"სოხუმი" ჰოლანდიაში
"სოხუმი" ჰოლანდიაში
"მინდოდა, რესტორანში ყველაფერი ქართული ყოფილიყო... სულ ქართული ჰანგები ისმის. უკრაინელი თანამშრომლები გვყავს და ზოგჯერ რუსულს ჩართავენ ხოლმე, მაგრამ ვსაყვედურობ, არ დაგინახოთ, რუსული ჩართოთ, ქართული სიმღერები უნდა ისმოდეს-მეთქი"

ჰოლანდიაში, ქალაქ ჰააგაში თუ მოხვდებით, შეგიძლიათ ქართულ რესტორან "სოხუმს" ეწვიოთ, სადაც ყველაფერი პატრიოტული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. იზოლდა კვიციანი უკვე 21-ე წელია, ემიგრანტია. ამ წარმატებული ქალბატონის მიღმა უდიდესი ტკივილი და ტრაგიკული წარსული იმალება:

- ზემო აფხაზეთში, ულამაზეს ადგილას დავიბადე და გავიზარდე. იქაურობა შვეიცარიის ალპებს
მახსენებს. ჩემი ბედნიერი ცხოვრება გათხოვებიდან ზუსტად ხუთ წელიწადში დასრულდა. მეუღლე 1982 წელს საბჭოთა მილიციამ იმსხვერპლა - თავის ბიძაშვილს გადაეფარა და ინციდენტს ორივე შეეწირა. დამრჩა ორი მცირეწლოვანი შვილი. პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ პედაგოგის ხელფასით ბავშვების რჩენა შეუძლებლად მეჩვენებოდა და წლების განმავლობაში სავაჭრო სექტორში ვმუშაობდი... ცოტა ხანში
სახლი ვიყიდე და ცხოვრება სტაბილური გახდა, მაგრამ სწორედ ამ დროს დაგვატყდა თავს ომი და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ვიქეცი. ამ ყველაფერმა მაიძულა წამოვსულიყავი ნიდერლანდების სამეფოში შვილებთან ერთად. ზუსტად მახსოვს, 1999 წლის მარტი იყო. მაშინ 40 წლის ვიყავი.

- ჰოლანდია რატომ აირჩიეთ?
- შემთხვევით გავიცანი ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ნიდერლანდებში ცხოვრობდა. რომ ვკითხე, როგორია იქ ცხოვრება და ბავშვებისთვის სწავლა-მეთქი, ისეთი სურათი დამიხატა, თავი ზღაპარში მეგონა, თუმცა თავდაპირველად ასე ზღაპრულად არ ამეწყო ცხოვრება.



- რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდით?
- ჩავბარდით, როგორც აფხაზეთიდან ლტოლვილები. მიგვიღეს და ერთი წელი თავშესაფარში ვიცხოვრეთ, მაგრამ მერე ჩვენი საქმე შეაჩერეს - არ დაგვიჯერეს, რომ აფხაზეთიდან ვიყავით. 2007 წლამდე­ არალეგალებად ვცხოვრობდით, თუმცა მუშაობაში ამას ხელი არ შეუშლია. წვალებით, დიდი შრომის ფასად მოვედით დღემდე. ახლა უკვე მოქალაქეები ვართ...

- ჰოლანდიური იცოდით?
- 2007 წლამდე სიტყვების მწირი მარაგი მქონდა. მერე სპეციალურ სკოლაში დავდიოდი, თუმცა რესტორანი რომ გავხსენი, ენა მერე ვისწავლე.

