თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ჩატარდება - კვირის პალიტრა

თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ჩატარდება

15 სექტემბერს ქალაქ თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ჩატარდება. აღნიშნული ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ქვემო-ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების, საზოგადოებრივი გაერთიანება "საყდრისის კომიტეტის" და კომპანია "არ-ემ-ჯის" მიერ ორგანიზებულია და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის თანამედროვე გამოწვევებსა და ამ მხრივ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად. ფორუმის მსვლელობისას წარმოჩენილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის როლი სათემო გაერთიანებების მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

"ფორუმის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარადგენს უწყების ყველა ძირითად მიმართულებას და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას.

საზოგადოებრივი გაერთიანება "საყდრისის კომიტეტის" პრეზენტაცია შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში წლების მანძილზე გაწეული სხვადასხვა აქტივობას და მის შედეგებს.

კომპანია "არ-ემ-ჯი" ფორუმის სტუმრებს 4 წლიანი პროგრამით გათვალისწინებული 7 ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაციის მიმადინარეობას გააცნობს, რომლისთვისაც "არ-ემ-ჯი" ჯგუფს 2 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვემო ქართლის რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში, ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოტენციალს წარმოადგენს.

ხოლო, რეგიონის თვითმმართველი ერთეულებს კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმზე სპეციალური სივრცეები დაეთმობათ, სადაც ტრადიციული რეწვის და აგროსამრეწველო პროდუქტებთან ერთად ეთნოგრაფიული მასალებიც გამოიფინება.

კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი მოიცავს სანახაობრივ და გასართობ პროგრამასაც: სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს, სპორტულ ასპარეზობებსა და დასკვნით ნაწილში - საესტრადო კონცერტს.

მომავალში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ქვეყნის ყველა რეგიონში მოეწყობა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.