"მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზირება შეუძლებელია" - კვირის პალიტრა

"მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზირება შეუძლებელია"

საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 5 კმ-ში, სომხეთში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ მაგნიტუდით 5 შეადგინა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.

ბუნების სტიქიურ მოვლენებს შორის მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენაა, რომლის დამანგრეველი ძალითაც იღუპება უამრავი ადამიანი და ნადგურდება მილიარდობით ღირებულების დოვლათი. საქართველო, ისევე როგორც მთელი კავკასია, მაღალი სეისმური აქტივობით გამოირჩევა. ამიტომაც საქართველოსა და მიმდებარე რეგიონებში სეისმური მოვლენების, კერძოდ, ძლიერი მიწისძვრების შესახებ აღწერითი ცნობები უძველესი დროიდან არის ცნობილი. 1844 წელს თბილისში დაარსდა კავკასიაში პირველი და რუსეთში ერთ-ერთი პირველი მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია, რომელმაც ფუნდამენტური როლი შეასრულა გეოფიზიკური მეცნიერების განვითარებაში. გვესაუბრება მანანა ძმანაშვილი, სეისმური დეპარტამენტის უფროსი.

- ქალბატონო მანანა, ბოლო დროს საქართველოში მიწისძვრებმა იმატა?

- 40 წელია, რაც სეისმური ცენტრის თანამშრომელი ვარ და ამ ხნის განმავლობაში უამრავი მიწისძვრა აღვრიცხე. ვერ ვიტყვი, რომ მიწისძვრები გახშირდა, არც მომატებულა და არც მოკლებულა. ასე რომ, საგანგაშო არაფერია.

- სად არის თბილისში ყველაზე სახიფათო სეისმური ზონები? - მთელი თბილისი, პრაქტიკულად, რისკის ზონაა. წლების განმავლობაში თბილისში შენობები სეისმომედეგობის გათვალისწინების გარეშე შენდებოდა. როდესაც დაწესდა სამშენებლო ნორმები და შეიქმნა სეისმური საშიშროების რუკა, თითქოს 7 ბალზე გათვალისწინებული ნაგებობების აშენება დაიწყო, მაგრამ ასე არ იყო. სეისმური საშიშროების რუკა ორი პარამეტრით ფასდება: ბალიანობა და გრუნტის მოძრაობის აჩქარების მაქსიმალური მნიშვნელობა. ამ პარამეტრის მიხედვით უნდა დაპროექტდეს შენობები.

ისტორიულად ცნობილია, რომ 1275 წელს მცხეთაში მოხდა მიწისძვრა მაგნიტუდით 6,5, რომელმაც ეპიცენტრში 9-ბალიანი ეფექტი გამოიწვია. ამ მიწისძვრამ გეომორფოლოგიაში თავისი ანაბეჭდი დატოვა. ეს ზონა თბილისის ტერიტორიაზეც ვრცელდება. 6-მაგნიტუდიანი მიწისძვრა თბილისში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, 1896 წელს მოხდა, მას შემდეგ თბილისში ასეთი სიდიდის მიწისძვრა არ ყოფილა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული სეისმური აქტიურობაა. მაგალითად, კავკასიონის სამხრეთი ფერდობი და ჯავახეთის ზეგანი 9-ბალიან ზონას ეკუთვნის; კოლხეთის დაბლობი და აფხაზეთის დასავლეთი ნაწილი - 7-ს; ხოლო დანარჩენი - 8-ბალიანია.

1920 წლის 20 თებერვალს გორში უძლიერესი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა. დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დაზიანდა არაერთი ისტორიული ძეგლი. მნიშვნელოვანი იყო ადამიანთა მსხვერპლიც. 1991 წლის 29 აპრილს 9-ბალიანი მიწისძვრა რაჭა-იმერეთის საზღვარზე მოხდა - ეპიცენტრი იყო სოფელი ხახიეთი, რომელიც მთლიანად განადგურდა - მის ადგილას გაჩნდა ღრმული, რომელიც თვალის დახამხამებაში წყლით აივსო. კატასტროფული იყო 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრა, განადგურდა თავად სპიტაკი, 58 სოფელი და ნაწილობრივ ქალაქები ლენინაკანი, კიროვაკანი და სტეპანაკანი.

- რა მაქსიმალური სიმძლავრის მიწისძვრა შეიძლება მოხდეს?

- თეორიულად შეიძლება ნებისმიერი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდეს. დღემდე დაფიქსირებულთაგან ყველაზე ძლიერი 1933 წელს იაპონიაში, ქალაქ სან-რიკიუში მოხდა - მაგნიტუდით 8,9 და კოლუმბიაში - 1906 წელს იმავე სიმძლავრის. ორივე მათგანს კატასტროფული შედეგები ჰქონდა. თეორიულად რომ დავუშვათ, მიწისძვრა მაგნიტუდით 10 კატასტროფა იქნება არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. საბედნიეროდ, ასეთი მიწისძვრა მოსალოდნელი არ არის, რადგან ქანების სიმტკიცეს ზღვარი აქვს და ენერგიის გამოთავისუფლება ხდება მანამ, სანამ ის გიგანტურ მასშტაბს მიაღწევს.

- რამდენად გამძლეა შენობები, რომლებიც დღეს თბილისში შენდება ან დგას? - თუ კონსტრუქცია სწორად არ არის გათვლილი, ის ყოველთვის პრობლემური იქნება. დამანგრეველი, კატასტროფული მიწისძვრა ჩვენს რეგიონში იშვიათად მეორდება. ყველა მიწისძვრა კონკრეტულ სეისმურ კერაზე ხდება და მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრის განმეორებადობა საშუალოდ ათასი წლის რიგს შეადგენს.

დღეისთვის მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზირება შეუძლებელია, სამაგიეროდ, კეთდება საშუალო ან გრძელვადიანი პროგნოზი. ამის საფუძველზე ხდება ტერიტორიის სეისმურ რაიონებად დაყოფა, ვადგენთ სეისმოსაშიშროების რუკებს, რითაც განისაზღვრება მიწისძვრის მოხდენის ალბათობა და მაქსიმალური სიძლიერე.

სეისმომედეგი მშენებლობის პრაქტიკაში არსებობს გამონათქვამი:"მიწისძვრა არ ხოცავს ადამიანებს, ამას ცუდად ნაგები შენობების ნგრევა იწვევს. ამდენად, კომპლექსური კვლევის საფუძველზე უნდა გაითვალოს და მომზადდეს ძლიერი მიწისძვრების შესაძლო სცენარები, ურბანულ ტერიტორიებზე დადგინდეს მოწყვლადი ადგილები და გაიცეს მასზე რეაგირების რეკომენდაციები ქალაქთმშენებლობითი მართვის ყველა დონისთვის. განსაკუთრებული რისკის უბნებში აუცილებელია დაგეგმარებისა და შენობა-ნაგებობების პროექტირების სპეციფიკის, სატრანსპორტო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა. ეს ძვირად ღირებული საქმეა, რომელიც ერთ წელიწადში ვერ გაკეთდება, ის ქალაქის განვითარების მრავალწლიან გეგმაში უნდა ჩაიდოს. დედაქალაქი აუცილებლად მომზადებული უნდა შეხვდეს მოსალოდნელ მიწისძვრებს.

დამანგრეველი მიწისძვრები

1920 წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი გორთან მდებარეობდა, მაგნიტუდით M=6.2, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალი იყო. მიწისძვრას მსხვერპლი და დიდი ნგრევა მოჰყვა. 1963 წელს სოფელ ჩხალთასთან მაგნიტუდით M=6.2 მიწისძვრის ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალი იყო. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. მიწისძვრამ გორის მაზრაში 129 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 1991 წლის დამანგრეველი მიწისძვრა რაჭის მიწისძვრის სახელითაა ცნობილი. მაგნიტუდით M=6.9 მიწისძვრის ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალი იყო. დაიღუპა 200-მდე კაცი. მიწისძვრამ დიდი ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 46 000 საცხოვრებელი სახლი, 1000-მდე საწარმო და სხვა ობიექტი, უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე კაცი. ზარალი 10 მილიარდ მანეთად (1991 წლის კურსით) შეფასდა. მიწისძვრას დიდი რაოდენობით აფთერშოკი მოჰყვა. მათგან ზოგიერთი საკმაოდ ძლიერი, რასაც დამატებითი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. მაგნიტუდით რაჭის მიწისძვრა სპიტაკის მიწისძვრის ტოლია, თუმცა ზედაპირული ეფექტი სპიტაკის მიწისძვრას მეტი ჰქონდა.

1992 წლის ოქტომბერში მოხდა ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდით M=6.5, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 8 ბალი იყო. ეპიცენტრი ბარისახოსთან მდებარეობდა.

2012 წლის დეკემბერში შავ ზღვაში ანაკლიასთან მომხდარი მიწისძვრები მაქსიმუმ 5.9 მაგნიტუდას აღწევდა, ხოლო თბილისში 2002 წლის აპრილის მიწისძვრა მართალია მხოლოდ მაგნიტუდით 4.5 იყო, მსხვერპლი მაინც მოჰყვა, რომ არაფერი ვთქვათ მატერიალურ ზარალზე.

ზურა სოლომნიშვილი