- თქვენს რესტორანზე მოგვიყევით...
- "სოხუმი" 2009 წელს გავხსენით. ეს ყოველთვის მინდოდა. ახლობლები მეუბნ­ებოდნენ, იზოლდა, ისეთ გემრიელ კერძებს ამზადებ, რესტორანი უნდა გახსნაო. ჰოლანდიაში ეს პირველი ქართული რესტორანი იყო და თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდა - არავინ იცნობდა ჩვენს სამზარეულოს. გარდა ამისა, არ მყავდა პერსონალი და 15-18 საათი ვმუშაობდი. ბოლო წლებში გაგვიცნო ხალხმა და ბევრიც მოდის. დღეს პერსონალიც მყავს, მაგრამ კერძებს მაინც თვითონ ვამზადებ.

არაერთს უთქვამს, რესტორანს სხვა სახელი შეურჩიეო, მაგრამ ჯიუტად ვპასუხობდი, თუ "სოხუმს" არ დავარქმევ, რესტორანს საერთოდ არ გავხსნი-მეთქი. სოხუმია ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, სიყვარული და ყველაფერი... მომავალში მეორეს თუ გავხსნი, "სოხუმი-2"-ს დავარქმევ. სხვა სახელს გამოვრიცხავ.

- რესტორანში ყველაფერი ქართულია?
- დიახ. ბევრმა მირჩია, სხვა კერძებიც­ დამემატებინა, მაგრამ მინდოდა ყველაფერი ქართული ყოფილიყო. ზოგიერთი კერძი ცოტა იმპროვიზებულია... სულ ქართული ჰანგები ისმის. უკრაინელი თანამშრომლები გვყავს და ზოგჯერ რუსულს ჩართავენ ხოლმე, მაგრამ ვსაყვედურობ, არ დაგინახოთ, რუსული ჩართოთ, ქართული სიმღერები უნდა ისმოდეს-მეთქი. რესტორნის გარეთ საქართველოს დროშა ფრიალებს. სახლში სატელევიზიო არხებიც კი ქართული გვაქვს. ყოველი დილა საქართველოში მიმდინარე ამბებით იწყება.



- ყველაზე ხშირად რომელი ქვეყნის მოქალაქეები გსტუმრობენ?
- სტუმრების 60% ჰოლანდიელია, დანარჩენები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. წელს ძალიან ბევრი გერმანელი და პოლონელი გვყავდა. ჩვენს რესტორანში ცნობილი ქართველებიც ყოფილან, მათ შორის - მანანა თოდაძე, ნინო ქათამაძე, ვახტანგ კიკაბიძე...

- ქართული სათვისტომო თუ არსებობს ჰოლანდიაში?
- დიახ, არსებობს. ტრადიციად ვაქციეთ 26 მაისის, თბილისობის, ფერისცვალების, მარიამობისა თუ სხვა დღესასწაულების ერთად აღნიშვნა. ქართული ტაძარი არ გვაქვს, მაგრამ ბულგარულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩამოდის ხოლმე ბელგიელი მოძღვარი და ჩვენც ვესწრებით წირვებს. ქართული ესტრადის მომღერლების შემოქმედებით საღამოებსაც ვაწყობთ...

- ბოლოს როდის იყავით საქართველოში?
- 2018 წლის თებერვალში. წამოსვლამდე მეკითხებოდნენ, არ მოგენატრება საქართველოო? რა თქმა უნდა, მომენატრა, მაგრამ რადგან აფხაზეთში ვეღარ ვიცხოვრებდი, სულერთი იყო, სად ვიქნებოდი. ამას წინათ რესტორანში ერთი ფოთელი ბიჭი გვესტუმრა. ვუთხარი, დედაჩემიც ფოთში ცხოვრობს-მეთქი. მკითხა, იქაურობა თუ იცი კარგადო. დავფიქრდი და გავიაზრე, რომ ფოთიც დამავიწყდა, თბილისიც და სხვა ქალაქებიც, მაგრამ სოხუმის ყველა ქუჩა, კუთხე-კუნჭული, ხე თუ ქვა ზედმიწევნით მახსოვს. სიზმრებშიც კი აფხაზეთს ვხედავ და იქ დაბრუნებას ვნატრობ.

ნათია სიბაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები