"ვიღაცის მიზანი იყო მე და ჩემს ოჯახს გული გვტკენოდა და მიზანს მიაღწია"
"ვიღაცის მიზანი იყო მე და ჩემს ოჯახს გული გვტკენოდა და მიზანს მიაღწია"
"რთულია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც შესაძლებელია. ვცდილობ ჩემი გაბრაზება შეურაცხყოფითა და ხმამაღალი სიტყვით მაინც არ გამოვხატო"

პროფესიონალი ექიმი, პოლიტიკოსი, ერთგული მეუღლე, მოსიყვარულე მამა და ბაბუა, თავდადებული მეგობარი და კეთილგონიერი მრჩეველი...
კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება ჩემს რესპონდენტზე, თუმცა უბრალოდ გეტყვით, რომ დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ლადო კახაძე.

- ჩემთვის სიტყვა "არა" არ არსებობდა. ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა, დამჯერი ბავშვი ვიყავი, ამიტომ არ იყო გასაკვირი ჯერ სამედიცინო
განათლების მიღება და შემდეგ პოლიტიკოსობა.

- ვინ არის ლადო კახაძე, ექიმი თუ პოლიტიკოსი?
- ექიმი პაციენტის ავადმყოფობის ყველა სიმპტომსა და სინდრომს ეცნობა დაავადების გამოსაკვლევად, საჭირო ხდება მისი წინა ისტორიის გაგებაც, რათა ამა თუ იმ დაავადებას სწორად ებრძოლოს. პოლიტიკოსის ვალდებულებაა საზოგადოების ყველა სოციალური პრობლემა ექიმივით აღმოაჩინოს და
გამოსწორების გზებიც იპოვოს. მე მედიცინა პოლიტიკაში ძალიან მეხმარება, რადგან ამ ორ სივრცეს ძალიან ბევრი კავშირი აქვს.
პოლიტიკასა და მედიცინას შორის არჩევანი მაშინ დამიდგა, როცა საკრებულოს თავმჯდომარედ ამირჩიეს. კანონი, მაშინაც და ახლაც, მიკრძალავს ანაზღაურებად საქმიანობას, ამიტომ სამედიცინო სივრცეში საქველმოქმედო კუთხით დავრჩი. ვცდილობ პაციენტებს დავეხმარო და საზოგადოების გვერდშიც ვიდგე.

- როგორც მთაწმინდის დეპუტატი, როგორ ფიქრობთ, თბილისს რამდენად ეთმობა ყურადღება?
- ბებიაჩემმა იცოდა თქმა, თუ არა გყავს მოახლეო, თავი მოიმოახლეო. თბილისს არა ჰყავს მოახლე, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუაროთ ჩვენს ქალაქს. დიდი ხანია მიწევს მოსახლეობასთან ურთიერთობა. ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემაა, რომ ერთ აზრზე შეჯერება არ გამოგვდის.
ჩემი აზრით, ჩვენს პოლიტიკასაც სჭირდება ნაგვისგან გაწმენდა, ისე როგორც ჭრილობას სჭირდება წყალბადის ზეჟანგი, რომ ინფექცია არ შეიჭრას. პოლიტიკური წყალბადის ზეჟანგიც საჭიროა, რათა პოლიტიკის ძველი ნაპრალები გაიწმინდოს და გზა გამართული იყოს, რაც ავტომატურად გააერთიანებს საზოგადოებას.

- თქვენ ღირსების ორდენის კავალერი ბრძანდებით. რას ნიშნავს ეს ტიტული.
- მიხეილ ბიბინეიშვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამ ტიტულს არ ავიღებდი.
სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მიხეილ ბიბინეიშვილის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე ჩავრთე პირველად ორგანზომილებიანი ულტრაბგერითი აპარატი. სამი ახალგაზრდა ვიყავით: მე, მერაბ სუთიძე და საშა პაპიტაშვილი. ბატონმა მიხეილ ბიბინეიშვილმა დაინახა 21-ე საუკუნის მედიცინა. ამ აპარატის უპირატესობის დამტკიცებას დიდი დრო დასჭირდა, თუმცა ის დღეს ყველა წამყვან კლინიკაშია. სწორედ მისი დანერგვისა და პოპულარიზაციის გამო მომენიჭა ეს ტიტული. მე საკუთარ თავზე მეტად ბატონ მიხეილს მივანიჭებდი მას, თუმცა მისი სახელით ღირსების ორდენის ტარება ჩემთვის პატივია.

