"აი, ასეთი კაცი წავიდა ამ ბოღმითა და ღვარძლით სავსე ქვეყნიდან, ჩვენ კი დავრჩით... კითხვაზე - როგორი? მე ერთი პასუხი მაქვს - კაცური!" - კვირის პალიტრა

"აი, ასეთი კაცი წავიდა ამ ბოღმითა და ღვარძლით სავსე ქვეყნიდან, ჩვენ კი დავრჩით... კითხვაზე - როგორი? მე ერთი პასუხი მაქვს - კაცური!"

ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნოდარ ხადურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაც მისი ცხოვრებისა და საქმიანობის არაერთი საინტერესო ისტორია გაიხსენეს. (იხილეთ)

"კვირის პალიტრა" კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. აქვე გთავაზობთ ჟურნალისტ ელგა ფოლადიშვილის "ფეისბუკსტატუსს":

"მე ჩემს ისტორიას დავამატებ, რადგან ეს ყველაფერი ვიცოდი... აი, ის პროექტი " საქართველო ჩემი სამშობლოა" რომ ერქვა და ექვსი წლის წინ ოცი ემიგრანტი ბავშვი საქართველოში ჩამოიყვანა, საკუთარი ქვეყანა გააცნო და შეაყვარა, წიგნი დააწრინა და ფილმი გადააღებინა, ამ კაცის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით დაფინასდა.

არასდროს დამიმალავს, ან დასამალი რა იყო, სტუდენტობიდან ვმეგობრობდით. ფინანსთა მინისტრი რომ გახდა, ჩემი "აკვიატებული იდეეით" გამოვეცხადე კაბინეტში. ცოტა გაკვირვებული კი მისმენდა (სავარაუდოდ, რამე პირად თხოვნას ელოდა), მერე გაეცინა და მითხრა: შენი საშველი არ არის, იდეალისტად დარჩები. იდეა ძალიან კარგია და ყველანაირად ვეცდები მხარი დავუჭიროთ, ოღონდ, როგორც შენი მეგობარი და აწ უკვე ფინანსთა მინისტრი გეუბნები, რომ ეგ თანხა არ გეყოფა, ბავშვების რაოდენობა შეამცირეო.

მეყოფა - მეთქი, გავჯიუტდი. კარგიო, მითხრა, თუ შენ ამ თანხად მაგ პროექტს გააკეთებ, ფინანსთა მინატრიბაზე უარს ვიტყვი და ამ სავარძელს შენ დაგითმობო. ბევრი ვიცინეთ, ვინც იცნობდა ალბათ ამ კადრის წარმოდგენაც შეუძლია, განუმეორებელი იუმორი ჰქონდა...

პროექტი დაფინანსდა. (ქავერზე დღემდე ამ ბავშვების ფოტო მიდევს). რამდენად წარმატებული იყო ეს პროექტი და რამდენად შეცვალა ამ ბავშვების, და არა მხოლოდ მათი ცხოვრება, ამაზე საუბარს აქ არ ვაპირებ.

მადლობის სათქმელად რომ მივედი, აქეთ გადამიხადა მადლობა. რაოდენობა არ შემიმცირებია, პირიქით 12 დან 20 მდე გავზარდეთქო, ვუთხარი. ეს როგორიო? გაკვირვებულმა მკითხა. მე ვიყავი 9-თქო, ვუპასუხე, ნიშნისმოგებით და ისევ ბევრი ვიცინეთ.

ბოლოს ახლობლის დაკრძალვაზე შევხვდით ერთმანეთს. უკვე აღარ იყო მინისტრი. აი, ხომ ხედავ, სიტყვა შევასრულე და გადავდექიო, მითხრა. ისევ ვიცინეთ. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო.

აი, ასეთი კაცი წავიდა ამ ბოღმითა და ღვარძლით სავსე ქვეყნიდან.

"ჩვენ კი დავრჩით ამ ბოღმითა და ღვარძლით სავსე ქვეყანაში, სადაც კითხვაზე - როგორი? მე ერთი პასუხი მაქვს - კაცური!" წყარო

იხილეთ ასევე: "არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე... სხვების ნაცვლად მე შემრცხვა" - რას წერს გიორგი კალანდია "ფეისბუკში"