ვინ აგებს პასუხს 16 წლის მოზარდის სიკვდილზე - კვირის პალიტრა

ვინ აგებს პასუხს 16 წლის მოზარდის სიკვდილზე

"ეს არ არის ერთადერთი ტრაგედია, ასეთი ბევრი შემთხვევა ყოფილა რაჭაში, დაუდევრობასა და რეანიმობილის არარსებობას ეწირებიან ადამიანები"

16 წლის ლუკა ფოფხაძე 8 სექტემბერს დაკრძალეს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის 45 დღე უგონოდ იწვა კლინიკაში. შეგახსენებთ, რომ მოზარდი ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს მიიყვანა. ექიმებმა თბილისის კლინიკაში მისი გადაყვანა გადაწყვიტეს და გამოიძახეს რეანიმობილი, რომელიც რაჭაში არ არის, ამიტომ რეანიმობილი ამბროლაურში ლენტეხიდან რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩავიდა. გზაში რეანიმობილის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა და პაციენტს ჟანგბადის მიწოდება შეუწყდა, სწორედ ამიტომ გაუჩერდა ბიჭს გული.

სულისშემძვრელია ლუკა ფოფხაძის დედის სტატუსი: "ვერ გიშველა დედის ლოცვამ, დე, ვერ გადაგარჩინე, დე, დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები, დე... ვიგუდები, შვილო, ვერ ვსუნთქავ უშენოდ, ახლა რა ვქნა, ახლა როგორ ვიცხოვრო, რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს, რაც შენთან მაკავშირებს, რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს, სადაც ერთად გვივლია, სად გადავსახლდე, დედუკაა? უშენოდ როგორ ვისუნთქო? წამიყვანეე, გემუდარები, ლუკა!.. ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს, ისეთი ყვირილი, მაგრამ დავმუნჯდიი. ვიხრჩობი დე, გასკდა გული, შვილო!!!".

ვინ აგებს პასუხს მომხდარზე, მალე გამოჩნდება. ოჯახი დამნაშავე ექიმების დასჯას ითხოვს. ლუკას მამიდა, ფატი ფოფხაძე წლებია ამბროლაურის საავადმყოფოში მუშაობს და კარგად იცის, რა პრობლემებია ამ სფეროში.

- ლუკა სამედიცინო სამსახურის მსხვერპლია, ამას დაამტკიცებს გამოძიებაც და ექსპერტიზაც. ჯერ ერთი, ბრიგადა დაგვიანებით მოვიდა, არაკვალიფიციური ექიმით, უბრალო პედიატრი და არა რეანიმატოლოგი. ამბროლაურში ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ბავშვს გამოკვლევა სჭირდებოდა და აუცილებელი იყო მისი თბილისში გადაყვანა. "ნიუ ჰოსპიტალში" გველოდებოდნენ, მაგრამ იქამდე ვერ ჩავაღწიეთ რეანიმობილის ექიმების დაუდევრობის გამო.

- ლუკას რა აწუხებდა? - ზღვიდან ჩამოვიდა რაჭაში. 17 ივლისს შიშველ ტანზე რაღაც ჰქონდა მოსხმული, მითხრა, ფიტნესკლუბში ვვარჯიშობ, ბეჭი გამიცივდა და ექიმმა მითხრა, რამე მოიხურეო. შინ მამა და ბებო იყვნენ. იმ ღამით ბავშვმა ივახშმა და მაშინ უთქვამს, რაღაც ბეჭი მტკივაო. მამამ "ნიმესილი" დაალევინა და დაიძინეს. ღამის 5-ის ნახევარზე მამა გააღვიძა, ვერ ვარ კარგად, ყველაფერი მტკივაო. მაშინვე დამირეკეს და ვუთხარი, ახლავე გამოვუშვებ ბრიგადას-მეთქი, 12 წუთში მართლაც მივიდა სასწრაფო და ყველაფერი გაუკეთეს. ექიმმა მითხრა, რაღაც არ მომწონს, დაბუჟებული აქვს ფეხები, ფილტვებიც არ მომწონს და გადმომყავსო. ლუკას გზაში ღებინება და ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო, ფაქტობრივად, აგონიით შემოვიდა საავადმყოფოში. 12 კილომეტრია სოფლიდან ამბროლაურამდე. მადლობა იმ ჯგუფს, რომელიც საავადმყოფოში დაგვხვდა. კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახეთ. მორიგე ექიმმა უთხრა, ნეიროგენური შოკია, აუცილებლად მესაჭიროება ბრიგადაო. უარი გვითხრეს, ყველა დაკავებულიაო და 20 წუთი გვალოდინეს. სამ საათში მოვიდა ბრიგადა, არაკვალიფიციური ექიმებით. ის კატასტროფის მანქანა უნდა ნახოთ, როგორი გაუმართავია. არადა, შეტყობინებაში ეწერა, რომ 16 წლის ბავშვი უგონოდ იყო. ეს ლენტეხის ბრიგადა იყო.

