საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომავალი - კვირის პალიტრა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომავალი

ისევე როგორც მთლიანად ავტოინდუსტრიის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთავარი გამოწვევებიც ეკოლოგიას უკავშირდება. ელექტრულ ძრავებზე გადასვლა კარშერინგის (სხვისი ავტომანქანით დროებით სარგებლობა) განვითარება, უპილოტო ტაქსები და ავტობუსები სულ უფრო აქტუალური თემა ხდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ პირად ავტომანქანაზე უარის თქმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სპეციალისტების აზრით, საცობების დამარცხება და გადაადგილების სისწრაფის უსაფრთხოდ გაზრდა შეუძლია მხოლოდ უპილოტო ავტომანქანებს, რომლებიც ოპტიმალურ მარშრუტს ონლაინრეჟიმით, გზაზე არსებული ვითარების გათვალისწინებით ადგენს. ამიტომაც თანამედროვე მოდელებზე მუშაობისას საქმეში არა მარტო საავტომობილო, IT კომპანიებიც აქტიურად არიან ჩართული. წარმოგიდგენთ საქალაქო-საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომავალს, რომელიც არც ისე შორს არის.

Mercedes-Benz Future Bus

გერმანულმა ავტოგიგანტმა მომავლის ავტობუსი ჯერ კიდევ სამი წლის წინ წარადგინა. კონცეპტი, რომელიც პოპულარული მოდელის - Citaro-ს პლატფორმაზეა აგებული, 299 ცხ.ძალის სიმძლავრის ძრავით არის აღჭურვილი. კაბინაში საჭეც არის და სატერფულებიც, იმის მიუხედავად, რომ Future Bus-ს გადაადგილება და მგზავრების გადაყვანა დამოუკიდებლადაც შეუძლია. ამაში მას ეხმარება სისტემა CityPilot, რომელიც ათეულობით ამთვლელის დახმარებით აანალიზებს და იყენებს GPS-ის მონაცემებს, მძღოლი კი მხოლოდ კონტროლისთვის არის საჭირო. მგზავრების უფრო სწრაფად ასვლა-ჩამოსვლისთვის, ჩვეულებრივი კარის ნაცვლად, "მერსედესის" ინჟინრებმა დაამონტაჟეს ორმაგი, გაცილებით ფართო კარი მანათობელი ზოლებით - მწვანე ჩასხდომის უფლებას იძლევა.

КамАЗ-1221 Ш.А.Т.Л.

კონკურენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ნამდვილად ვერ აჯობებს, მაგრამ რუსული "კამაზის" პირმშომ ყურადღება ორიგინალური დიზაინითა და დასახელებით მიიქცია. აბრევიატურა Ш.А.Т.Л. იშიფრება, როგორც Широко Адаптивная Транспортная Логистика (ფართოდ ადაპტირებული სატრანსპორტო ლოგისტიკა). რუსული "შატლი", რომლის ძარაც ალუმინისა და კომპოზიტური მასალებისგან არის დამზადებული, 12 მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი, სრულად ელექტრონულია და მძღოლის დახმარება არ სჭირდება. გასულ ზაფხულს გამართული ტესტირებისას კონცეპტმა დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია და ყაზანის დახურულ ტრასაზე თათრეთის პრეზიდენტიც კი გაასეირნა, ოღონდ იმ შემთხვევაში, წინასწარ დაანონსებული მაქსიმალური სისწრაფის (110 კმ/სთ) გათვალისწინებით, სიჩქარე არც ისე მაღალი გახლდათ - მხოლოდ 10 კმ/სთ. Ш.А.Т.Л.-ის პროტოტიპია "კამაზ-ნამი", რომლის პრეზენტაციაც 2016 წელს გაიმართა. რუსული კომპანია გეგმავს, რამდენიმე "შატლი" აეროპორტებში ამუშაოს ბიზნესკლასის მგზავრების მომსახურებისთვის.

Bosch concept shuttle

სუპერთანამედროვე დიზაინის გარდა, Bosch-ის უპილოტო შატლი ყველა აქტუალურ ინოვაციასაც ითავსებს - დაწყებული "კარშერინგით", მარშრუტის დამოუკიდებლად დასახვით, თვითდამუხტვით, თვითრემონტითა და თვითმომსახურებით დამთავრებული! Concept shuttleაღჭურვილია 360-გრადუსიანი ხედვის რადარებითა და სენსორებით, ინტერნეტში ჩართული მართვის სისტემით, შეუძლია საცობებისთვის თავის არიდება, ენერგიის აუცილებელი მარაგის გამოთვლა და ა.შ. შატლის დაჯავშნა სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, იმ შემთხვევაში კი, თუ მგზავრს სალონში რაიმე დარჩება, შესაბამის შეტყობინებას მიიღებს. სპეციალური კამერები შეამჩნევს სავარძელზე დაკრულ საღეჭ რეზინსა და დაღვრილ ყავასაც და ავტომობილი დამოუკიდებლად შეუკვეთს დალაგებასაც. Bosch-ის უპილოტო შატლის ტესტები მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

Renault ez-go

ჟენევის ავტოსალონზე ჯერ კიდევ შარშან წარდგენილი ფრანგული უპილოტო კონცეპტის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი მოხმარებისთვის. სალონში არის ადგილები ექვსი მგზავრისა და მათი ბარგისთვის, უსადენო დამტენები გაჯეტებისთვის, წვდომა ინტერნეტთან და ა.შ. ელექტრომობილი, რომლის მაქსიმალური სისწრაფეც 50 კმ/სთ-ია, მძღოლის გარეშე გადაადგილდება და არა მხოლოდ კარშერინგს, არამედ რაიდშერინგსაც (თანამგზავრის მოძებნა გზაზე ან სპეციალური ინტერნეტრესურსების გამოყენებით) გულისხმობს. კომპანია "რენო" ez-go-ს სერიულ მოდელად გადაქცევას 2022 წლიდან გეგმავს.

Scania NXT

კომპანია შცანია-ს სპეციალისტების აზრით, უახლოეს მომავალში, კონკრეტულად კი 2030 წლისთვის, ერთი და იმავე ძარის მეშვეობით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ მგზავრების გადაყვანა, არამედ სხვადასხვა საქონლის გადაზიდვა და ნაგვის მანქანად გამოყენებაც! კონცეპტი Scania NXT უპილოტო პლატფორმაა, რომელზეც საჭიროებისამებრ შეიძლება სხვადასხვა სამუშაო მოდულის დაყენება. ამ ელექტრომობილს შეუძლია დილით სამგზავრო ავტობუსის ფუნქცია შეასრულოს, დღისით - სატვირთო ავტომანქანის, ღამით კი უხმაურო, ეკოლოგიური ნაგავმზიდის.