სკანდალური სიის სკანდალური გაგრძელება?! - კვირის პალიტრა

სკანდალური სიის სკანდალური გაგრძელება?!

"ოცნება" და ივანიშვილი ისევ კლანის გაყვანას ცდილობენ, ოღონდ, შემოვლითი გზით"

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო სია შეარჩია. პარლამენტში განსახილველად ნომინირებული იქნებიან და სისტემაში უვადოდ დასამკვიდრებლად იბრძოლებენ: შალვა თადუმაძე, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

20-კაციან სიაში ხელმეორედ მოხვდნენ იმ სკანდალური ათკაციანი სიის წევრები, რომლებმაც მმართველ გუნდში განხეთქილება შეიტანეს. საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ეს იყო გამჭვირვალე პროცესი და კანდიდატები ყველა პროცედურის დაცვით შეარჩიეს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი კი ამბობენ, რომ შერჩეული კანდიდატები კლანის წევრები არიან და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც სიაში მოხვდნენ.

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:

- ეს სკანდალური სიაა და იმავე კლანის პრეზენტაცია იქნება პარლამენტში. "ოცნება" და მოსამართლეთა კლანი შეთანხმდნენ, გაეყოთ ვაკანტური ადგილები და ეს სია ამის ნათელი დადასტურებაა - მათი ტანდემიდან გამომდინარე, ზოგ კანდიდატს მოსამართლეთა კლანი, დანარჩენებს კი "ოცნება" ლობირებს. მართალია, ახალ სიაში ჩინჩალაძე არ არის, მაგრამ ის კლანის ლიდერია და ვინც უნდოდა, ყველა კანდიდატია სიაში.

ვინ არიან მოსამართლეთა 20-კაციანი სიის წევრები

- გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს არც დაუმალავს, რომ აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ამბიცია და ივანიშვილის სურვილიც ეს არის. მანამდე თადუმაძე (2012-2018 წლებში) მთავრობის საპარლამენტო მდივანი და შემდგომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო. მისი ბიოგრაფიის ყველაზე საინტერესო ის ნაწილია, რომ თადუმაძე საადვოკატო მომსახურებას უწევდა ბიძინა ივანიშვილს.

გენპროკურორის პირველ მოადგილე მამუკა ვასაძესაც "ოცნება" ლობირებს. ის ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო კომისიამ დაჰკითხა, მის საქმიანობას უკავშირდება ე.წ. ციანიდის საქმეც. ვასაძე ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას და ის ერთი საშუალო დონის იურისტია, მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებშია ნამუშევარი და კვალიფიკაციით არ გამოირჩევა. არადა, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე გაქვს პრეტენზია, ფუნდამენტური განათლება უნდა გქონდეს სამართალში.

"ოცნების" პროტეჟეა ლალი ფაფიაშვილიც. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე "რუსთავი 2"-ის საქმის გაჭიანურებაში.

ზაზა თავაძე ჯერ პროკურატურაში მუშაობდა და როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მოხვდა, კონსტიტუციის ღრმა ცოდნა არ ჰქონდა. თავაძე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარეა (2016 წელს აირჩიეს) და ხელისუფლების ბევრი დაკვეთა შეასრულა. სხვა გახმაურებულ საქმეებთან ერთად, მის სახელს უკავშირდება "რუსთავი 2"-ის საქმეც.

გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 11 ხმა მიიღო, ვანო ზარდიაშვილის თანაკურსელი და მეგობარია. მას ზარდიაშვილი მფარველობს. ზონდერი ზარდიაშვილი დღეს "ოცნების" მაჰათმა განდია და "საოცარი" რიტორიკით გამოირჩევა. ის და მიქაუტაძე ფარულად ხვდებიან ერთმანეთს და გარიგებებში მონაწილეობენ. ამის შემდეგ ვინმეს სჯერა, რომ ეს სიები არ არის დალაგებული?

ნინო ქადაგიძეც კლანის წევრია. მას დაპატიმრებული და დაჯარიმებული ჰყავს მომიტინგეები. ეს ადამიანები მოქმედებენ არა სამართლიანობის და კანონიერების კონიუნქტურით, არამედ იმის მიხედვით, რა უნდა მათ ბელადს.

ლევან მიქაბერიძეს, თავის დროზე, ეკონომიკური დავები ჩააბარეს. ის სულ რამდენიმე წლის მოსამართლეა.

ლაშა ქოჩიაშვილი სამოქალაქო დავების დროს კონკრეტული მხარის ლობირებით გამოირჩეოდა. გავიხსენებ ვანო ჩხარტიშვილის საქმეებთან დაკავშირებულ დავებს, როცა მას ყოველთვის ვანოს სასარგებლოდ გამოჰქონდა გადაწყვეტილება. მისი სახელი "რუსთავი 2"-სა და კიდევ რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. ქოჩიაშვილსაც სასამართლო კლანის წევრად მოიაზრებენ. მის საქმეებს შორის არის დავა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გარშემო (ბადრი პატარკაციშვილსა და ჯოზეფ ქეის შორის).

ქეთევან ცინცაძე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე და მას არანაირი კვალიფიკაცია არა აქვს. ის დაინიშნა ინსპექტორად, რომელსაც უნდა შეესწავლა მოსამართლეები, რომლებიც კანონს არღვევდნენ, არაეთიკურად იქცეოდნენ და მათზე დისციპლინური დევნა დაეწყო, მაგრამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი საქმეც არა აქვს წარმართული, რადგან ასეთია ჩინჩალაძის ნება.

ნუგზარ სხირტლაძე შევარდნაძის პერიოდიდან დღემდე ხელისუფლების ნების აღმსრულებელია, ასევეა მაია ვაჩაძეც. ეს ქალბატონი კვალიფიციური იურისტია, მაგრამ კვალიფიციურობა და სამართლიანობა სხვადასხვა ცნებაა. ორივე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. ამ პალატაში განიხილება დავები ფიზიკურ პირებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის და უმეტეს შემთხვევაში მათ გამოაქვთ ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.

კლანის აქტიური წევრი თამარ ალანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლეა. მას უკავშირდება გვანცა ყუფარაძის საქმე, მონაწილეობდა ასევე ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეშიც. ალანია ჯერ სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მუშაობდა, შემდეგ სამოქალაქოში გადავიდა.

კლანის ტიპური წარმომადგენელია შოთა გეწაძეც - სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე. მას უკავშირდება ბევრი გახმაურებული საქმე. 2011 წელს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გეწაძემ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ვლადიმერ კაკაბაძის სახელს უკავშირდება ფადი ასლის საქმე. მან ბიზნესმენს მოსამართლის პატივისა და ღირსების, ასევე საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივლა.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლე პაატა სილაგაძეს მიხეილ ჩინჩალაძის ნების შემსრულებლად იცნობენ (მეგობრები არიან). სილაგაძე იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში ადეიშვილის დაკვეთების შემსრულებელი. ის ყველა საქმეზე საკასაციო საჩივრებს დაუშვებლად აცხადებდა.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ყოფილი მოსამართლე მირანდა ერემაძეც მიხეილ ჩინჩალაძის კლანის წევრია და სწორედ ამიტომ მოხვდა ჯერ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ, ახლა კი უზენაესი სასამართლოს ნომინირებულ კანდიდატებს შორისაა. ერემაძე და ჩინჩალაძე ერთად მუშაობდნენ საოლქო სასამართლოში და მის სამოსამართლეო საქმიანობას არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უკავშირდება.

გოჩა ჯეირანაშვილი პოლიციელი იყო და ამჟამად ახალციხის პოლიციის მოსამართლეა. სხვა მოსამართლეებისგან განსხვავებით, ის პროცესებზე სიმშვიდით და ობიექტურობით გამოირჩევა, მაგრამ სერიოზულ კანდიდატად არ აღიქმება და განწირულია ჩავარდნისთვის.

ლ მერაბ გაბინაშვილი პროცესებზე აგრესიულობით გამოირჩეოდა და პოლემიკაში შედიოდა საზოგადოებასთან. ის არის კლანის წევრი და პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. სხვა გახმაურებულ საქმეებს შორის, მის სახელს უკავშირდება ნიკა მელიას საქმეც. დროთა განმავლობაში ეს ადამიანი გადაჰყავთ იქ, სადაც სჭირდებათ და ყოველთვის ხელისუფლების ინტერესებს ითვალისწინებს.

- სიის ნომინირებულ წევრებს შორის პატიოსანი კანდიდატებიც არიანო, ამბობდით, ვის გულისხმობდით? - ალექსანდრე წულაძესა და თამარ ზამბახიძეს (თუმცა ზამბახიძეც ცნობილია საქმეების გაჭიანურებით). ისინი იმიტომ შეარჩიეს, რომ საერთო ფონი გაელამაზებინათ.

- ქვეყნის მომავალზეა ლაპარაკი და პარლამენტს მართლაც მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. თქვენი აზრით, დამტკიცდება მოსამართლეთა 20-კაციანი სია? - "ოცნება" და ივანიშვილი ისევ კლანის გაყვანას ცდილობენ, ოღონდ შემოვლითი გზით. მათ თუ ერთმანეთის ინტერესი არ გაატარეს, უზენაესი სასამართლო ვერ დაკომპლექტდება. მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქართველოს კონსტიტუციით მიანიჭეს ნომინირებისა და შერჩევის წესი. შესაბამისად, ბიძინამ რაც უნდა მოინდომოს, რომ სიაში მხოლოდ მისი კანდიდატები იყვნენ, ასე ვერ იქნება, რადგან უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების უმრავლესობა კლანის წევრია. "ოცნების" და კლანის ინტერესიც ის არის, რომ უვადოდ იყვნენ უზენაესში და ერთმანეთის ინტერესებიდან გამომდინარე, დასხდნენ და გაინაწილეს თანამდებობები. პარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და ვფიქრობ, 20-კაციანი სიის უმრავლესობა გავა. პარლამენტი კლანის რჩეულებს გაიყვანს, რამდენიმე კანდიდატს ჩააგდებს და იტყვის, აგერ, საზოგადოების აზრი გავითვალისწინეთ და მომავალ პარლამენტს მივეცით მათი არჩევის საშუალებაო.