როცა მძიმე პაციენტი უფრო დამძიმდება გამართულ რეანიმაციის მანქანაში, ეს არ არის ექიმის ბრალი. არც ერთ ექიმს, არც ერთ ექთანს არ უნდა პაციენტის სიკვდილი, მაგრამ გაუმართავი მანქანით რომ მიდიხარ და დაუდევრობით და არაპროფესიონალიზმით დამძიმდება ბავშვი, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. რაკი ლუკა თბილისში უნდა გადაგვეყვანა, შევატყობინე გუბერნატორსა და გამგებელს. შევთანხმდით, რომ ბავშვს თერჯოლაში, სოფელ ბორითამდე გადავიყვანდით, იქ სხვა ბრიგადა დაგვხვდებოდა და თბილისში ის წაგვიყვანდა. ერთხელ რომ ეთქვათ, ავტომობილი გაუმართავიაო, არ მოვუხსნიდით ბავშვს მართვით სუნთქვას და დაველოდებოდით სხვა რეანიმობილის მოსვლას.

- მანქანას თქვენც მიჰყვებოდით? - დიახ, "დელიკა" იყო, ისეთი ვიწრო, რომ ჩაკეცილი ვიყავი. გზაში ლუკას 160-ზე აუვიდა წნევა და უცებ მონიტორი გაითიშა. ბავშვს თითები რომ გაულურჯდა, ექიმს დავუყვირე, ის კი გაუკეთებდა ჟანგბადის მილს, მოსძვრებოდა. ამბუ (სარეანიმაციო ნაკრები) მომეცითო, თქვა და ამოიღეს გაუბედურებული, დამტვერილი აპარატი, რომელიც იქვე გამოვიდა მწყობრიდან. არც ჟანგბადის ბალონები იყო ბოლომდე დატუმბული...

ტყიბულში კარგი ბრიგადა დაგვხვდა, 7 წუთში გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. როგორც კი ჩავიდა ჟანგბადი, ბავშვმა თვალი გაახილა, სწორად პასუხობდა კითხვებს. ფერიც დაუბრუნდა და ადეკვატურიც იყო. მისი სიკვდილის მიზეზი უჟანგბადობა გახდა.

15 წელია სასწრაფოში ვმუშაობ, კატასტროფის ბრიგადაშიც მიმუშავია და ვიცი ყველაფერი. ეს არ არის ერთადერთი ტრაგედია, ასეთი ბევრი შემთხვევა ყოფილა რაჭაში, დაუდევრობასა და რეანიმობილის არარსებობას ეწირებიან ადამიანები. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცხენმა დაამტვრია, სანამ მოშორებული სოფლიდან ქუთაისში მიიყვანდნენ, დაიღუპა. ნაავარიევი ბიჭიც ვერ გადაარჩინეს დაგვიანების გამო, ერთხელ კი 3 წლის ბავშვი გაიტანა მანქანამ. საბრალომ 9 საათი იცოცხლა პედიატრების ხელში, ბრიგადა კი არ მოვიდა. ან მოდის დაგვიანებით, ან გაუმართავი მანქანით მოდის და ეს არის ტრაგედიების მიზეზი. არის შემთხვევები, როცა იტყუებიან, გეუბნებიან, ჯგუფი უკვე გამოსულია, აგერ ვართ, შაორზეო და ამ დროს არ არიან გამოსული. ლუკას ამბის შემდეგ მინისტრის მოადგილე გამოვიდა და თქვა, ახლა ყველა კლინიკის წინ ვერ დავაყენებთ რეანიმობილებსო. ეს არის პასუხი?

ლუკას ტრაგედიის შემდეგ შეიცვალა მდგომარეობა, ახლა რაჭაში ქუთაისის ბრიგადები მორიგეობენ, არ ვიცი, რამდენად კვალიფიციური ექიმები არიან, თუმცა რეანიმაცია ამწუთას იქ დგას.

ლუკა ფოფხაძის ფაქტიდან რამდენიმე დღეში ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ" განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ხარვეზები ჰქონდა: "სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში რეგულირების სააგენტო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არა მხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს".

სავარაუდოდ, ექიმების პროფესიონალიზმის საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილება და გადაწყდება, ვის რა სახის სასჯელი დაეკისრება.