სასწაულით გადარჩენილები - კვირის პალიტრა

სასწაულით გადარჩენილები

"ეს კადრები ბევრი დაუდევარი მძღოლისთვის უნდა გახდეს ჭკუის სასწავლებელი!"

ფოტოებზე აღბეჭდილი ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე, სოფელ ხუნევის მონაკვეთზე მოხდა. ამ გამაოგნებელ კადრებს სრულიად შემთხვევით შევესწარი. სისხამ დილით თბილისიდან ბათუმისკენ მიკროავტობუსით მივემგზავრებოდი. საპირისპირო მიმართულებით მომავალი უზარმაზარი ტრაილერი უცებ გზიდან გადავარდა.

მიკროავტობუსში მსხდომნი შიშისგან გავხევდით. სულ რამდენიმე წამით ადრე რომ გაგვევლო იმ ადგილზე, სადაც ტრაილერი გადავარდა, შეიძლებოდა, ავარიის მსხვერპლი ჩვენ ვყოფილიყავით. საათს დავხედე, დილის რვა საათი სრულდებოდა. მიკროავტობუსიდან ჩამოსულები შემთხვევის ადგილისკენ გავიქეცით. უზარმაზარი ცემენტის საზელი ცისტერნა ადგილობრივი მოსახლის ეზოში შენობის სახურავზე დაეცა.

სატვირთო ავტომობილმა, რომელიც რამდენიმე ტონას იწონის, სახურავის ნაწილი  და სახლის კედელი დაანგრია, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ესეც იმიტომ, რომ შემთხვევა დილით, ძალიან ადრე მოხდა, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. თანაც სატვირთო სახლის იმ ნაწილს დაეცა, სადაც სამზარეულო და სააბაზანო იყო განთავსებული.

KvirisPalitra.Geგამაყრუებელმა ხმაურმა მხოლოდ დაზარალებული ოჯახი კი არა, ნახევარი სოფელი წამოყარა ფეხზე. სახლის პატრონი აივანზე გამოსულიყო და გაოგნებული იფშვნეტდა თვალებს.

დაუჯერებელია, მაგრამ არც მანქანის მძღოლი და მისი ერთადერთი მგზავრი დაშავებულან, თუმცა შოკში იყვნენ. მძღოლი თავში იშენდა ხელს, ეს რა დამემართაო. როგორც გაირკვა, მანქანა ბათუმიდან მოდიოდა, დაღლილ მძღოლს ჩაეძინა და მგზავრობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. შემთხვევის ადგილზე მოსული საპატრულო პოლიციელებიც კი გაოგნებული შეჰყურებდნენ გზიდან ეზოს სიღრმეში ჩაყუდებულ მანქანას.

ბათუმისკენ მიმავალს დიდხანს მიწიოდა ყურებში გამწარებული მძღოლის ხმა: ვაი, ჩემს თავს, უბედურსო.

ვფიქრობ, ეს კადრები ბევრი დაუდევარი მძღოლისთვის უნდა გახდეს ჭკუის სასწავლებელი.

არ შეიძლება, გამოუძინებელი დაჯდე საჭესთან, ხიფათი ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული და ვინ იცის, როდის მოგერევათ თვალზე  რული. თქვენსას თუ არა, სხვის სიცოცხლეს მაინც გაუფრთხილდით. იმ დღეს უამრავი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს...