"მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს, სუნთქვა რომ გეკვრის ადამიანს. ისე მიყვარდა, მართლა ვერ ვსუნთქავდი"
"მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს, სუნთქვა რომ გეკვრის ადამიანს. ისე მიყვარდა, მართლა ვერ ვსუნთქავდი"
ადვოკატ ნანა ფრიდონაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის დღეს ბევრი ცნობილი ბრალდებულის დამცველია და არაერთ ხმაურიან პროცესში მონაწილეობს. თუმცა, მანამდე იყო ჟურნალისტობის 18-წლიანი პერიოდი, მისი არაერთი სტატია წაუკითხავს მკითხველს. ნანას მართლა საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი, მიზანსწრაფული ადამიანია და წლების მანძილზე ბევრ საინტერესო ადამიანთან უწევდა ურთიერთობა. თეატრზე მეოცნებე, მხიარული და ენერგიული გოგონა როგორ აღმოჩნდა ადვოკატურაში, მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ნანა, თეატრიდან ადვოკატურაში როგორ აღმოჩნდით?
- მეშვიდე კლასი
დან ზუსტად ვიცოდი, რა სპეციალობა უნდა ამერჩია და ეს დედაჩემის დიდი დამსახურებაა. თეატრში აქტიურად დავყავდი. აბონემენტი გვქონდა და აბსოლუტურად ყოველ საღამოს, ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი. იმდენად მომეწონა და ისე კარგად ვგრძნობდი თავს, სულ იქ ყოფნა მინდოდა. რამდენიმე სპექტაკლი იმდენჯერ მქონდა ნ
ანახი, რომ ყველა მცნობდა, მსახიობები სცენიდან მესალმებოდნენ. როგორც წესი, ყველა ბავშვი ოცნებობს მსახიობობაზე ან რეჟისორობაზე, მაგრამ მე თეატრმცოდნეობა მინდოდა. როდესაც შეამჩნევ, რა ინტერესი აქვს შენს შვილს, სწორედ ის უნდა განუვითარო. ცუდი მოსწავლე არ ვიყავი, მაგრამ ზოგჯერ ტექნიკურ საგანში კარგ ნიშანს რომ არ მივიღებდი, კლასის დამრიგებელი დედასთან მოვიდოდა და ეტყოდა, დღეს ნანა თეატრში არ გაუშვაო. დედაც არ მიშვებდა და ამას დღემდე ვერ ვპატიობ.

სპექტაკლი 7 საათზე იწყებოდა, ამ დროს რომ გადასცდებოდა და სახლში ვიყავი, ხმას არავის ვცემდი. მამაჩემი პროკურორი იყო, ძმა მყავს, მაგრამ მამას ყოველთვის უნდოდა, მე ჩამებარებინა იურიდიულზე და პროკურორი გავმხდარიყავი. კატეგორიულად ვამბობდი, რომ თეატრმცოდნეობა მინდოდა. 4 წელიწადში ერთხელ იყო თეატრალურ ინსტიტუტში თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე გამოცდები. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს არ იყო. გამოვაცხადე, მომავალ წელს დაველოდები-მეთქი. მამა მეხვეწებოდა, იურიდიულზე სცადეო, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. შემდეგ წელს უმაღლესი ქულებით ჩავირიცხე, რაც ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. პირველი ხუთიანი რომ დავინახე, ეს განცდა არასოდეს დამავიწყდება. იმ დღეს 6-ჯერ მივედი ინსტიტუტში სიის სანახავად. სადიპლომო თემად მესამე კურსზე ქალბატონ ნათელა ურუშაძის რჩევით, მედეა კუჭუხიძის შემოქმედება ავირჩიე და მას მერე არც მოვშორებივარ ქალბატონ მედეას გვერდიდან. იმდენად ვიყავი რეპეტიციებში ჩართული, რომ რეჟისორის ასისტენტი გავხდი და არც ერთი სპექტაკლი არ გამიცდენია. დურგალთანაც ვმუშაობდი, მხატვართანაც, კომპოზიტორთანაც, ყველაფერს ვეხებოდი, რომ თეატრი ბოლომდე შემესწავლა. დღემდე არ მბეზრდება თეატრზე ლაპარაკი.

