"როდესაც ლევანმა გამაცილა, მითხრა, რომ ჩამოხვალ, ყვავილებით დაგხვდებიო, ამის ნაცვლად კი მე მივუტანე და დავუწყვე გაჩერებულ გულზე"
"როდესაც ლევანმა გამაცილა, მითხრა, რომ ჩამოხვალ, ყვავილებით დაგხვდებიო, ამის ნაცვლად კი მე მივუტანე და დავუწყვე გაჩერებულ გულზე"
"ლევანის გარდაცვალებამდე სიზმარში ვნახე, ვითომ მისი ნაჩუქარი საათი გამიტყდა"
არსებობს სიყვარულის ისტორიები, რომლებიც სიყვარულის მარადიულობაში გვარწმუნებს. ასეთი ისტორია შემორჩა საქართველოს ულამაზეს წყვილზე, ლევან აბაშიძესა და მიკაელა სტრამბეანუზე - მოლდაველ გოგონაზე, რომლისთვისაც საქართველო და ბიჭი, რომელსაც ყველა გოგო შესტრფოდა თავის ქვეყანაში, საბედისწეროდ იქცა. 7 სექტემბერს ლევან აბაშიძის გარდაცვალებიდან 27 წელი შესრულდა. მიკაელა ამ დღეს ყოველთვის ჩამოდის საქართველოში და ის ჩვენთან იხსენებს ლევანს და მათ ლეგენდად ქცეულ სიყვარულს.


- პირველად როგორ
მოხვდით საქართველოში?

- 17 წლის ვიყავი, სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, როდესაც კიშინიოვის დრამატული თეატრის წინ ვნახე განცხადება, სადაც ეწერა, რომ კრებენ ათ სტუდენტს, რომლებიც ისწავლიდნენ საქართველოში. გავედი კონკურსზე, სადაც ხუთი ქართველი პედაგოგი იყო ჩამოსული საქართველოდან. ჩვენი კურსის ხელმძღვანელი და რეჟისორი იყო ბატონი ნუგზარ ლორთქი­ფანიძე. მეცვა
თეთრი პერანგი და ძალიან მოკლე შავი ქვედაკაბა. ავდივარ სცენაზე და ბატონი ნუგზარი მეკითხება, რა გქვიაო? მე ვპასუხობ: "მიკაელა". გვარი? - "სტრამბეანუ". "მამის სახელი?" - "პანაფილოვნა". ის მეუბნება: "მიკაელა პანაფილოვნა, რამდენად შორს არის თქვენი­ სახლი?" ვეუბნები, ტროლეიბუსით ოცი წუთი იქნება-მეთქი. შეგიძლიათ წახვიდეთ და გამოიცვალოთ ეს ნელსონის სახვევიო (გულისხმობდა გენერალ ნელსონს, რომელსაც­ ცალი თვალი დაკარგული ჰქონდა და სახვევი ეკეთა). გამაგებინა,­ რომ გამოცდაზე ჯობს გრძელი კაბით მიხვიდე - როდესაც დავალებას აძლევენ სტუდენტს, გაცილებით მარტივი შესასრულებელია გრძელ კაბაში.

- დაუჯერეთ?
- ერთ საათში დავბრუნდი­ გრძელი თეთრი კაბით, რომელიც გამოსაშვებ საღამოზე მეცვა - გრძელი სახელოებით, გულდახურული, მაგრამ მთელ ზურგზე ამოღებული. როდესაც ავდიოდი სცენაზე, ჩემი შიშველი ზურგი დაინახა თუ არა, ბატონმა ნუგზარმა მითხრა, მიღებული ხართ, შეგიძლიათ შემდეგ ტურებზე აღარ მოხვიდეთო და ეს სამჯერ გამიმეორა. მეგონა, იხუმრა. ეს ამბავი არც ერთ ინტერვიუში არ მომიყოლია, მხოლოდ მეგობრებთან ვყვებოდი. ბატონ ნუგზარს ალბათ, ის მოეწონა, რომ დავუჯერე და გრძელი კაბა ჩავიცვი, მაგრამ როცა ამოღებული ზურგი დაინახა, ამით ჩემი ძლიერი ხასიათი ვაჩვენე...


მსახიობობა ბავშვური ამბიციის გამო გადავწყვიტე. მე პერფექციონისტი ვარ, ყველაფრის მაქსიმალურად სწორად გაკეთება მიყვარს. 11 წელი ტანვარჯიშზე დავდიოდი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი ვიყავი. 15 წლისამ სპექტაკლში ერთი ცნობილი მსახიობი ვნახე, ბალერინას თამაშობდა და არასწორ მოძრაობას აკეთებდა. ამ დროს ჩემში, 15 წლის გოგოს გონებაში დაიბადა კითხვა: თუ მსახიობს შეუძლია ითამაშოს ბალერინა, პროფესიონალ ბალერინას (ათი წელი კლასიკურ ბალეტს ვსწავლობდი), ტანმოვარჯიშეს რატომ არ შეუძლია ითამაშოს­ ასეთი როლი-მეთქი.

- როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება ქართველებზე?
- პირველ კურსს ვხურავდი, ბატონმა ნუგზარმა გვითხრა, გრძელი, შავი, გულდახურული კაბებით იარეთო. ნერვიულობდა, რომ პრობლემა არ შეგვქმნოდა, ამდენ ჩამოსულ გოგოს ხომ ვერ გამოგვყვებოდა სათითაოდ. ამიტომ ისე ჩაცმულები დავდიოდით, როგორც ის გვარიგებდა.

- როგორ გახსენდებათ სასწავლო წლები?
- ცეკვაში საუკეთესო ვიყავი, მეტყველებასა და არტისტიზმშიც.
ერთ დღეს თეატრალური უნივერსიტეტის ფანჯრიდან ხმები­ გავიგონეთ: "საქართველოს გაუმარ­ჯოს, საქართველოს გაუმარჯოს", გავიხედეთ და დავინახეთ ხალხი დროშებით ხელში. საპროტესტო აქციები დაიწყო და ჩვენს ცხოვრებაშიც საინტერესო ეტაპი დადგა. მოლდავურმა ჯგუფმა ჩავთვალეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ჩვენც უნდა ვყოფილიყავით და მათთან გავედით. 9 აპრილსაც იქ ვიყავით...
10 აპრილს კი ბატონმა ნუგზარმა ბილეთები გვიყიდა და სამშობლოში გავფრინდით.

- საქართველოს მოქალაქეც ხომ გახდით?
- დიახ, სამი წელია საქართველოს მოქალაქე ვარ.

- როგორ გაიცანით ლევანი?
- ლევანი 6 მარტს გავიცანი. თემურ ბაბლუანის ფილმში "უძინართა მზე" მეც გადამიღეს ეპიზოდში, მაგრამ შემდეგ ეგ სცენა ამოჭრეს... ერთ დღეს გამოვედი კინოსტუდია "ქართული ფილმიდან" და ტაქსის ვაჩერებ. უცებ თემურ გვალია (მასაც იღებდნენ ფილმში) მეძახის, მანქანით იყო და მიმიპატიჟა. თავის გვერდით დამსვა, უკან ჩემი მეგობარი ზისო. ეს ლევანი იყო.



- თავიდანვე მოგეწონათ?
- ღამის გადაღებიდან მოდიოდნენ და ლევანი მეთევზესავით იყო ჩაცმული. არ მომეწონა. თემურმა ჩემზე უთხრა, ეს ჩვენი­ მომავალი მსახიობი მიკააო... ლევანმა, რა საინტერესოაო და ცოტა ხანში ტელეფონის ნომერი მთხოვა. ვუთხარი, საერთო საცხოვრებელში ტელეფონი მხოლოდ სამორიგეოშია, ერთი ავი მოხუცი­ მორიგე გვყავს და რომც დამირეკო, არ დამიძახებს­-მეთქი. მაშინ ჩემსას მოგცემო და ბლოკნოტში ჩამიწერა ნომერი, რომელიც დღესაც მახსოვს.

- დაურეკეთ?
- არა, რადგან არ მომეწონა. შემდეგ 9 აპრილი მოხდა... საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩანთაში ვიპოვე ბლოკნოტი და ლევანი გამახსენდა. ვიფიქრე, მოვიკითხო-მეთქი. დავურეკე და მოვიდა ულამაზესი ბიჭი... ნამდვილი პრინცი. საფუნთუშეში წავედით ყავის დასალევად...
ამ შეხვედრის შემდეგ გადაღებაზე წავიდა. როცა დაბრუნდა, სტუდქალაქში მომაკითხა და შინ ვახშმად მიმიპატიჟა. იმ დღეს გავიცანი დედამისი, მანანა ხიდაშელი და ბაბუა, ბატონი შალვა ხიდაშელი. იმ საღამოს ლევანმა დედას უთხრა, მიკა ჩვენთან იცხოვრებსო... ლევანი ღვთის საჩუქარი იყო ჩემთვის.

- სიყვარულს სიტყვიერად გამოხატავდა?
- არასდროს უთქვამს, მიყვარხარო. ამას ვგრძნობდი. გიო მგელაძემ ერთხელ თქვა, თურმე ლევანს მისთვის გადაუშლია გული, მიკა არის ქალი, რომელმაც მაგრძნობინა, რა არის სიყვარულიო.

ერთხელ ლევანი ერთი თვე ამერიკაში­ იყო. დათო კოტეტიშვილმა კასეტა მომი­ტანა, რომლის ორივე მხარეს ლევანის საუბარი­ იყო ჩაწერილი - მე მელაპარაკებოდა, ფონად მუსიკა ედო. მეუბნებოდა, რომ ძალიან ვენატრები, მეუბნებოდა ისეთ სიტყვებს... ეს ისეთი ნამდვილი იყო... არასდროს მიმიღია ასეთი საჩუქარი.

- სიურპრიზებით ხშირად განებივრებდათ?
- თავისი ხელით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები, ნამცხვრები მოჰქონდა. ძალიან ყურადღებიანი იყო, მოვყავდი, მივყავდი. მჩუქნიდა სუნამოებს, კაბებს. ის მხოლოდ საყვარელი კაცი არ იყო, ის იყო ჩემთვის დედაც, მამაც, ქართველი ვაჟკაციც, პრინციც. ჩხუბობდა კიდეც ჩემ გამო. მოდიოდა დახეული პერანგით, გატეხილი ცხვირით, ყველამ იცოდა, რომ ჩემი დამცველი, ჩემი კაცი იყო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

- ლექსებს გიკითხავდათ?
- ხშირად მიკითხავდა გალაკტიონის ლექსებს. ერთხელ, ომის პერიოდში, გვიან დავბრუნდით შინ. ლევანი ფორტეპიანოს მიუჯდა და გრძელი და ლამაზი თითებით ულამაზეს მელოდიას დიდხანს უკრავდა.

- როგორი იყო თქვენი ბოლო კონტაქტი?
- ივლისში ბატონ ნუგზართან ერთად კიშინიოვში გავემგზავრე, რათა კულტურის სამინისტროსთვის ჩვენი მუშაობის ანგარიში ჩაგვებარებინა. იმ პერიოდში ლევანს იღებდნენ ფილმში "არა, მეგობარო". როდესაც გამაცილა, მითხრა, რომ ჩამოხვალ, ყვავილებით დაგხვდებიო, ამის ნაცვლად კი მე დავუწყვე გაჩერებულ გულზე. ამაზე მტკივნეული წამი არასდროს განმიცდია.

- არ გითხრათ, რომ ომში მიდიოდა?
- 5 სექტემბერი გუშინდელ დღესავით მახსოვს. დარეკა. დედაჩემმა აიღო ყურმილი და ლევანმა უთხრა, აფხაზეთში მივდივარო და დააბარა: გადაეცით მიკას, იქიდან დავურეკავო. ორი დღის შემდეგ დაიღუპა. სამწელიწად-ნახევარმა დაიტია ის დიდი სიყვარული, მერე კი ლევანი აფხაზეთის ომმა წამართვა.

- ვერც დაემშვიდობეთ...
- ვერა... ბატონი ნუგზარი მაშინ კიშ­ი­ნიოვში იყო. პირველად მან გაიგო, საქართველოდან დაურეკეს, მაგრამ არ მითხრა. დაელოდა ტელეგრამის მოსვლას, რომელიც ტელევიზიაში მოვიდა, სადაც ჩვენ გვიღებდნენ. 10 სექტემბერს საქართველოში ჩამოვედი.

ლევანის გარდაცვალებამდე სიზმარში ვნახე, ვითომ მისი ნაჩუქარი საათი გამიტყდა. ეს ცუდად მენიშნა...
დღემდე არ მჯერა, რომ აღარ არის. ასე მგონია, არის სადღაც, ყველგან ვგრძნობ... ხშირად მესიზმრება. ყოველთვის სხვა გოგონებთან ერთად და ვეჭვიანობ.

- ეჭვიანობდით მანამდე?
- ჭკუიდან ვიშლებოდი, სულ ვეჭვიანობდი, მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო. ვგრძნობდი, როგორი შურით მიყურებდნენ გოგონები, როცა ლევანის გვერდით ამაყად მივაბიჯებდი. ერთხელ შემთხვევით მოვისმინე მისი საუბარი ქალთან, ეუბნებოდა, მე საყვარელი ქალი მყავს გვერდითო და ძალიან ამაყი ვიყავი. ისე გამიხარდა, ლევანს მოლდოვური ბორშჩი გავუკეთე.

- თვითონ ეჭვიანობდა?
- არასდროს იმჩნევდა. ის ნამდვილი­ ცისფერსისხლიანი იყო, პრინცი. მე რომ ვეჭვიანობდი და ვნერვიულობდი, ის იწვა და წიგნს კითხულობდა. ელოდა, როდის გადამივლიდა.

- ნანობთ, რომ ბავშვი არ გააჩინეთ?
- მაშინ მე, ლევანმა და დედამისმა გადავწყვიტეთ, რომ ჯერ არ უნდა გამეჩინა, რადგან სტუდენტი ვიყავი, თან მოლდავეთში უნდა დავბრუნებულიყავი. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სინანული.

- მას შემდეგ შეყვარებული ყოფილხართ?
- ასეთი სიყვარული აღარ მწვევია. როგორ არა, მიყვარდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ისეთი ძლიერი სიყვარული არ იყო, როგორიც ლევანთან განვიცადე, და ამიტომ მარტო დარჩენა ვამჯობინე.



ხათუნა კორთხონჯია

Lena
22 სექტემბერი 2019 18:29
არაჩვეულებრივი გოგოა მიჰაელა. არ შეიძლებოდა,ლევან აბაშიძეს ესეთი პიროვნება არ ჰყვარებია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები