"ბოლო დროს ოჯახის ინსტიტუტი არათუ გაუფასურდა, გაითელა კიდეც... ქორწინება ბევრისთვის ტრავმის მომტანი უფროა, ვიდრე ბედნიერების" - კვირის პალიტრა

"ბოლო დროს ოჯახის ინსტიტუტი არათუ გაუფასურდა, გაითელა კიდეც... ქორწინება ბევრისთვის ტრავმის მომტანი უფროა, ვიდრე ბედნიერების"

"უფულობის და უსახსრობის გამო დაოჯახებისგან თავი არ უნდა შეიკავო, რადგან თუ ოჯახში სიყვარულია, ასეთი ოჯახი ყველაფერს გაუძლებს"

ჩვენში 17-18 წლის ასაკში ქორწინება არავის უკვირს, თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა და ქორწინების ასაკმა გადაიწია. თუ ადრე 30-35 წლის ასაკში ქორწინებას დაგვიანებულად მიიჩნევდნენ, დღეს ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ზოგიერთები უფრო გვიანაც ქმნიან ოჯახს და ამას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ქართველები.

"როცა სიყვარულისგან "დაბრმავდები", ოჯახი მაშინ უნდა შექმნა"

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- ზოგიერთი ფიქრობს, რომ ადამიანები ფინანსური პრობლემების გამო არ ქორწინდებიან, მაგრამ მე ეს ფაქტორი მეორეხარისხოვანი მგონია. ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, რომელსაც მატერიალურად არ ულხინს, მაგრამ მისი წევრები მაინც შეხმატკბილებულად ცხოვრობენ. ამიტომ, მთავარია მიხვდე, არის თუ არა ეს ადამიანი შენი ცხოვრების თანამგზავრი. ოჯახიც გაცნობიერებულად უნდა შექმნა და არა - ემოციების კარნახით. ჩემი აზრით, ის, ვინც ოჯახს ზრდასრულ ასაკში ქმნის, ცხოვრებისეული გამოცდებისთვის უფრო მზად არის და ოჯახსაც ინარჩუნებს, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები არ ამართლებს - მე მყავს მეგობრები, რომლებმაც ასე ვთქვათ ნაადრევად იქორწინეს, მაგრამ უკვე წლებია, ერთად არიან და ბედნიერად ცხოვრობენ. ადამიანს გააჩნია, - ვინ რაში პოულობს ბედნიერებას. ამიტომ, როცა სიყვარული გეწვევა და ამ გრძნობისგან "დაბრმავდები", ოჯახიც სწორედ მაშინ უნდა შექმნა. მნიშვნელობა არა აქვს, 15 წლის იქნები, 30-ის, 60-ის თუ 35-ის, მთავარია, გიყვარდეს.

"ვნანობ, რომ მესამე შვილი არ გავაჩინე - ამქვეყნად ერთით მეტი, უკეთილშობილესი გოგიჩა ივლიდა!"

ნათია ბანძელაძე, ჟურნალისტი: - მეც ასე ვფიქრობ: ხშირად ძნელია იპოვო ადამიანი, ვინც შენი ცხოვრების მთავარი ნავსაყუდელი, იმედი და მამოძრავებელი ძალა იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, ადრე იპოვი თუ გვიან, მთავარია, იპოვო. მე და გოგიჩა (გიორგი გოგიჩაიშვილი) ძალიან ადრე დავქორწინდით: მე 18 წლისა ვიყავი, ის კი - 20-ის. 23 წლისა, უკვე ორი შვილის დედა ვიყავი და არ მიჭირდა, რადგან გოგიჩა ყოველთვის მხარში მედგა. ის ხშირად ხუმრობდა: ბავშვებს დედაც მე ვგონივარო. სწორედ მისგან ვისწავლე, რომ ოჯახი ჩვენი ცხოვრების საზრისი და მთავარი ფასეულობაა. გოგიჩა იმდენად მოსიყვარულე და კარგი მამა იყო, ახლა ძალიან ვნანობ, მესამე შვილი რომ არ გავაჩინე - ამქვეყნად ერთით მეტი, უკეთილშობილესი გოგიჩა ივლიდა და ამაზე უკეთესი რა იქნებოდა?! ჩემს აზრს არავის ვახვევ, მაგრამ მგონია, რომ ბოლო დროს ოჯახის ინსტიტუტი არათუ გაუფასურდა, გაითელა კიდეც. თუ ოჯახების ნგრევის სტატისტიკას გავითვალისწინებთ, ქორწინება ბევრისთვის ტრავმის მომტანი უფროა, ვიდრე ბედნიერებისა და ეს ძალიან საწყენია. რატომ აგვიანებენ ოჯახის შექმნას? - ამის მიზეზი ალბათ შიშია: შიში იმისა, რომ შვილებს სათანადო განათლებას ვერ მისცემენ და ღირსეულ მომავალს ვერ შეუქმნიან. ალბათ, ვიღაცისთვის ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევაცაა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.

"დღევანდელი ახალგაზრდები შედარებით გვიან ოჯახდებიან და ეს კარგია"

ნუკრი კაპანაძე, მომღერალი:

- თითქოს მარტივი თემაა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთული და ფაქიზი. ალბათ, ყველას თავისი არჩევანი აქვს. მე მომწონს და პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ მეტი ისწავლონ, განათლება მიიღონ და თავიანთი საქმის პროფესიონალები გახდნენ. ისინი ცდილობენ არ იყონ დამოკიდებული მშობლებზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა. წლების წინ, ახალგაზრდებს ბოლომდე არც კი ჰქონდათ გააზრებული ეს დიდი პასუხისმგებლობა და ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ. ასეთ წყვილს ერთმანეთი თანდათან ბეზრდებოდა და მათი ურთიერთობა მხოლოდ გარეგნულად ჩანდა ბედნიერი. მე მიმაჩნია, რომ ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა უფრო ჰორმონების დამსახურებაა. როცა ზრდასრულ ადამიანს არა აქვს სამსახური, არა აქვს შემოსავალი, ბუნებრივია, ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდება. ეს ადამიანები ფიქრობენ - როგორ უნდა იცხოვრონ ქვეყანაში, რომელიც ასაწყობი და დასალაგებელია? შვილის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა და ხომ უნდა დაფიქრდე - შეძლებ კი მის მოვლასა და სათანადო აღზრდას? საბედნიეროდ, დღეს სულ სხვა თაობა მოდის - დღევანდელი ახალგაზრდები შედარებით გვიან ოჯახდებიან და ეს კარგია. ამ თაობამ ზუსტად იცის, რომ მშობლებზე ან მეუღლეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. გამოგიტყდებით, რომ მათი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი ძალიან მომწონს.

"ყველა მრავალშვილიანი ოჯახი უნდა დავაფასოთ"

ნიკა წულუკიძე, ხელოვნებათმცოდნე: - მე პირველ რიგში, დემოგრაფიულ პრობლემებს შევეხები, რომელიც საქართველოში ძალზე მწვავედ დგას, განსაკუთრებით, რეგიონებში, სადაც თეატრი არა აქვთ, კინო არა აქვთ და ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაახლოება უჭირთ. თუმცა, ამ პრობლემას ძალიან უშველა უწმინდესის მიმართვამ, რომ ყველა მსურველს მესამე შვილს მოუნათლავდა. მე ვიცი ოჯახები, რომლებმაც სწორედ იმიტომ გააჩინეს შვილები, რომ უწმინდესს მოენათლა. სამწუხაროდ, გაერომ ჩვენი ერი ოფიციალურად შეიყვანა გადაშენების გზაზე მყოფი ერების სიაში, ამიტომ, დემოგრაფიას სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ და ყველა მრავალშვილიანი ოჯახი განსაკუთრებით დავაფასოთ. რაც შეეხება დაგვიანებულ ქორწინებებს, ეს უფრო სოციალური პრობლემებით არის განპირობებული, თუმცა, ტენდენცია ევროპულმა სიომაც მოიტანა. მე ვფიქრობ, ადამიანს როცა სურს, მაშინ უნდა დაოჯახდეს, მთავარია, ბედნიერი იყოს. (იხილეთ სრულად)