"მთელი 20 წუთი გვაგინებდა" - რას აცხადებს გიგა მაქარაშვილი ემზარ კვიციანთან დაპირისპირებაზე - კვირის პალიტრა

"მთელი 20 წუთი გვაგინებდა" - რას აცხადებს გიგა მაქარაშვილი ემზარ კვიციანთან დაპირისპირებაზე

აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე ხელი დაარტყა.

როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, დეპუტატი ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა აქციის მონაწილეებს.

„აქციის მონაწილეებს, რომლებსაც არავითარი ქმედება არ ჩაუდენიათ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი, იქამდე მთელი 20 წუთი გვაგინებდა. მხოლოდ მას შემდეგ გაიყვანეს, გაარიდეს აქაურობას კვიციანი, რაც პოლიციის უფროსი მოვიდა, რომლისგანაც მივიღეთ დაპირება, რომ ძალიან მალე შეისწავლიან საქმეს. შესასწავლი არაფერი არ არის, პოლიციის ბიჭებს რომ ჰკითხოთ, ყველამ დაინახა, რაც მოხდა. 100-ზე მეტი პოლიციელი ხედავდა, რაც მოხდა. თუ ეს საქმე ძალიან, ძალიან სწრაფად არ იქნება გამოძიებული და ემზარ კვიციანი არ აგებს პასუხს, მაშინ მე პირადად ვიტოვებ უფლებას, რომ ამ პოლიციას, ამ შემადგენლობით პატივი აღარ ვცე“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე ვითარების განმუხტვაში პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო, რომელმაც კვიციანი ტერიტორიიდან გაიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"