- როგორც ვიცი, სტუდენტობის დროს შეგიყვარდათ მომავალი მეუღლე, რამაც შეცვალა თქვენი სამომავლო გეგმები.
- მეხუთე კურსზე ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში ჩემი აწ უკვე ცხონებული მეუღლე, ნუკრი გეგუჩაძე გამოჩნდა. მანამდე შეყვარებული არ ვყოფილვარ. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს, სუნთქვა რომ გეკვრის ადამიანს. ისე მიყვარდა, მართლა ვერ ვსუნთქავდი. სადიპლომო მქონდა დასაწერი და ვეღარ ვწერდი, თვალწინ სულ ნუკრი მედგა. თავს ვებრძოდი. როგორც იქნა, დიპლომი დავიცავი საკმაოდ წარმატებითაც. პეტერბურგში ან მოსკოვში უნდა გამეგრძელებინა ასპირანტურა, მაგრამ ნუკრიზე შეყვარებულმა გადავიფიქრე ასპირანტურაში ჩაბარება. მერე გავთხოვდი. უკვე შემეცვალა აზრები, სულ ნუკრის გვერდით მინდოდა ყოფნა. ის მუშაობდა, ისეთი გრაფიკი ჰქონდა, 7 საათზე სახლში არასოდეს მოდიოდა, მაგრამ მე 7 საათზე ფანჯარასთან ვიჯექი და მის მოსვლას ველოდებოდი. სულ მეგონა, უფრო მალე მოვიდოდა, თუ ფანჯარასთან ვიჯდებოდი. შინაგანი კავშირი მქონდა მძაფრი და ფიზიკურად ვგრძნობდი, როდის უჭირდა. შეიძლება გაზვიადებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ დღემდე არ მაქვს კავშირი მასთან დაკარგული, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია, გარდაცვლილია. როცა მივლინებაში მიდიოდა, ზოგჯერ მეც მივყავდი. ახლა მგონია, ცოტა ხანგრძლივ მივლინებაშია წასული და ოდესღაც მეც მასთან წავალ. დღე არ ღამდება ისე, ნუკრი არ ვახსენო. რა ისტორიაც უნდა გავიხსენო, ნუკრიც იქ არის. 18 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი, 4 წელი ვებრძოდით განუკურნებელ სენს, უცხოეთშიც ვიყავით, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. ბოლო 4 დღე წუთებით მახსოვს.

- გათხოვების შემდეგ თეატრს თავი დაანებეთ?
- წითელ დიპლომზე დავამთავრე, მაგრამ თეატრი გვერდზე გადავდე. მეუღლე ხელს არაფერში მიშლიდა, პირიქით, ოღონდ რამე გამეკეთებინა, ოღონდ რეალიზებული ვყოფილიყავი, მეტი განათლება მიმეღო, მაგრამ მე სახლში მინდოდა ვყოფილიყავი და მას დავლოდებოდი. ერთხელ ნუკრიმ ნახევრად ხუმრობით მითხრა, შენ ნამდვილად დაამთავრე თეატრალურიო? მაშინ მივხვდი, ზედმეტი ყურადღებითა და ჩაბღაუჭებით შესაძლებელი იყო, ნუკრისთვის საინტერესო აღარ ვყოფილიყავი. ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, ფიზიკურადაც წარმოსადეგი იყო და ჩემ თვალწინ ეარშიყებოდნენ ქალები. შემოთავაზება მივიღე გაზეთიდან - "თეატრი და ცხოვრება", იქ თეატრზე უნდა მეწერა. ნახევარ განაკვეთზე ვიყავი და 7 საათის მერე, მას ველოდებოდი... ამ დროს დაარსდა გაზეთი "ახალი თაობა" და იქ შემომთავაზეს მუშაობა. პრესაში 18 წელი ვიმუშავე და ხშირად მენატრება ჟურნალისტობა. პარალელურად დავიწყე "ახმეტელის თეატრში" მუშაობა, ლიტერატურულ ნაწილში. 90-იანი წლები იყო, "მხედრიონი" ბობოქრობდა. ერთ დღეს რედაქციაში მოვარდა მემწვანილე ქალი, კოლმეურნეობის მოედანზე დახოცეს მხედრიონელებმა საზამთროს გამყიდველებიო. მე ვწერდი თეატრზე, მაგრამ სოსო გოგინაშვილმა მითხრა, უნდა წახვიდე და რეპორტაჟი გააკეთოო. ძალიან კარგი რეპორტაჟი გამომივიდა და მას მერე სამართალზე დავიწყე წერა. ვწერდი თეატრზე ან სამართალზე. მერე ჩავაბარე იურიდიულზე. უმაღლეს დამთავრებულთათვის 4-წლიანი იყო. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?