"კარგი იქნებოდა, ამ ამბავზე 50 წლის წინ თქმულიყო" - ვინ არის კაცი, რომელმაც საბჭოთა ეპოქაში ქართული რობოტი შექმნა?
12-09-2019
"კარგი იქნებოდა, ამ ამბავზე 50 წლის წინ თქმულიყო" - ვინ არის კაცი, რომელმაც საბჭოთა ეპოქაში ქართული რობოტი შექმნა?
ფოტო:ვლადიმერ სანდროშვილი
"კარგი იქნებოდა, ამ ამბავზე 50 წლის წინ თქმულიყო, მეც ძალიან გამეხარდებოდა, თორემ ახლა ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა. 5 ინფარქტი გადავიტანე, 4-ჯერ გულის ოპერაცია ჩამიტარდა, რაღა დროს ჩემი ინტერვიუა", - მითხრა ჩემმა მასპინძელმა, რომელსაც ახალციხეში ყოფნისას ჩემს იქაურ მეგობარ მზევინარ მჟავანაძესთან ერთად თავის პატარა, საკუთარი ხელით მოწყობილ-გალამაზებულ საოჯახო სასტუმროში ვეწვიე. ერთი სული მქონდა, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს ეპოქაში მის მიერ შექმნილი ქართული რობოტი მენახა. ინტერვიუზე კატეგორიული უარი მივიღე, - სხვებივით ტელევიზიასა
და რადიოში ხშირად რომ მელაპარაკა, მით უფრო - საკუთარი თავი მექო, ახლა, ალბათ, დიდი კაცი ვიქნებოდი, მაგრამ თავის გამოჩენა არც ახლა მინდა. რა ვქნა, ამგვარი ცხოვრება მირჩევნია - ჩემთვის ვიყო ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად. ახლა რაღაა? დავამთავრე უკვე ცხოვრება. ინგლისიდან ნათესავები მყავს სტუმრად, აგერ,
ეზოში დავსხდეთ, ვისაუბროთ და თუ რაიმე დაგაინტერესებს, რაც მოგესურვება, თავად დაწერეო... მისმა ძალიან ყურადღებიანმა მეუღლემ, ქალბატონმა ეთერმა სასწრაფოდ ჩინებული სუფრა გაგვიშალა და შესანიშნავი გარემო შეგვიქმნა გულითადად სასაუბროდ. მეც სხვა რა გზა მქონდა...

ისე, ცხოვრების დამთავრების რა გითხრათ, რადგან ჩემი მასპინძელი - 67 წლის ვლადიმერ სანდროშვილი საკმაოდ ხალისიანი და ენერგიული ადამიანი ჩანდა. ცხადია, უპირველესად, რობოტის ნახვა მოვინდომე და ვლადიმერ სანდროშვილის 1970-ანი წლების ქმნილებამ მართლაც გამაოცა. შინ თავისივე შექმნილი სხვა ულამაზესი ნივთებიც დავათვალიერე - ყანწები, მდინარეში ნაპოვნი, ხის ფესვებისგან გაკეთებული შანდლები, ძველი პატეფონები, რომელთაგან ერთ-ერთი თავად გადაუკეთებია, ეზოში - ბუხარი, ქვევრები, გამომწვარ ხეზე შესრულებული ნახატები, ფეხიან საკერავ მანქანაზე მოწყობილი მაყალი (სადაც ჩვენ თვალწინ მისი რძლის - ნინოსა და შვილიშვილის - შოთიკოს ხელით დაჭერილი მდინარის კალმახი შეიწვა), კედელზე შექმნილი მოზაიკა და ა.შ. ამ ადამიანს მარტო "ოქროს გონება" კი არა, ხელებიც "ოქროსი" ჰქონია.

ვიდრე რობოტის ამბავს მოგიყვებით, უპირველესად, ბატონ ვლადიმერზე გიამბობთ, ამით უკეთ მიხვდებით, რატომ და როგორ შეიქმნა ეს რობოტი.

ვლადიმერ სანდროშვილი მესხეთის სოფელ რუსთავიდან არის, - იმ რუსთავიდან ვარ, სადაც შოთა რუსთაველი დაიბადა, გაიზარდა და თავისი "ვეფხისტყაოსანი" დაწერა, ამიტომაც დაარქვეს მამაჩემს შოთა და ამიტომ ვუწოდეთ ჩემს შვილიშვილსაც შოთა. ამ ტრადიციას გააგრძელებს ჩემი შთამომავლობაცო, - მითხრა. რაკი რუსთავიდან იყო, ძალიან უნდოდა, თურმე, გვარადაც "რუსთაველი" ჰქონოდა, მაგრამ იმჟამინდელ ხელისუფლებას ამაზე უარი უთქვამს...
ვლადიმერ სანდროშვილი მეუღლესთან ერთად
ბატონმა ვლადიმერმა 8-წლიანი განათლება რუსთავის სკოლაში მიიღო, 14 წლისა კი სწავლის გასაგრძელებლად თბილისში წავიდა. 1970-იანი წლების დასაწყისში მან ჯერ პოლიტექნიკური ტექნიკუმი დაამთავრა, შემდეგ - იქვე არსებული ელექტროტექნიკური ინსტიტუტის მოსკოვის ფილიალში განაგრძო სწავლა. სწავლის პერიოდშივე, 3 წლით გერმანიაში, სარაკეტო ნაწილში გადაიყვანეს სამუშაოდ და ამ გასაიდუმლოებულ სამხედრო ნაწილში ყოფნა უმაღლეს სასწავლებელში სწავლებად ჩაუთვალეს. თავად მითხრა, ძალიან საინტერესო სამსახური მქონდა, ბევრი რამ შევისწავლე და იქ დარჩენაც კი მინდოდა, მაგრამ 12 მეტრის სიმაღლის ლოკატორიდან ჩამოვარდი, სერიოზული დაზიანება მივიღე და ამიტომ უკან, საქართველოში გამომიშვესო...

მას შემდეგ ახალციხეში ჩავიდა და 45 წლის განმავლობაში მუშაობდა ახალციხის კავშირგაბმულობის ურთულეს სისტემაში, სადაც, ზოგადად, სისწრაფე და ოპერატიულობა ძალიან ძვირად ფასობდა, არადა, იმჟამინდელი ტექნიკით ტელეფონით კომუნიკაციასაც კი გაჭირვებით ახერხებდნენ. ამ ვითარებას ისიც ართულებდა, რომ ახალციხე დახურული ზონა იყო, საბჭოთა ჯარები იდგნენ და სპეციალური საშვის გარეშე იქ ვერც მოხვდებოდი, მთელ მხარეს კი საბჭოთა ხელისუფლების, უფრო ზუსტად კი, რუსეთის უშიშროების სამსახური განაგებდა. ვლადიმერ სანდროშვილი თავისი ცოდნით, განათლებით, გონიერებით ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდებოდა. 45 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა საფეხურიდან საფეხურამდე და, საბოლოოდ, ისეთი საქმე ჩააბარეს, რასაც მთელ რეგიონში ვერავინ გაართმევდა თავს - 5 რაიონის კავშირგაბმულობის სამსახურის ხელმძღვანელობა. დიდი ოჯახის უმცროსი შვილი იყო, მშობლების პატრონობაც საკუთარ თავზე აიღო და ახალციხეში მეუღლესთან და შვილთან ერთად დასახლდა. ცოლ-ქმარი ერთად მუშაობდა და 45 წელიწადიც ასე ერთად გაატარეს - შინაც და სამსახურშიც. დღემდე ახალციხეში ცხოვრობენ, ტკბილად და ბედნიერად შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად.

რაც შეეხება ვლადიმერ სანდროშვილის გამოგონებებს, აღმოჩნდა, რომ ამგვარი უნარი და გატაცება ბავშვობიდან ჰქონია, მერე კი, მუშაობის პერიოდში, საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაუკეთებია. მითხრა, - ათასნაირი გიჟური იდეა მიტრიალებდა ხოლმე თავში. მაგალითად, საზღვარგარეთიდან აპარატურა რომ შემოჰქონდათ, მისი ცალკეული ნაწილები არ შემოდიოდა. თუ თავად შემოიტანდი, ძალიან ძვირი დაგიჯდებოდა, ამიტომ რაიმე მწყობრიდან რომ გამოვიდოდა, საბჭოთა ნაწილებს გადავაკეთებ-გადმოვაკეთებდი, ახალს ვქმნიდი და ასე ვაუმჯობესებდი ძველ მოწყობილობებსო.
ვლადიმერ სანდროშვილი თავისი შქმნილი შანდლით
ცხადია, სახელმწიფოსთვისაც მომგებიანი იქნებოდა ამგვარი ნოვაცია და - კონკრეტული ადამიანებისთვისაც. ამიტომაც რაციონალიზატორული და საგამომგონებლო საქმიანობით საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროში ვლადიმერ სანდროშვილს მესამე ადგილი ეკავა. ყოველი წლის ბოლოს, თურმე, 900 მანეთის ოდენობით პრემიასაც იღებდა და თუ რაიმე კონკრეტულს გამოიგონებდა, მას კიდევ ცალკე უფასებდნენ. პირველი ციფრული ტექნოლოგიაც ახალციხეში მისი მუშაობისას, 2008 წლიდან დანერგეს. რომ იტყვიან, "ჯართით" დაიწყო და ციფრულ ტექნოლოგიამდე მიიყვანა საქმე, ახლა კი, 3 წელიწადია, სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც პენსიონერი, არადა, საკმაოდ ყოჩაღადაა, მხნედ და გონებაც შესანიშნავად უჭრის, და რატომღაც მგონია, ქვეყნისთვის დღესაც ბევრის გაკეთებას შეძლებდა. გამორჩეული მუშაობის ჯილდოდ კი დარჩა ის ტერიტორია, სადაც ერთმანეთს შევხვდით - კავშირგაბმულობის სამინისტროს კუთვნილი ადგილი მინისტრს მისთვის ავტოფარეხისთვის გადაუცია...

ვლადიმერ სანდროშვილის პირველი საოჯახო გამოგონება კი ის რობოტი იყო, მეუღლის - ქალბატონი ეთერის შრომის შესამსუბუქებლად რომ შექმნა ანუ რობოტი-თანაშემწე. თავად მითხრა, როცა ვმუშაობდი, ფაქტობრივად, შინიდან სულ გასული ვიყავი, გამოძახებიდან გამოძახებაზე დავდიოდი, მეუღლეს ფიზიკურად ვერაფრით ვეხმარებოდი, ამიტომ გადავწყვიტე, მისთვის თანაშემწე "ამეყვანაო". კავშირგაბმულობის დეტალებით თავდაპირველად ფიტული გააკეთა და ადამიანის ფორმა მისცა. ამის შემდეგ გაუჩნდა "ჯადოსნური აკვნის" ანუ ელექტროაკვნის შექმნის იდეა. იდეა მალევე განახორციელა და შექმნა მოწყობილობა, რომელიც მის მეუღლეს მართლაც ძალიან უმსუბუქებდა შრომას. "ჯადოსნურ აკვანს" სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა - მასზე მიმაგრებული იყო მიკროფონი და ყურსასმენები. ვთქვათ, აკვანში ჩაწვენილი ბავშვი რომ იტირებდა, ტირილის ხმას რობოტის აპარატურა "იგებდა" და, შესაბამისად, რეაგირებდა - მაშინვე არწევდა აკვანს, პარალელურად, ირთვებოდა მუსიკაც - მაგნიტოფონ "რევერსის" კასეტაზე მხოლოდ "იავნანები" იყო ჩაწერილი და ასე - რწევითა და "იავნანით" ბავშვი მალევე იძინებდა. - მაშინ ფლეშკები სად იყო, ამიტომ ძლივს ვიშოვე ისეთი მაგნიტოფონი, მეუღლეს კასეტის გადატრიალება რომ არ დასჭირვებოდაო, - დამიზუსტა რობოტის ავტორმა. თურმე, ბავშვი თუ ტირილს შეწყვეტდა, აკვანიც წყვეტდა რწევას და მუსიკაც ითიშებოდა. იმ პერიოდში პამპერსები არ იყო, ამიტომ, ვთქვათ, ბავშვი თუ ჩაისველებდა, აპარატურა იმწამს იღებდა სიგნალს და საგანგებო, განსხვავებული ხმოვანი სიგნალითა და ნათურების ციმციმით იტყობინებოდა, რომ ბავშვს გამოცვლა სჭირდებოდა. ამ აკვანში ქალბატონ ეთერს შვილიშვილები სამ თვემდე გაუზრდია. "ჯადოსნური" აკვანი რომ ვერსად დავინახე, მოვიკითხე და აღმოჩნდა, მის სანახავად ყოველდღიურად იმდენი ნაცნობი თუ უცნობი მიდიოდა ოჯახში, ბატონ ვლადიმერს ამდენი ქეიფი ყელში ამოსვლია და ერთ მშვენიერ დღეს აკვანი კინაღამ დაუმტვრევია. საბოლოოდ, "ჯადოსნური აკვანი" განადგურებისგან ისევ და ისევ ბავშვებმა იხსნეს და სოფელში გაამგზავრეს, თავად რობოტმა თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრა ოჯახში.

(სპეციალურად საიტისთვის)

ებლაყუნებით
12 სექტემბერი 2019 15:29
ეხლა ცოცხალი იქნებოდა? გიფიქრიათ ამაზე?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?