"ვისაც რა მოსწონს, ის უნდა ჩაიცვას" - კვირის პალიტრა

"ვისაც რა მოსწონს, ის უნდა ჩაიცვას"

"ყოველდღიურად კლასიკურ სამოსს ვერ ვატარებ. ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად სწრაფია და ჩემი რეჟიმიც იმდენად გადატვირთული, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში უპირატესობას კედებს, ბოტასებს და დიდ პიჯაკებს ვანიჭებ. თუმცა გააჩნია, სად მივდივარ, შეიძლება ერთ დღეს დახეული ჯინსი მეცვას და მეორე დღეს გულმა კლასიკური შავი კაბისკენ გამიწიოს"

წელს საქართველოში შემოდგომა ნაადრევად დაიწყო, სექტემბრის დასაწყისშივე, მოულოდნელად აცივდა და ძალიან ბევრი ქალი შეაწუხა მარადიულმა შეკითხვამ - დღეს რა ჩავიცვა?

ამ საკითხზე თავისი მოსაზრებები გაგვაცნო ცნობილმა მოდელმა და დიზაინერმა სალომე ღვინიაშვილმა, რომელიც სამი შვილის დედაა, მაგრამ ყოველთვის უზადოდ გამოიყურება:

- "მოდურად ჩაცმა ძალზე იოლია, კარგად და გემოვნებით ჩაცმა კი რთული", - ამბობდა კოკო შანელი. სალომე, თქვენც ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- რა თქმა უნდა. ის, რაც მოდურია, შეიძლება ვიღაცას სულ არ უხდებოდეს, მაგრამ მაინც იცვამდეს. სტილის შეგრძნება ძალზე მნიშვნელოვანია და როცა ქალი თანამედროვე, ექსტრავაგანტურ სამოსს იცვამს, დიდი სიფრთხილე და დახვეწილი გემოვნებაა საჭირო.

- რას გვთავაზობენ ამ სეზონზე დიზაინერები? - ბოლო პერიოდში მოდა ძალიან თავისუფალია, მაგრამ რამდენიმე ტენდენცია მაინც იკვეთება: ისევ აქტუალურია დიდი, ფართო მხრები, რაც 1990-იან წლებში იყო მოდური. წლევანდელი შემოდგომა და ზამთარი უფრო ღია ფერებით იქნება გამორჩეული: მოდურია თეთრი, ბეჟი და ჩემი საყვარელი შავი ფერი. ეს კლასიკური, ძალიან ელეგანტური და ლამაზი ფერია, რომელიც მოდიდან არასოდეს გადავა.

- შარშან ლეოპარდის ფერები იყო ძალიან აქტუალური, წელს? - წელს ლეოპარდი ისე აქტუალური აღარ არის, თანაც ფერების შერჩევა ნებისმიერს სურვილისამებრ შეუძლია.

- თქვენ უფრო თავისუფალი სტილი მოგწონთ თუ სპორტული? - ძალიან მომწონს კლასიკა და კლასიკოსი დიზაინერები, მაგრამ ამავე დროს უდიდეს პატივს ვცემ თანამედროვე დიზაინერებს, მათ შორის, დემნა გვასალიას, რომელმაც დღევანდელი მოდის სამყარო ამოატრიალა. მე ყოველდღიურად კლასიკურ სამოსს ვერ ვატარებ. ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად სწრაფია და ჩემი რეჟიმიც იმდენად გადატვირთული, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში უპირატესობას კედებს, ბოტასებს და დიდ პიჯაკებს ვანიჭებ. თავისუფალი სტილი კარგად მოერგო თანამედროვე ქართველი ქალის ცხოვრების წესს. გამონაკლისი არც მე ვარ, თუმცა გააჩნია, სად მივდივარ და როგორ ხასიათზე ვარ: შეიძლება ერთ დღეს დახეული ჯინსი მეცვას და მეორე დღეს გულმა კლასიკური შავი კაბისკენ გამიწიოს.

- ქალური და მამაკაცური სტილის არევა ამ სეზონზეც რჩება მოდური? - მამაკაცური, დიდი ზომის ტანსაცმელი დემნა გვასალიამ შემოიტანა და მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალური გახდა. გარდა ამისა, ისევ აქტუალურია ფართო შარვლები, რომელიც ძალიან ბევრ ქალს უხდება, თუმცა თანამედროვე მოდა მაინც სრულ თავისუფლებას გვაძლევს და სასურველია, ვისაც რა მოსწონს, ის ჩაიცვას. მიუხედავად ამისა, მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გარდერობში ყველა ქალს უნდა ჰქონდეს პატარა შავი კაბა, მით უმეტეს, თუ ის უკვე 30 წლისაა.

- როცა სიფრიფანა გოგონას აცვია შიფონის კაბა, ფართომხრებიანი კოსტიუმი და ამ ყველაფერს გრძელი ჩექმა აგვირგვინებს, ასეთ დროს ელეგანტურობაზე ლაპარაკი ცოტა რთულია. თქვენ რას ფიქრობთ სხვადასხვა სტილის აღრევაზე? - თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის მორგება ძალიან კარგად შეიძლება, უბრალოდ, გემოვნებისა და სტილის ამბავია. სამოსს კარგად შერჩევა და ზუსტად მორგება სჭირდება. ქალური და მამაკაცური სტილის შერევა ძალიან კარგ შედეგს იძლევა. მე, მაგალითად, ძალიან ხშირად მაცვია ჩემი მეუღლის პიჯაკები და ვაღიარებ, რომ ასეთი ჩაცმულობა ძალიან კომფორტულია.

- როგორი ფეხსაცმელი და ჩანთა უნდა შეურჩიოს ქალმა ამ უცნაურ სტილს? - წელს ისევ აქტუალურია ე.წ. კაზაჩოკები, ფეხსაცმელი, რომელსაც წვრილი ცხვირი აქვს - ეს ბალენსიაგას გავლენაა. მკაფიოდ გამოჭრილი, ოთხკუთხაცხვირიანი ფეხსაცმელი კი ძალიან საჭირო და აუცილებელია. რაც შეეხება ჩანთას, ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ თანამედროვე მოდაში რაღაც გამორჩეული მიმართულება იკვეთება, გარდა იმისა, რომ ჩანთა ფეხსაცმელს ან სამოსს უნდა შევუხამოთ. თუ ქალი საღამოს წვეულებაზე მიდის, პატარა ჩანთა გამოადგება, მაგრამ თუ მთელი დღე საქმიანი შეხვედრები აქვს, ცხადია, დიდი ჩანთა უფრო სჭირდება, რომელშიც ბევრ რამეს ჩაატევს - საბუთებით დაწყებული, კოსმეტიკით დამთავრებული. ასე რომ, ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ჩანთა უნდა გვეჭიროს ხელში. მე საშუალო ზომის ჩანთები მიყვარს, მაგრამ როცა საჭიროა, დიდ ჩანთასაც ვატარებ და ძალიან პატარასაც - გააჩნია, სად მივდივარ ან რა ხასიათზე ვარ. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს სამკაულებიც - სამაჯურები, საყურეები, ყელსაბამები - ჩემი სისუსტეა. ვფიქრობ, ზოგიერთი აქსესუარი ყოველდღიურ, სპორტულ სტილს ძალიან უხდება.

- სალომე, რას ფიქრობთ ქალებზე, რომლებიც ჯიუტად იცვამენ იმას, რაც საშინლად არ უხდებათ - თუნდაც მოკლე კაბას ან მოტკეცილ შარვლებს? - ყველას ერთნაირი აღნაგობა ვერ ექნება, ამიტომ ჩვენი თავი ისეთი უნდა შევიყვაროთ, როგორიც ვართ. თუ ადამიანს რაღაც არ უხდება და აუშნოებს, ჯობია არ ჩაიცვას. ჩემი აზრით, ტანსაცმელი ჯერ საკუთარ სხეულზე უნდა მოვირგოთ, მოვიხდინოთ და მერე ვიფიქროთ, რა არის მოდური - ასეთია ცნობილი დიზაინერების მოსაზრება და მეც ამის მომხრე ვარ.

ხათუნა ჩიგოგიძე