"ქართველს ჰგავდა და იმიტომ მომეწონა. ყველა მეუბნებოდა, ქართველი გოგო იპოვეო? ნიშნობა, ქორწილი - ყველაფერი ქართულად გავაკეთე" - კვირის პალიტრა

"ქართველს ჰგავდა და იმიტომ მომეწონა. ყველა მეუბნებოდა, ქართველი გოგო იპოვეო? ნიშნობა, ქორწილი - ყველაფერი ქართულად გავაკეთე"

შავი ქამრის მფლობელი ბალერონი

მას პრესა ახალ ბალანჩინად მოიხსენიებს. ბოსტონის ბალეტის წამყვან პედაგოგს, ბალეტმაისტერ გიორგი ბირკაძეს საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე მიმდინარეობაში შავი ქამარი აქვს. გარდა ამისა, სხვა პროფესიებსაც ფლობს.

როგორ გახდა ბალეტის მოცეკვავე შავი ქამრის მფლობელი და რა გზა გაიარა წარმატებამდე, გიორგი ბირკაძე თვითონ გვიამბობს:

- მამაჩემი ტანმოვარჯიშე და ბალეტის ქორეოგრაფიული სკოლის მასწავლებელი გახლდათ. პატარა რომ ვიყავი, დედას ურჩია, შევიყვანოთ ბავშვი ბალეტზე, გაჭიმავენ და იქნებ რაღაც გამოვიდესო. წამიყვანეს, გამჭიმეს და დავრჩი ბალეტში.

ჩემს ბავშვობაში თბილისში რთული დრო იყო და რადგან ბალეტის მოცეკვავე ვიყავი, "ძველ ბიჭებთან" ძალიან ბევრი პრობლემა მექმნებოდა. მხოლოდ ეზოს ბიჭები მეგობრობდნენ ჩემთან. სხვები მცემდნენ, არც გოგონებთან შემეძლო გავლა, რადგან არც მათ ერიდებოდნენ და შეეძლოთ, მათ თვალწინ ვეცემე. მშობლებს ვუმალავდი, ბიჭები ასე სასტიკად რომ მექცეოდნენ და წყენას გულში ვიკლავდი, თანაც გარდატეხის ასაკში ვიყავი და ყველაფერს გამძაფრებულად განვიცდიდი. გადავწყვიტე, თავის დაცვა მესწავლა და ძიუდოსა და კრივზე დავიწყე სიარული.

- და ისე გაგიტაცათ, რომ პროფესიონალი სპორტსმენი გახდით... - საქართველოში ბალეტი არავის აინტერესებდა და როდესაც 17 წლის გავხდი, რამდენიმე მოცეკვავე მოსკოვში გაგვიშვეს... იქ უარესი ვითარება დამხვდა - სკინჰედები, რაღაც გაუგებარი დაჯგუფებები... რუსულად ვლაპარაკობდით, მაგრამ აქცენტზე გვატყობდნენ, რომ ქართველები ვიყავით და გვისწორდებოდნენ. მახსოვს, მეტროში რომ ჩავდიოდით, ხმას არ ვიღებდით, არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მაშინ დავიწყე ძიუდოსა და კრივში სერიოზულად ვარჯიში... ცოტა ხანში ყველა მეუბნებოდა, ბალეტი კარგია, მაგრამ შენ ძალიან მაგარი მოჩხუბარი და მოჭიდავე ხარო. ძლიერი ვიყავი ძიუდოში, ჯიუჯიცუში.

მე ქართველი სპორტსმენი და მოცეკვავე კაცი ვარ. ვცეკვავდი და ვჩხუბობდი. ვფიქრობდი, სხვაზე მეტი უნდა შევძლო-მეთქი და მაქსიმალურად ვითვისებდი ყველაფერს, რასაც მასწავლიდნენ. ალბათ, მეეზოვეც რომ ვყოფილიყავი, იქაც პირველი ვიქნებოდი...

18 წლისა წამიყვანეს რუსეთის ჯარში, სადაც ორი წელი ვიმსახურე. ჯარმა გამომაწრთო და უფრო მაგარი ჩხუბი მასწავლა. თბილისში არავინ იცოდა, რა პირობებში მიწევდა თავის გატანა. დედას ხომ არ ვეტყოდი? დედაჩემი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი, მაშინ რესტორანში თეფშებს რეცხავდა...

- რა იყო თქვენი პირველი წარმატება?

