"შვილის სიკვდილის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში შინიდან არ გავსულვარო"
"შვილის სიკვდილის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში შინიდან არ გავსულვარო"
ფოტო:კოტე თოლორაია და ლია კაპანაძე. კადრი ფილმიდან: "წყალდიდობა"
მახსოვს, რამდენიმე წლის წინ მითხრა: საბავშვო ბაღის დირექტორი უნდა ვყოფილიყავი ან სპორტს გავყოლოდი - არც ბავშვებთან გჭირდება მლიქვნელობა, არც მეტოქე სპორტსმენთან - ჩაუტარებ ილეთს, წააქცევ და მორჩა. მლიქვნელი კი არც არასდროს ვყოფილვარ, ეგ კი არა, ზედმეტად მორიდებულიც ვიყავი და შეიძლება ამით ბევრი რამ დავაკელი საკუთარ თავსო... პროფესიად მსახიობობა აირჩია. კოტე თოლორაიაც და მისი მეუღლეც, ცნობილი არტისტი თამარ სხირტლაძე და მათი ვაჟი, ნაადრევად გარდაცვლილი "ღიმილის ბიჭი - ცხვირა" - თაზო თოლორაია,
დიდი ქართული თეატრალური ოჯახის წევრები არიან!
მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი უხუცესი მსახიობი, კოტე თოლორაია 2017 წელს 91 წლისა გარდაიცვალა.

მანაც და ქალბატონმა თამარ სხირტლაძემაც კოტე მარჯანიშვილის თეატრთან არსებული უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული სტუდია დაამთავრეს და ბატონი კოტე მარჯანიშვილის თეატრში დარჩა.
კოტე თოლორაია
"მაშინ პირველად გადამიღო გიორგი შენგელაიამ მოკლემეტრაჟიან
მხატვრულ ფილმში - "ჯილდო". ამას მოჰყვა მთავარი როლი ფილმში - "ქალის ტვირთი". როცა მითხრეს, იაშა ტრიპოლსკი, გიორგი შავგულიძე, თამარ წულუკიძე, ალექსანდრე ომიაძე, გოგი გეგეჭკორი, მარინე თბილელი თამაშობდნენ, ძალიან გამიხარდა და დავთანხმდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთობლივი ეპიზოდები თითქმის არ გვქონდა და შესაბამისად, გადასაღებ მოედანზეც იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს - ისინი ინტელიგენციის წამომადგენლებს ასახიერებდნენ, ჩვენ მუშები და რევოლუციონერები ვიყავით. გადაღება რომ დასრულდა, მარინე თბილელმა მითხრა: რეჟისორმა შენზე თქვა, ამ ბიჭის გარეშე ფილმს აღარ გადავიღებო. ძალიან გამიხარდა, მაგრამ მორიდებული ვიყავი და ვარ - არ მიყვარს, როდესაც ვინმეს თვალში ვეჩხირები. ვთქვათ, დიდი არტისტია ან რეჟისორი და წარმატებას ულოცავენ, ვფიქრობ, ჩემი მილოცვა ზედმეტი არ აღმოჩნდეს-მეთქი და გავერიდები ხოლმე. განა იმიტომ, რომ რამეს ვუკადრისობ! ამიტომ არც ის რეჟისორი შემიწუხებია ოდესმე, ვისაც ძალიან მოვეწონე და... მას შემდეგ ბევრი ფილმი გადაიღო, მაგრამ არც ერთხელ არ მიმიწვია. თურმე, მაგ დროს მეტად უნდა იაქტიურო, დაურეკო, შეაქო და ასე შემდეგ. ასეთი რამ საჭირო ყოფილა, მე კი პირიქით ვიქცეოდი. ერთხელ თეატრის მსახიობები გასვლითი წარმოდგენის სათამაშოდ ავტობუსით მივდიოდით და გზად ერთი დიდი რეჟისორი (გვარს არ დავასახელებ) და რუსთაველის თეატრის დიდი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე შევნიშნეთ. ჩვენებმა შეჰკივლეს და მათ შესაგებებლად გადაცვივდნენ ავტობუსიდან. მხოლოდ მე და "კოსტიუმერშა" დავრჩით - არ შემიძლია ასეთი აჟიოტაჟის მოწყობა. ის რეჟისორი გამოეყო ჩვენს მსახიობებს, ავტობუსის ფანჯარასთან მოვიდა და მისაყვედურა: არ გეკადრება მოსვლაო? არადა, იცით, როგორ მიყვარდა ის ადამიანი და როგორ პატივს ვცემდი? ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ალბათ, ბოლომდე მისი მოწინააღმდეგე ვეგონე"...

მიუხედავად ასეთი მორიდებულობისა, ლამის, სიცოცხლის ბოლომდე, თეატრში იყო და პატივს სცემდნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოვინდომე მასთან ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ ავადმყოფობის გამო სამწუხაროდ, ვერ შეძლო - მის მაგივრად ქალბატონ თამარს უხდებოდა მობოდიშება და მორიდებული უარის თქმა.

წლების წინ ვაჟი - თაზო თოლორაია რომ გარდაიცვალა, კარგა ხანს მოსწყდა გარე სამყაროს.

