"როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ, სწორედ მაშინ დამიჭირეს. 6-იდან 9 წლამდე ციხე მემუქრებოდა, ის კი ციხეში შემოვიდა და იქ დავქორწინდით" - კვირის პალიტრა

"როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ, სწორედ მაშინ დამიჭირეს. 6-იდან 9 წლამდე ციხე მემუქრებოდა, ის კი ციხეში შემოვიდა და იქ დავქორწინდით"

"როცა ცხოვრებაში ძალიან გიჭირს, მაშინ ხვდები, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი და გულშემატკივარი. ასეთ დროს ყველა ნიღაბს იხსნის და თავის ნამდვილ სახეს ამჟღავნებს", - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ოთარ აბესაძე,  რომელიც ორი წლის წინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"დღემდე ვერ ამიხსნია რა მოხდა. ირმა ჭკადუას, რომელიც ცნობილი ადვოკატია, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა, რომ ის კვალიფიციური აგენტ-პროვოკატორი ყოფილა. ყველაფერს თავი დავანებოთ და ლოგიკურად ვისმჯელოთ: 2017 წელს, როცა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ჩემს რეპუტაციას შევლახავდი და ადამიანს ფულს მოვთხოვდი, თანაც 3 ათას დოლარს? ეს სასაცილო თანხაა, რადგან იმ პერიოდში ჩემი ანაზღაურება საჯარო სამსახუირდან, საერთაშორისო პროექტებიდან თუ უნივერსიტეტებიდან გაცილებით მეტი იყო. იმის საჭიროება ნამდვილად არ მქონია, რომ ვიღაცისგან 3 ათასი დოლარი მომეთხოვა"

"თავიდან ხელი მქონდა ჩაქნეული და საქართველოდან სამუდამოდ გადახვეწაზეც ვფიქრობდი, ერთხანს ტაქსის მძღოლადაც ვმუშაობდი, რადგან სხვა სამსახური არ მქონდა, მაგრამ ამ განსაცდელში ძალიან დიდი შემწე მყავდა - ჩემი მეუღლე - დეა აფციაური. რომ არა ჩემი მეუღლე და მისი თანადგომა, მე ვერაფერს გავაკეთებდი. დეა საოცარი გოგოა! სანამ დამაკავებდნენ, შეყვარებულები ვიყავით და როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ, სწორედ მაშინ დამიჭირეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ყველაზე ბედნიერები ვიყავით. წარმოიდგინეთ მისი გმირობა, როცა 6-იდან 9 წლამდე ციხე მემუქრებოდა, ის ციხეში შემოვიდა და იქ დავქორწინდით. ეს ლამაზი, ჭკვიანი და განათლებული გოგონა ნამდვილად არ იმსახურებდა, რომ ყოველ მეორე დღეს, გლდანის ციხეში, ე.წ. პერედაჩების რიგში მდგარიყო. მან სასწაული მოახდინა და ციხეში არაფერი მომაკლო"

"უცნაური რამ მოხდა: სრულიად უცხო ადამიანების მხარდაჭერას ვგრძნობდი. ჩემს თავდებში ჩადგომაზე 10 ათასმა კაცმა მოაწერა ხელი, უმეტესობას არც კი ვიცნობ და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. არ მავიწყდება უცხო ხალხის თანადგომა. მაგალითად: სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მგზავრობის ფულს არ მართმევდნენ, ერთხელ, ციხიდან ახალი გამოსული რომ ვიყავი, 131-ე ტაქსის მძღოლმა ჯიბეში 20 ლარი ჩამიდო - არ გექნება და გამოგადგებაო... იმ საოცარი კაცის სახელი და გვარიც კი არ ვიცი, თორემ თქვენი ჟურნალის დახმარებით ყველას გავაცნობდი! დეა სულ მეხუმრებოდა: ისეთი ბრალდებით, რომლითაც შენ დაგიჭირეს, ევროპაში ხალხს მიმტანებიც არ ემსახურებიან, შენ კი პირიქით, აქეთ გეხმარებიანო. როცა მაღალ თანამდებობაზე ხარ და კარგად ხარ, ყველა შენი მეგობარია, მაგრამ როცა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდები, შენ გვერდით მხოლოდ ოჯახი და საყვარელი ადამიანები რჩებიან - მინდა ეს ყველამ იცოდეს. ჩემი მშობლები ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდნენ. ძალიან ხიფათიანი ბავშვი ვიყავი და ეს თვისება დიდობაშიც გადმოგყვაო - ახლაც მეუბნება დედაჩემი - ნინო აბესაძე, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორია. ის, რაც დამემართა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო. ამ ამბების შემდეგ ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე, მაგრამ ყველას ყველაფერი ვაპატიე. იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ გაჭირვებაში ხვდები, ვინ არის შენი ერთგული. ჩემს სამეგობროში ყველაზე ერთგული და უღალატო მეგობარი ჩემი ძაღლი მაილო აღმოჩნდა" (იხილეთ სრულად)