"არც ერთ ექიმს არ უნდა პაციენტის სიკვდილი, მაგრამ გაუმართავი მანქანით რომ მიდიხარ და დაუდევრობით დამძიმდება ბავშვი, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია" - კვირის პალიტრა

"არც ერთ ექიმს არ უნდა პაციენტის სიკვდილი, მაგრამ გაუმართავი მანქანით რომ მიდიხარ და დაუდევრობით დამძიმდება ბავშვი, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია"

16 წლის ლუკა ფოფხაძე 8 სექტემბერს დაკრძალეს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის 45 დღე უგონოდ იწვა კლინიკაში. შეგახსენებთ, რომ მოზარდი ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს მიიყვანა. ექიმებმა თბილისის კლინიკაში მისი გადაყვანა გადაწყვიტეს და გამოიძახეს რეანიმობილი, რომელიც რაჭაში არ არის, ამიტომ რეანიმობილი ამბროლაურში ლენტეხიდან რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩავიდა. გზაში რეანიმობილის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა და პაციენტს ჟანგბადის მიწოდება შეუწყდა, სწორედ ამიტომ გაუჩერდა ბიჭს გული.

ვინ აგებს პასუხს მომხდარზე, მალე გამოჩნდება. ოჯახი დამნაშავე ექიმების დასჯას ითხოვს. ლუკას მამიდა, ფატი ფოფხაძე გაზეთ „კვირის პალიტრას“ ესაუბრა გთავაზობტ ნაწყვეტს სტატიიდან:

- ლუკა სამედიცინო სამსახურის მსხვერპლია, ამას დაამტკიცებს გამოძიებაც და ექსპერტიზაც. ჯერ ერთი, ბრიგადა დაგვიანებით მოვიდა, არაკვალიფიციური ექიმით, უბრალო პედიატრი და არა რეანიმატოლოგი. ამბროლაურში ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ბავშვს გამოკვლევა სჭირდებოდა და აუცილებელი იყო მისი თბილისში გადაყვანა. "ნიუ ჰოსპიტალში" გველოდებოდნენ, მაგრამ იქამდე ვერ ჩავაღწიეთ რეანიმობილის ექიმების დაუდევრობის გამო.

- ლუკას რა აწუხებდა?

- ზღვიდან ჩამოვიდა რაჭაში. 17 ივლისს შიშველ ტანზე რაღაც ჰქონდა მოსხმული, მითხრა, ფიტნესკლუბში ვვარჯიშობ, ბეჭი გამიცივდა და ექიმმა მითხრა, რამე მოიხურეო. შინ მამა და ბებო იყვნენ. იმ ღამით ბავშვმა ივახშმა და მაშინ უთქვამს, რაღაც ბეჭი მტკივაო. მამამ "ნიმესილი" დაალევინა და დაიძინეს. ღამის 5-ის ნახევარზე მამა გააღვიძა, ვერ ვარ კარგად, ყველაფერი მტკივაო. მაშინვე დამირეკეს და ვუთხარი, ახლავე გამოვუშვებ ბრიგადას-მეთქი, 12 წუთში მართლაც მივიდა სასწრაფო და ყველაფერი გაუკეთეს. ექიმმა მითხრა, რაღაც არ მომწონს, დაბუჟებული აქვს ფეხები, ფილტვებიც არ მომწონს და გადმომყავსო. ლუკას გზაში ღებინება და ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო, ფაქტობრივად, აგონიით შემოვიდა საავადმყოფოში. 12 კილომეტრია სოფლიდან ამბროლაურამდე. მადლობა იმ ჯგუფს, რომელიც საავადმყოფოში დაგვხვდა.

კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახეთ. მორიგე ექიმმა უთხრა, ნეიროგენური შოკია, აუცილებლად მესაჭიროება ბრიგადაო. უარი გვითხრეს, ყველა დაკავებულიაო და 20 წუთი გვალოდინეს. სამ საათში მოვიდა ბრიგადა, არაკვალიფიციური ექიმებით. ის კატასტროფის მანქანა უნდა ნახოთ, როგორი გაუმართავია. არადა, შეტყობინებაში ეწერა, რომ 16 წლის ბავშვი უგონოდ იყო. ეს ლენტეხის ბრიგადა იყო.

როცა მძიმე პაციენტი უფრო დამძიმდება გამართულ რეანიმაციის მანქანაში, ეს არ არის ექიმის ბრალი. არც ერთ ექიმს, არც ერთ ექთანს არ უნდა პაციენტის სიკვდილი, მაგრამ გაუმართავი მანქანით რომ მიდიხარ და დაუდევრობით და არაპროფესიონალიზმით დამძიმდება ბავშვი, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად