ახალი ზოოპარკის ბინადრები - კვირის პალიტრა

ახალი ზოოპარკის ბინადრები

"მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ბეჰემოთის ვოლიერის მშენებლობა. ჩვენს სახელგანთქმულ ბეგის ახალი სახლი უნდა ჰქონდეს. მისთვის მეუღლეებსაც გვთავაზობენ"

თბილისის ზღვაზე, 48 ჰექტარ მიწაზე გაშენებულია ახალი ზოოპარკი, სადაც ამ ეტაპისთვის სხვადასხვა სახეობის ასამდე ბინადარი ცხოვრობს. აქ ცხოველები მთლიანად მეტ-ნაკლებად ბუნებრივ გარემოში იმყოფებიან. გარშემო რომ მიმოიხედოთ, თავი დიდ ტყეში გეგონებათ. ტერიტორია მთლიანად შემოღობილია, ვოლიერებს კი კამერებით აკონტროლებენ.

ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის ჯერჯერობით არ გახსნილა, ამ ეტაპზე მისი გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მარტივი მისაგნებია - თბილისის ზღვის კლუბთან მდებარეობს. აქ სამარშრუტო ტაქსებიც დადის და ავტობუსებიც. ვიდრე, ზოოპარკი დამთვალიერებლებს უმასპინძლებს, ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ ჩვენი მეგზურობა ითავა.

- ბატონო ზურაბ, ახალ ზოოპარკში რომელი ცხოველები ბინადრობენ?

- დათვები, მგლები, კავკასიური კეთილშობილი ირმები, დასავლეთკავკასიური ჯიხვები, ნიამორები, ფოცხვერები და აფრიკული მოხატული ძაღლები. ველოდებით აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვებსა და ევროპულ ბიზონებს, დომბებს.

ზურაბ გურიელიძე

- ყველა მათგანი ძველი ზოოპარკიდან არის გადმოყვანილი? - არა. დასავლეთკავკასიური ჯიხვები ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან ჩამოვიყვანეთ, აფრიკული მოხატული ძაღლები - მინსკიდან. მგონი, არ დარჩენილა ევროპაში ქვეყანა, საიდანაც ცხოველები არ გვყოლია. ესენია: ბრიტანეთი, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, საფრანგეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ა.შ. ევროპულ მამრ ბიზონს ველოდებით უკრაინიდან. "ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის" კურატორებს ჩვენ ვაცნობებთ რომელი ცხოველი გვინდა და ისინი გვეხმარებიან მათ პოვნაში. ვინც ამ ასოციაციის წევრია ან ჩვენსავით კანდიდატი, ყველა გამოთქვამს მზაობას მიიღოს ან გაუშვას ცხოველი. ჩვენც გავგზავნეთ ცხოველები წყალდიდობამდე, სტიქიის შემდეგ კი ერთ-ერთ ზოოპარკს რამდენიმე ბინადარი გადავეცით. წყალდიდობის შემდეგ პირველად რიგის ზოოპარკმა გამოგვიგზავნა ცხოველები თავისივე მანქანებით. ევროპის ზოოპარკებმა ცხოველებიც გამოგვიგზავნეს და ტრანსპორტირების საფასურიც დაფარეს.

- აკვარიუმებსაც გადმოიტანთ?

- აკვარიუმი ძვირად ღირებული ნაგებობაა და მაშინ გადმოვიტანთ, როცა ამის სახსრები გვექნება.

მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ბეჰემოთის ვოლიერის მშენებლობა. ჩვენს სახელგანთქმულ ბეგის ახალი სახლი უნდა ჰქონდეს. მისთვის მეუღლეებსაც გვთავაზობენ.

- წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკი სამ თვეში, 13 სექტემბერს გახსენით. მალევე დაუბრუნდა ზოოპარკს დამთვალიერებელი? - ეს იყო ძალიან მძიმე ეტაპი როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. მთავარ ამოცანად დავისახეთ - მაქსიმალურად სწრაფად აღგვედგინა ცხოვრება ზოოპარკში და ეს შევძელით. დამთვალიერებლის დაბრუნებას გაცილებით დიდი დრო დასჭირდა. რაც მოხდა, მეხსიერებიდან წარუშლელი იყო და ამიტომ უჭირდა ხალხს შემოსვლა.

ძველი ზოოპარკი აღდგა, თუმცა არა სრულმასშტაბიანად. ცხრიდან ხუთ ჰექტრამდეა შემცირებული ტერიტორია. ისევ არის დატბორვის საშიშროება, ამიტომ გადავწყვიტეთ, ხელი არ გვეხლო და ძალისხმევა ახალი ზოოპარკისკენ მივმართეთ.

ძველში ვოლიერების დიდი ნაწილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და უკვე დადგა საკითხი, რომ "ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის" სრული წევრები გავხდეთ. ახლა სკრინინგის კომისიას ველოდებით.

როგორც ძველი, ისე ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ვოლიერებს კამერები აკონტროლებს. ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და ცხოველების მონიტორინგისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდ ტერიტორიაზეა ლაპარაკი. ტექნიკური აღჭურვილობა გვაქვს, მათ შორის დრონიც. მხოლოდ იარაღების შემოტანა გაგვიძნელდა - შპრიცსასროლი თოფების, რომლებიც ზოოპარკში აუცილებლად უნდა იყოს. მათ ვიყენებთ არა მარტო ცხოველის დასაძინებლად, არამედ დისტანციურად სასროლადაც, მკურნალობის მიზნით. წამალი შედის ორგანიზმში და მერე შპრიცი ძირს ვარდება.

- როგორც ვიცი, ძალიან მალე ახალი ლაბორატორია ამოქმედდება.. - ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ერთად ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველის, ალექსი ბაიდოშვილის დახმარებით პათანატომიურ-ვეტერინარული ლაბორატორია იხსნება და შესაძლებელი იქნება ცხოველების გამოკვლევა. ახლომახლო ქვეყნებში მსგავსი ლაბორატორია არ არის, ასე რომ, ჩვენ ვიქნებით პირველები. ლაბორატორიას არა მხოლოდ ზოოპარკის ბინადრებისთვის გამოვიყენებთ, თუ ვინმე ნახავს დაღუპულ ცხოველს, შევძლებთ დავადგინოთ, რა გახდა სიკვდილის მიზეზი.

- სპილო გრანდიზე BBC-მ 2018 წლის ოქტომბერში ფილმი გადაიღო. - გრანდი ერევნიდან ჩამოვიყვანეთ. მას ორივე ეშვი მოტეხილი ჰქონდა და დაინფიცირებულიც იყო. გადავწყვიტეთ, გადმოგვეყვანა თბილისში და მისთვის ოპერაცია გაგვეკეთებინა. პირველად ცალ ეშვზე ჩატარდა. 11 საათი დაგვჭირდა, რომ გრანდი ნარკოზიდან გამოგვეყვანა. შარშან BBC დაგვიკავშირდა. გაიგეს, რომ მეორე ოპერაციაც იქნებოდა საჭირო და დახმარება შემოგვთავაზეს - ისინი ჩამოიყვანდნენ სპეციალისტებს, რომლებიც სპილოს ოპერაციას გაუკეთებდნენ და ფილმსაც გადაიღებდნენ. BBC-ს დიდი ცხოველების ოპერაციების შესახებ საინტერესო სერიალი აქვს და იმ დროს მეორე ნაწილის გადაღებას იწყებდნენ. სამხრეთაფრიკელმა ქირურგებმა და ანესთეზიოლოგმა უსასყიდლოდ გაუკეთეს გრანდის ოპერაცია. ფილმის პირველი, ინგლისური მოკლე ვერსია უკვე გამოვიდა, ველოდებით მსოფლიო პრემიერას. ჩვენი ვეტერინარებიც იყვნენ ჩართული ოპერაციაში და დიდი გამოცდილებაც მიიღეს.

- თქვენს კონსერვაციულ პროექტებზე მოგვიყევით. - გვინდა ბევრი სახეობა აღვადგინოთ ბუნებაში. მათ შორის დასავლეთკავკასიური ჯიხვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი და ნიამორი. გარდა ამისა, დავიწყეთ შავი გარიელების საინტერესო პროექტი. ეს არის იხვის სახეობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტაბაწყურის ტბაზე, პატარა კუნძულზე ბინადრობს და შესაძლოა მსოფლიოში ბოლო პოპულაციაა. ორი პატარა იხვი უკვე გამოიჩეკა.

- ეგზოტიკური ფრინველების ავიარიუმი როდის აშენდება? - ავიარიუმი ლეშიჭამია და წყალმცურავი ფრინველებისთვის მოეწყობა. 2 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება გადაჭიმული, მაგრამ ორი წელია საქმე ვერ დავძარით. უკვე მესამეჯერ გამოვაცხადეთ ტენდერი და მონაწილეობა ისევ არავინ მიიღო. მასალები გვაქვს და მშენებლები არა გვყავს. როგორც ვიცი, თბილისის მერია ცდილობს დაფინანსების მოპოვებას. ამ შემთხვევაში რით შეიძლება დაგვეხმაროს, როცა თვითონ მშენებლები არ მონაწილეობენ ტენდერში?

- ყველა ბინადარს რომ გადმოიყვანთ ახალ ზოოპარკში, ძველი ფუნქციონირებას შეწყვეტს? - აქ დიდი ნაწილი იქნება, თუმცა შეიძლება ძველ ადგილზეც დავტოვოთ, რადგან ისტორიულია, 1927 წლიდან ფუნქციონირებს. ეს უკვე თბილისის მერიის გადასაწყვეტია.

ნათია სიბაშვილი