"სულ მეუბნებოდა, ხომ იცი შენ უბრალო მეცო სოპრანო კი არა ეკონომისტ-მეცო სოპრანო ხარ, ჩვენი სიამაყეო... გული ძალიან დამწყდა" - კვირის პალიტრა

"სულ მეუბნებოდა, ხომ იცი შენ უბრალო მეცო სოპრანო კი არა ეკონომისტ-მეცო სოპრანო ხარ, ჩვენი სიამაყეო... გული ძალიან დამწყდა"

49 წლის ასაკში საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ნოდარ ხადურის გარდაცვალებას მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი ქეთევან ქემოკლიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მას ემოციური პოსტი მიუძღვნა.

"ჩვენ ოცწლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა და შეძრული ვარ ამ ამბით" - გვითხრა ქეთევან ქემოკლიძემ, რომელიც მადრიდიდან გვესაუბრა და ნოდარ ხადურზე მოგონება გაგვიზიარა:

- 20 წლის წინ, როცა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში პირველად მოვხვდი, ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. ბატონი ნოდარი ჩემი პირველი ლექტორი იყო და მის სემინარებს ყოველთვის სიამოვნებით ვესწრებოდი. შემდეგ ჩავერთე ნელნელა სხვადასხვა აქტივობაში და ისე მოხდა, რომ 2 წელიწადში ასოციაციის გამგეობის წევრიც გავხდი, სადაც ერთი გოგო ვიყავი და 9 უკვე გამოცდილი და წარმატებული ეკონომისტი ბიჭი, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა დროს იკავებდნენ და იკავებენ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებს. მათ შორის იყო ნოდარი, რომელთანაც ყველა პროფესიულ საკითხზე თუ პრობლემაზე საუბარი ნებისმიერ დროს შემეძლო. არ მახსოვს, რაიმე საკითხში შესძლებოდა დახმარება და უყურადღებოდ დავეტოვებინე. როდესაც ჩემი გადაწყვეტილება საოპერო კარიერის სასარგებლოდ გავაკეთე, პირველი იყო ჩემი ეკონომისტი მეგობრებიდან, ვისაც გავუმხილე და მითხრა, ვიცი იქაც ძალიან წარმატებული იქნები, შენს პირველ სოლო კონცერტს, რომ დავესწარი ამას მივხვდი და აბა შენ იცი, ეკონომისტები შენს გვერდით ვართ და უნდა გვასახელოო...

საქართველოდან წამოსვლის შემდეგ სულ ვკონტაქტობდით. ყველა ჩემი წარმატება უხაროდა და სულ მეუბნებოდა, ხომ იცი შენ უბრალო მეცო სოპრანო კი არა ეკონომისტ-მეცო სოპრანო ხარ, ჩვენი სიამაყეო... გული ძალიან დამწყდა, რადგან მისი სახით ნამდვილი მეგობარი დავკარგე. ვიზიარებ მისი ოჯახის და ყველა ახლობლის დიდ მწუხარებას, სამწუხაროდ, ასე შორიდან, მადრიდიდან. ძალინ კარგი ადამიანი და პროფესიონალი წავიდა ძალიან ადრე. სულ რამდენიმე დღის წინ გახდა 49 წლის და ძალიან დასანანია ასე ახალგაზრდა რომ გარდაიცვალა...

(სპეციალურად საიტისთვის)