- შვილის სიკვდილის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში შინიდან არ გამოვსულვარო, - მითხრა ერთხელ... და დაამატა: " ჩემი მეუღლის დამსახურებაა, თეატრს რომ დავუბრუნდი. ისიც მე მიმადლის თეატრში დაბრუნებას - როდესაც მედეა ჩახავასთან ერთად შესთავაზეს თამაში, მკითხა, როგორ მოვიქცეო? - მე ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. ვუთხარი: თუ ჩემი გადარჩენა გინდა, წადი-მეთქი და დათანხმდა. ისე კარგად ითამაშეს, ორივემ სახელმწიფო პრემია დაიმსახურა".

იმხანად თეატრში დასაბრუნებლად, მეუღლესთან ერთად, თავისი პროფესიონალიზმიც დაეხმარა - იცოდა, სულით ხორცამდე არტისტი რომ ხარ, ნებისმიერ ვითარებაში უნდა დადგე სცენაზე. გახარებული იყო, რეჟისორმა ლევან წულაძემ რამდენიმე ეპიზოდური როლი რომ მისცა. კინოში მხოლოდ სამი სერიოზული როლი ჰქონდა, ისე, 20-მდე ფილმში გადაიღეს.

"კარგად მახსენდება თენგიზ გოშაძის "წყალდიდობა", სადაც მთავარ როლს ვასრულებდი. ჩემი პარტნიორი მსახიობი ლია კაპანაძე იყო.

"პიერი მილიციის თანამშრომელში" მე, გივი ბერიკაშვილი და კარლო საკანდელიძე ქურდების როლს ვასრულებთ. რეჟისორს დიდცხვირიანი გმირები სჭირდებოდა და ჩვენ იმიტომ შეგვარჩია. ოთარ კობერიძემ მათამაშა კიდევ მთავარი როლი ფილმში "ვინ არის მეოთხე". ჩემს გმირსაც კოტე ერქვა, პარტნიორობას კი ლია ელიავა მიწევდა. ჩემს მეუღლესთან ერთადაც მოვხვდი ფილმში "ზოგი ჭირი მარგებელია", მე ზაქარას როლი განვასახიერე, თამარმა - მარინესი. "დონ კიხოტშიც" ვარ გადაღებული, კიდევ - "წიგნი ფიცისაში" ვითამაშე და ა.შ. ჩემი მეუღლე ინიშნავდა ყოველთვის ყველაფერს, მე კი, ძირითადად, ჩემი შვილის როლებით ვინტერესდებოდი".

უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მიამბო პარტნიორებსა და თავის ოხუნჯობებზე. მოგონება სერგო ზაქარიაძეთი დაიწყო. დიდ არტისტს გარეგნობითაც ამსგავსებდნენ, თურმე.

"სერგო ზაქარიაძეს ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცებისგან იცოდა, უდიდეს პატივს რომ ვცემდი და არც მის სპექტაკლებს ვაცდენდი. ერთხელაც, თეატრის ფოიეში შემეჩეხა - ნოდარ დუმბაძის პიესის საპრემიერო ჩვენება იყო. მე არ ვთამაშობდი. მომიახლოვდა და მითხრა, - დიდი მადლობა, ზედიზედ სამჯერ რომ მნახე სპექტაკლშიო. იცით, როგორ გამიხარდა? ვერიკო ანჯაფარიძესთან ვმეგობრობდი, რადგან მასაც ჩემსავით კარტის თამაში უყვარდა. ვერიკო, სესილია თაყაიშვილი, მერი დავითაშვილი, ედიშერ მაღალაშვილი, გოგი გეგეჭკორი და მე ვიკრიბებოდით ხოლმე. ვერიკო რომ გვეტყოდა, ამაღამ ვთამაშობთო და მასთან შინ არ მივსულიყავით, თეატრში ვეღარ შემოვიდოდით. კარტის თამაშში ვათენებდით. მიშა ჭიაურელი შემოიხედავდა, ორი სიტყვით "შეგვამკობდა" და გაიხურავდა კარს. ერთხელაც ნასვამი ვთამაშობდი. მიშამ მეხუთედაც რომ შემოგვიღო კარი და "სიტკბო" არ დაგვაკლო, გავცეცხლდი და შევაგინე. ვერიკო და სესილია სიცილისგან კინაღამ სკამებიდან გადაცვივდნენ. ისე, ბილწი სიტყვებით მიყვარდა ხუმრობა - თეატრში ამით ვიყავი განთქმული... მოსკოვში, მცირე თეატრში გვქონდა გასტროლი. საუკეთესო სპექტაკლები წავიღეთ, მაგრამ ერთი-ორი საშუალოც გამოვურიეთ. პირველი და მეორე სპექტაკლი რომ ვითამაშეთ, დარბაზი ტაშით დაინგრა. მესამე საშუალო იყო, მე არ ვთამაშობდი. მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა მაყურებელს და პარტერში ჩავედი. დარბაზის კარი შევაღე და ტაშის გრიალი გაისმა. გავგიჟდი და ჩავილაპარაკე: ამათ კაცის "ის" და ტაში ერთნაირად ჰყვარებიათ-მეთქი. თურმე, იქვე საქართველოს იმჟამინდელი კულტურის მინისტრი, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე და კიდევ რამდენიმე ქართველი მსხდარან და ჩემი ნათქვამი გაუგონიათ. ისე აღფრთოვანებულან, ეს სიტყვები მერე ფრთიან გამონათქვამად აქციეს"...


ჟურნალ "გზის" არქივიდან
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები