"ბალიზე ცხოვრება ახდენილ სიზმარს ჰგავს... ყოველ საღამოს ვსვამ ჭიქა ღვინოს და ვნებივრობ მეუღლესთან ერთად" - კვირის პალიტრა

"ბალიზე ცხოვრება ახდენილ სიზმარს ჰგავს... ყოველ საღამოს ვსვამ ჭიქა ღვინოს და ვნებივრობ მეუღლესთან ერთად"

90-იან წლებში ნაომის, სინდი კროუფორდის, ჰელენა ქრისტენსენის, კლაუდია შიფერისა და სხვა სუპერმოდელების გვერდით იდგა გეილ ელიოტიც. მოდური გამოცემების ყდის გოგონა, ვერსაჩეს, დიორის, "ჰერმესის", ვალენტინოსა და "ვიქტორია სეკრეტის" პირველი ჩვენების მონაწილე სუპერმოდელი მეუღლესთან ერთად დღეს ერთ-ერთ პოპულარულ ბრენდს Little Joe Woman by Gail Elliot-ს ხელმძღვანელობს. როგორი იყო სუპერმოდელის ცხოვრება და რა ახსენდება მას ტკბილად პოპულარული ჩვენებებიდან, გეილ ელიოტი "კვირის პალიტრის"" მკითხველს უამბობს.

სუპერმოდელები და მათი შეყვარებულები

- 90-იან წლებში დაახლოებით 25 წლის ვიქნებოდი და ჩემი ყოველი დღე ჩვენებებით იყო დატვირთული. ჩვენებებზე მსახიობებისა და როკვარსკვლავების დაპატიჟება იკრძალებოდა, ეს მიდგომა ჯანი ვერსაჩემ შეცვალა. ის ძალიან მაღალ ჰონორარს გვიხდიდა, რომ მის შოუში ექსკლუზიურად ყველა სუპერმოდელს მიგვეღო მონაწილეობა. ჯანი და დონატელა ჩვენების შემდეგ დიდ წვეულებებს მართავდნენ. ისინი სელებრითებთან მეგობრობდნენ, მოდელებმა კი როკვარსკლავებთან პაემნებზე სიარული დაიწყეს. ასე რომ, ჩვენებებზე ჩვენს ბოიფრენდებს ვეპატიჟებოდით. ჰელენა მაიკლ ჰატჩენსს ხვდებოდა, კარლა ბრუნი - მიკ ჯაგერს, სინდი კროუფორდი - რიჩარდ გირს, ნაომი - მაიკ ტაისონს.

მახსოვს მარკ ჯაკობსის, მაიკლ კორსისა და სხვა ნიჭიერი დიზაინერების ჩვენებები. მაშინ დამწყებ დიზაინერებს არ ჰქონდათ ხელფასების გადახდის საშუალება, ამიტომ ტანსაცმლის ჩუქების საფასურად გამოვდიოდით ჩვენებაზე. ნაომი კვლავ ძველებური შემართებითაა, ყველა ივენთს ესწრება, ფოტოგადაღებებში მონაწილეობს. ნაომია და მორჩა.

გეილ ელიოტი ჯანი ვერსაჩესა და სხვა მოდელებთან ერთად

"კარლი არასოდეს ბრაზობდა ჩვენს ზედმეტ კილოგრამებზე"

- ყველას ძალიან გვიყვარდა "შანელისა" და "ქლოს" ჩვენებებზე გამოსვლა. კარლ ლაგერფილდთან მუშაობა დიდი პატივი იყო. სულ ხუმრობდა, რომ ვერ წარმოთქვამდა ჩემს სახელს, რადგან გერმანულად ძალიან ჰგავს ცუდ სიტყვას. ხალხს ეუბნებოდა,"ვერ ვეძახი ამ ლამაზ გოგოს თავის სახელსო, ამიტომაც "მის ელიოტი" შემარქვა. ძალიან კეთილშობილი კაცი იყო - როცა აღმოჩნდებოდა, რომ წონაში მოვიმატეთ, გვირჩევდა, "შანელის" ბუტიკში შეგვევლო, რომ ჩვენთვის რამე სამოსი შეგვერჩია.

საოცარია, როგორ მეორდება ისტორია მოდაში +- ახლა ყველაზე პოპულარული მოდელი სინდი კროუფორდის ქალიშვილი ქაიაა. დაახლოებით 14 წლის წლის სინდი უკვე თანამშრომლობდა მარკ ჯაკობსის კოსმეტიკის ხაზთან, ახლა მისი ქალიშვილი თანამშრომლობს.

გეილ ელიოტი ნაომი კემპბელთან და ლინდა ევანგელისტასთან ერთად

"ბალიზე ცხოვრება ახდენილ სიზმარს ჰგავს"

- ახლა ბალიზე ვცხოვრობ. ჩემი ბრენდი, მას შემდეგ, რაც აქ გადმოვსახლდი მეუღლესთან ერთად, შეიცვალა, ახლა საკურორტო სამოსს ვქმნით. მოდის ინდუსტრიაში დიზაინერად მუშაობა, როდესაც ქალებს ეხმარები, რომ უფრო ლამაზები და თავდაჯერებულები იყვნენ, ზოგჯერ იმდენად მიტაცებს, რომ კვირის შვიდივე დღეს შემიძლია ვიმუშაო. ერთადერთი რამ, რასაც საქმის გარდა ყურადღებას ვუთმობ, ოჯახია - ჩემი მეუღლე და სამი ძაღლი, მათთან ერთად სანაპიროზე სეირნობა ჩემთვის განტვირთვაა. ყოველ საღამოს ვსვამ ჭიქა ღვინოს და ვნებივრობ მეუღლესთან ერთად. ბალიზე ცხოვრება და მუშაობა ახდენილ სიზმარს ჰგავს.