- მალე გავხდი კრემლის წამყვანი მოცეკვავე და ხუთ წელიწადში პუტინი გახდა პრეზიდენტი. მახსოვს, კრემლში გამოაცხადეს ჩემი სახელი - ქართველი ბიჭი გიორგი ბირკაძე... ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. იმ წუთას ვფიქრობდი მამაზე - როგორ გაუხარდებოდა, ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო. ვფიქრობდი მასწავლებელზე, რომელსაც არ ვუყვარდი, რას იზამდა, ჩემს სახელს რომ გაიგონებდა...

შემდეგი წარმატება იყო New Yourk Times -ში დაბეჭდილი სტატია. ამის მერე წავიდა და წავიდა... იყო უამრავი წარმატება...

- პუტინი თუ დასწრებია თქვენს გამოსვლას კრემლში? - პუტინი მინისტრობის პერიოდში ორჯერ იყო ჩემს კონცერტზე. ელცინიც ხშირად მინახავს.

- თუ ასეთი წარმატებული იყავით, რუსეთიდან რატომ წახვედით? - პირველი ბიძგი მომცა ჩემმა მასწავლებელმა, როდესაც პუტინზე მითხრა, ეგ კაცი არ არის და შენ აქედან უნდა წახვიდეო. წავედი ესპანეთში. ოპერის საბალეტო დასში მიმიწვიეს და იქაც გავითქვი სახელი.

- როგორც ვიცი, თქვენი მეუღლეც ბალერინაა. - დიახ. აშლი ახლა ბოსტონის თეატრის პრიმაბალერინაა. ესპანეთში გავიცანი. შევედი დარბაზში და ცეკვავდა... მაშინ ახალგაზრდა იყო და არავინ იცნობდა. დაველაპარაკე და ნელ-ნელა დავახლოვდით. ქართველს ჰგავდა და იმიტომ მომეწონა. ყველა მეუბნებოდა, ქართველი გოგო იპოვეო? ქერა თმა კი აქვს, მაგრამ ძალიან ჩვენებურია. მერე მისი მშობლები გავიცანი... ნიშნობა, ქორწილი - ყველაფერი ქართულად, ტრადიციულად გავაკეთე.

- როგორია ორი მოცეკვავის თანაცხოვრება?

- ჩვენ არაფერზე ვკამათობთ, გარდა ბალეტისა. მე ჩემი მეუღლის პირველი კრიტიკოსი ვარ, ის - ჩემი... აშლი ჩემი ანგელოზი და საყრდენია, მე კი მისთვის ძლიერი მამაკაცი ვარ.

- ფილიპინებში თქვენმა დადგმულმა "ფასკუნჯმა" უამრავი ჯილდო მიიღო... - როდესაც ევროპაში კრიზისი დაიწყო, ჩვენ ამერიკაში წავედით. ერთი წელიწადი ფლორიდაში ვცხოვრობდით. ბალეტის თეატრს მოცეკვავე სჭირდებოდა და მეც შევუერთდი მათ ვარსკვლავებს... შემდეგ მიმიწვიეს ჰონკონგში, სინგაპურში... ფილიპინებში დავდგი "ფასკუნჯი", რომელიც კონკურსზე წარადგინეს და 15 ნომინაციიდან 12-ში გავიმარჯვეთ.

- როგორ გახდით ბოსტონის ბალეტის პედაგოგი? - ჩემმა მეუღლემ მიიღო ძალიან კარგი შემოთავაზება ბოსტონის ბალეტიდან. იქ მხოლოდ კლასიკურ ბალეტს ცეკვავენ და მე მათ სხვა კულტურა ვაჩვენე - ქართული ბალეტი, რასაც საქართველოში მასწავლიდნენ... მითხრეს, რომ ჩემნაირი ქორეოგრაფი სჭირდებოდათ და შემომთავაზეს, მათთან დავრჩენილიყავი. ტრავმა მქონდა მუხლზე და ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ის დროა, დავამთავრო დასში მოღვაწეობა და როგორც ქორეოგრაფმა, ისე ვიმუშაო-მეთქი. მას შემდეგ ამ საბალეტო თეატრში ვარ.

- თქვენ ხართ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერიც, ბიზნესადმინისტრატორიც, არტდირექტორიც... როგორ შეძელით ამდენი?.. - მოსკოვში ჩავაბარე ინსტიტუტში და იქ ვისწავლე ყველაფერი...

ხათუნა კორთხონჯია