყველაფერი.

- თანამედროვეობაზე გადავიდეთ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ალბათ, თვალს ადევნებთ.

- ბევრი რამ ხდება ჩვენი ქვეყნისთვის საგანგაშო, ისეა ყველაფერი ერთმანეთში ათქვეფილი, თავდაყირა დაყენებული - ტრადიციებს ვგულისხმობ. არ ვარ დამცველი მოძველებული წესებისა, მაგრამ ბევრი კარგი რამ არის მეხსიერებას მოფარებული. ამირან არაბული როგორი ძალიან ძლიერი და საღი ტრადიციები იყო თუნდაც მთაში - 2-3 წლის ბავშვს ისეთ პატივს სცემდნენ, როგორც დიდს, ეს მოპყრობა მის ცნობიერებაში იბეჭდებოდა და ათჯერ მეტი ხათრი და პატივისცემა ჰქონდა უფროსების. მაშინ სახელის მილოცვის ტრადიციაც არსებობდა. ვიღაცა რომ საგმირო საქმეს ჩაიდენდა, ვთქვათ, მტერს უკუაგდებდა ან ერთი ათს გაუმკლავდებოდა, მასთან მიდიოდნენ სახელის მისალოცად არა მარტო მისი, არამედ მეზობელი და მთისგადაღმა სოფლებიდანაც. მაშინ სახელი იყო ყველაფერი, სინდისი იყო და ნამუსი. ამაზე იყო აშენებული ყველაფერი, ამ სულისკვეთებით იზრდებოდნენ და დღეს რას ვთავაზობთ ახალგაზრდებს? - ბევრს ვერაფერს, ვერც სკოლაში და ვერც ოჯახში, მით უმეტეს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს რომ ეძახიან.

შრომის სიყვარულიც გაქრა, მაგრამ ბოლო ხანებში ღვთის წყალობით გამოკეთდა. მიწევს სიარული კახეთში და რომ გადავხედავ ვენახებს, ნახატი რომ არის, ისეა მოწესრიგებული. ერთხანს ეგეც აღარ იყო. ამხელა სოფელში ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდები დილა-შუადღეს უსაქმურად სხედან. შედი, წიგნი მაინც წაიკითხე, რაღაც გააკეთე, რომ სულში დაგრჩეს, შენი სული აღზარდოს, გადაარჩინოს. იხილეთ სრულად