- ოდესმე თქვენი ოჯახის წევრებს თუ შეჰქმნიათ დისკომფორტი ან პრობლემა თქვენი სახელისა და გვარის გამო?
- მე მსგავს საკითხებზე იმუნიტეტი მაქვს. თუმცა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ყველაზე მეტად ვიგრძენით მეც და ჩემი ოჯახის წევრებმაც ეს ნეგატივი, რაც იმ პერიოდში მედიასა და საზოგადოებაში ჟღერდა. პირველად ჩემს ცხოვრებაში მოვისმინე და წავიკითხე ის, რასაც ჩემზე ვერ წარმოვიდგენდი. ვიღაცის მიზანი იყო მე და ჩემს ოჯახს გული გვტკენოდა და მან მიზანს მიაღწია, მაგრამ მთავარი მიზანი მიუღწეველი დარჩა - მე და ჩემმა გუნდმა გავიმარჯვეთ.

- ცხოვრების ასეთი რთული რეჟიმის მიუხედავად, როგორია პირადი ცხოვრების შენარჩუნება და რა არის სიყვარული თქვენთვის?
- სიყვარული მთავარი რამ არის. სანამ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვჭირდები, მანამ აქვს ჩემს ცხოვრებას აზრი. ჩემი ცხოვრების მთავარი ქალი ჩემი მეუღლე რუსუდანია. 51 წელს ითვლის ჩვენი სიყვარული.

- რას ჰპირდება ლადო კახაძე თავის მთავარ ამომრჩეველს - ოჯახს?
- მეც და მათაც იციან, რომ პირველივე დაძახებაზე მათ გვერდით ვიქნები.

- რა პირობა შეასრულეთ ბოლოს?
- მე დიდი ხნის წინ დადებულ პირობებს მახსენებენ. მაგალითად, ჩემს ხელებში დაბადებული ბიჭის ქორწილში თამადობას შევპირდი ოჯახს, გაირბინა ოცმა წელიწადმა და ვითამადე იმ ბიჭის ქორწილში.

- რამდენად ხშირად ვერ თოკავთ ემოციებს?
- რთულია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც შესაძლებელია. ვცდილობ ჩემი გაბრაზება შეურაცხყოფითა და ხმამაღალი სიტყვით მაინც არ გამოვხატო.

- რა არის თქვენთვის პოეზია?
- ჩემთვის ყველაზე საყვარელი სივრცეა პოეზია. მაქვს სამი კრებული. პირველი "ფიქრები გაბზარული სარკის წინ", მეორე "გმადლობთ, ბოდიში" და მესამე "სალამი, იარაღო, ანუ ერთხელაც წამიკითხე".

- დაბოლოს, რას ელით ხვალინდელი დღისგან?
- დაუმარცხებელი ოპტიმისტი ვარ. როცა ოპტიმიზმი თან გახლავს, არ არსებობს, უფალმა გამოსავალი არ გაპოვნინოს.

თამუნა მარშანიშვილი

xyz
23 სექტემბერი 2019 12:01
წარმატებები, ლადო! შენ არაფერი გეშლება და მჯერა, სიკეთე თავის შედეგს მოიტანს.
qalbatoni
23 სექტემბერი 2019 11:46
ადრე ვინც სკოლას ოქროს მედალზე ამტავრებდა, ყველა სამედიცინოზე აბარებდა, არ მგონია ეს პროფესია ყველასთვის მოწოდება გახლდათ, სიმართლეს გეტყვით... ექიმებს ბევრი ფული ქონდატ და ამიტომ გარბოდნენ იქ
...
21 სექტემბერი 2019 22:49
Didi xani icocxlet batono lado da teset sikete

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები