"სადაც ლავრენტი ბერია იქნება, იქ ხმას ვინ ამოიღებს!" - "უმცროსი" ლავრენტი ბერია პარლამენტარობას აპირებს - კვირის პალიტრა

"სადაც ლავრენტი ბერია იქნება, იქ ხმას ვინ ამოიღებს!" - "უმცროსი" ლავრენტი ბერია პარლამენტარობას აპირებს

ლავრენტი ბერიას მსოფლიო იცნობს და ჩხოროწყუელი სეხნიაც უდავოდ საინტერესო ჰყავს. ახალგაზრდა ლავრენტი ბერია ცნობილ სეხნიას პოლიტიკური ამბიციებით ცოტათი ჩამოჰგავს - ქავერზე ტრამპის ფოტოსთან დამონტაჟებული ფოტო უდევს, საკუთარი პარტიაც შეუქმნია და 100 წლის შემდგომი საფლავის ქვის დიზაინიც აურჩევია წარწერით, ხალხს ახსოვხარ, როგორც თავდაჯერებულიო! ერთი სიტყვით, უმცროსი ლავრენტი ბერია ხალისიანი მოსაუბრე გამოდგა.

- ჩემი დიდი ბებია-ბაბუა აფხაზეთის სოფელ მერხეულადან იყვნენ, სადაც ლავრენტი ბერია დაიბადა. ლავრენტის მამას პავლე ერქვა. პავლე და ჩემი ბაბუის ბაბუა ძმები იყვნენ. მოკლედ, ჩვენ ნათესავები გახლავართ! ჩემი წინაპრები ჩხოროწყუში მერე გადმოსახლდნენ, ლავრენტი კი ყველამ იცის, სადაც წავიდა - მოსკოვს მიაშურა მთავრობაში. ამხელა ქვეყანას სტალინთან ერთად მართავდა.

- რა პროფესიის ხართ? - ელექტრიკოსი. ეგ შევისწავლე სენაკის უნივერსიტეტში, დიპლომიც ავიღე და სახლშიც დავკიდე. იმის შემდეგ ჩემი დიპლომის მტვრის წმენდაში ვარ! გამომდგომოდა მაინც - იმდენი არავის დოურტყია ჩემთვის, რამდენიც დენს! მუშად ვმუშაობ დედაქალაქში. ახლა ერთი საქმე წამოვიწყე, გამომივა მგონი - პარტიას ვაკეთებ მომავალი არჩევნებისთვის. "გზა სიმართლისკენ" ერქმევა. სამი ძმაკაცი ვართ. ერთი მძღოლია, ერთიც - იურისტი. ერთად დავდივართ ხალხთან შესახვედრად რაიონებში, მაგრამ სხვა დეპუტატობის კანდიდატებივით ხალხს სხვებს კი არ ვაქუჩებინებთ! მანქანას სოფლის თავში ვაჩერებთ და ბოლომდე ფეხით ჩავდივართ. თან ყველას კარზე ვიძახით, რომ ხალხის პრობლემები გავიგოთ. სამტრედიაში, სოფელ გომში უკვე შევხვდი ხალხს, აწი მარტვილი და სენაკი უნდა მოვიარო.

- ხალხს რას ჰპირდებით? - სამართლიანობის აღდგენას და თანასწორობას. თანაც ახლავე ვეხმარები. სამტრედიაში, სოფელში წყალი არ მოდიოდა და მივაყვანინე - ჩემი ხელით მოვუშვი ონკანი... პოლიტიკურ განცხადებებსაც ვაკეთებ. მაგალითად, სამტრედიიდან გავაპროტესტე, რომ თურქეთში ქართველ მუშახელს უდიერად ექცევიან. სხვათა შორის, "რუსთავი 2"-შიც გამოვედი. თვითონ ჩამოვიყვანე ტელევიზია სამტრედიაში.

- ამბიციური საქმე კი წამოგიწყიათ... რას ფიქრობთ, ხალხი აგირჩევთ დეპუტატად? - დეპუტატად ამირჩევენ თუ არა, მაგის თქმა წინასწარ ცოტა ძნელია. წინა არჩევნებზე ხალხს ხუთი კილო კარტოფილი დაურიგეს და მაგის გამო მისცეს ხმა! მომავალში რა ვიცი, 10 კილოს არ მისცემენ?! მაგაზე მწყდება გული - ამ გემრიელ ქვეყანაში უგემურ კარტოფილზე რომ აძლევენ ხმას.

- პარტიის ოფისი სად გაქვთ?

- ავჭალაში, ჩემს ნაქირავებ ბინაში კოხტად მაქვს მოწყობილი.

- ოჯახი თუ უჭერს მხარს არჩევნებში თქვენს კანდიდატურას? - ორი და მყავს და რვა დისშვილი. რისი დები არიან, თუ არ მენდობიან? ჩემს დისშვილებს ძალიანაც უხარიათ - ბიძაჩვენი პარლამენტში იქნებაო!

- ანუ მთავრობაში ისევ მოვა ლავრენტი ბერია? ახლა თქვენი პარტიაც დაიწყებს, ასე და ისეო...

- სადაც ლავრენტი ბერია იქნება, იქ ხმას ვინ ამოიღებს!