"მის ძველ, პატარა სახლში რემონტი რომ გააკეთეს, არაფრით გამოცვალა კარის სახელური, ამას გალაკტიონი ეხებოდაო" - კვირის პალიტრა

"მის ძველ, პატარა სახლში რემონტი რომ გააკეთეს, არაფრით გამოცვალა კარის სახელური, ამას გალაკტიონი ეხებოდაო"

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხში რამდენიმე ათეული ძეგლია. ვრცელ ჩამონათვალში ქართული ტრადიციული სუფრის კულტურაც შედის, თავისი სადღეგრძელოებითა და თამადის ინსტიტუტით. 1892 წელს გაზეთი "ივერია" წერდა: "კოტე ბახუტაშვილს, გადაუხადეს თამადობის დაწყებიდან 50 წლისთავი. ეს კაცი სუფრაზე ცოტას ლაპარაკობს, ხალხს მოლხენის საშუალებას აძლევს. სიმღერა, ცეკვა, ხუმრობა, კაფია, ლექსი, შაირი არის მისი თამადობის ხიბლი"... მომდევნო საუკუნეშიც იყვნენ ცნობილი თამადები: გოგლა ლეონიძე, ნიკო მუსხელიშვილი, სიმონიკა სხირტლაძე. ჩვენი სტატია ცნობილ თამადებზე მოგითხრობთ.

"გალაკტიონი რომ იჯდა სუფრასთან, მაშინაც სიმონიკა თამადობდა"

იმედა კახიანი, მსახიობი: - გამორჩეული თამადა იყო სიმონიკა სხირტლაძე. გალაკტიონი რომ იჯდა სუფრასთან, მაშინაც სიმონიკა თამადობდა. გალაკტიონი სიმონიკას ხშირად სტუმრობდა. მის ძველ, პატარა სახლში რემონტი რომ გააკეთეს, არაფრით გამოცვალა კარის სახელური, ამას გალაკტიონ ტაბიძე ეხებოდაო...

სპარტაკ ბაღაშვილიც ნამდვილი თამადა იყო, ხავერდოვანი ხმით. საოცარი ქართულით მეტყველებდა და სიბრძნეს აფრქვევდა. შესანიშნავი მეუღლე ჰყავდა. გააკეთებდა ხოლმე სახლში პურმარილს და ახალგაზრდებს დაგვპატიჟებდა. ყოველ მის სიტყვას პირდაღებული ვისმენდით. მახსოვს, სუფრასთან ერთმა ახალგაზრდამ სადღეგრძელო წარმოთქვა და ბილწსიტყვაობა შეურია. სპარტაკი მასპინძელი იყო, განსაკუთრებულ სისასტიკეს ვერ გამოიჩენდა და უთხრა: ყმაწვილო, თავი ცარიელ ქარქაშს მიგიგავს და ენას ახმალავებო. მიახვედრა, რაც ენაზე მოგადგება, ყველაფრის თქმა არ შეიძლებაო.

ფრიდონ სულაბერიძე, ქორეოგრაფი: - სუხიშვილების ანსამბლს რაჭაში გვქონდა კონცერტი. კონცერტის შემდეგ ნიკორწმინდის ეკლესიის ეზოში გაშალეს პურმარილი. თამადად დანიშნეს ვიღაც პროკურორი და დაიწყო ქეიფი. დაიწყო, მაგრამ ლაპარაკობდა ყველა, იყო აურზაური... გავიხედეთ და მანქანა გაჩერდა, გადმოვიდა სიმონიკა სხირტლაძე. პროკურორმა მაშინვე გადაულოცა თამადობა. სიმონიკამ დაიწყო... ისე აიყვანა სუფრა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. ტრადიციულ სადღეგრძელოებს სვამდა, მაგრამ გაოცებული ვუსმენდით. 78 წლის ვარ, რამდენი კარგი თამადა მახსენდება, მაგრამ სიმონიკასთან ვერავინ მივა.

ბადრი კაკაბაძე, მსახიობი: - სიმონიკამ ისეთი თამადობა იცოდა, გონსა და თვალს ვერ მოსწყვეტდი. კარგი ორატორი, კარგი მოსაუბრე უნდა იყოს სუფრის წინამძღოლი. მომისმინეთო, რომ გეხვეწება, ის რა თამადაა? კარგი თამადობისთვის აუცილებელი არ არის ბევრი სმა. ღვინომ და ქეიფმა მიქნა, აგერ, ინფარქტით რომ ვწევარ კაცი. ქართველებმა ხომ ზომა და წონა არაფერში ვიცით.

"სოფიკომ იმიტომ დაიწყო თამადობა, რომ კოტესთვის დალევა აღარ შეიძლებოდა..."

ნიკუშა შენგელაია, მხატვარი: - დედაჩემი სოფიკო ჭიაურელი კარგი თამადა გახლდათ! მისი თამადობა სულ იუმორზე იყო აგებული... ექსპრომტი სადღეგრძელოები ჰქონდა, დანომრილი კი არა. თუმცა ტრადიციულ სადღეგრძელოებს არ გამოტოვებდა... კოტე მახარაძის შესანიშნავი თამადობა ბევრს ახსოვს, თუმცა ბოლოს ეს საქმე სოფიკომ ჩამოართვა, რადგან კოტესთვის დალევა აღარ შეიძლებოდა... ჩვენი სახლი, ფაქტობრივად, სასტუმრო იყო. თუ ვინმე გამოჩენილი ხელოვანი ან ცნობილი ადამიანი ჩამოდიოდა, ყველა აქ მოჰყავდათ. აღარაფერს ვამბობ სოფიკოსა და კოტეს აქაურ მეგობრებზე. სახლის კარი არც იკეტებოდა... ჰოდა, სოფიკომ შესანიშნავად შეძლო ოჯახში გაშლილი სუფრების გაძღოლა.

"როცა თემიკოს სუფრა მიჰყავდა, რამაზ ჩხიკვაძეც კი ჩუმდებოდა..."

ზურა ყიფშიძე, მსახიობი: - განსაკუთრებული თამადები იყვნენ ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, თემიკო ჩირგაძე... ჩემს წრეში ვინც ვიცი, ეს სამი კაცი ყველაზე მაგარი იყო! სხვათა შორის, სადაც თამადობდნენ, იქ მთვრალი არავინ მინახავს. ღვინის დაძალება კი არა, ორი ჭიქის დალევას თუ მოასწრებდი, გმირობა იყო. დაგავიწყდებოდა სმაც და ჭამაც, რადგან მათ მოსმენას არაფერი სჯობდა!

თემიკო ჩირგაძე უნიჭიერესი იყო! ქართველებმა იციან სუფრის კარგად გაძღოლა, მაგრამ ეს კაცი ყველასგან გამორჩეული გახლდათ! თქვენ წარმოიდგინეთ, როცა თემიკოს სუფრა მიჰყავდა, რამაზ ჩხიკვაძეც კი ჩუმდებოდა...

"ისინი მოვიდნენ და მაგის კუბო არ დავდგი?.."

ჯემალ ჭკუასელი, ქორეოგრაფი: - ქუთაისში კაცი თამადობდა და თურმე ასეთი სადღეგრძელო წარმოთქვა: გავიხსენოთ თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, ჩვენი დიდი წინაპრებიო. ამ დროს ვიღაცამ დააცემინა და როგორც იციან, სუფრის ერთ-ერთმა წევრმა ბეჭებზე დაჰკრა ხელი, იმათ მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო... თამადას ენამოსწრებულად უთქვამს, ისინი მოვიდნენ და მაგის კუბო არ დავდგიო?