რატომ მოსწონთ მაჰმადიან ტურისტებს საქართველო? - კვირის პალიტრა

რატომ მოსწონთ მაჰმადიან ტურისტებს საქართველო?

თურქულ გაზეთ Dünya Bülteni-ში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: რატომ მოსწონთ მაჰმადიან ტურისტებს საქართველო. გთავაზობთ ამ სტატიის მიხედვით მომზადებულ მასალას:

გეოგრაფიულად საქართველოს გარს აკრავს ისეთი მაჰმადიანური (მუსულმანური) ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი და აზერბაიჯანი, რეგიონთან ახლოს მდებარეობს კიდევ ერთი ისლამური სახელმწიფო - ირანი. ამ ქვეყნების მოსახლეობის სულ მცირე 98%-ის სარწმუნოებას ისლამური რელიგია წარმოადგენს და მათგან ტურისტული ნაკადი საქართველოში წლითი-წლობით სტაბილურად მატულობს.

იბადება კითხვა: რა მიზეზები განაპირობებს მაჰმადიან ტურისტთა რაოდენობის ზრდას ქრისტიანულ ქვეყანაში?

ა) სავიზო ფორმალობების არარსებობა ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოთა მოქალაქეებს საქართველოში წასვლა უვიზოდ შეუძლიათ, ეს კი ფულისა და დროის ეკონომიას უზრუნველყოფს.

ბ) პირდაპირი ავიარეისების დიდი რაოდენობა საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების პარალელურად, უცხოურმა ავიაკომპანიებმა - როგორც ტრადიციულებმა, ასევე საბიუჯეტოებმა - ამ კავკასიურ ქვეყანაში პირდაპირი ავიარეისების განხორციელება დაიწყეს. ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად შეამცირა სატრანსპორტო ხარჯები და გაამარტივა საქართველოში ჩასვლა.

გ) „ჰალიალ-ტურიზმი“ ტურიზმის ეს სახეობა შედარებით ახალია და ითვალისწინებს კომფორტულ მოგზაურობას ისლამური ნორმების მკაცრი დაცვით, თუმცა, რა თქმა უნდა, ამისათვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის - სპეციფიკური კვების ობიექტების და სასტუმროების არსებობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაჰმადიანმა ტურისტებმა იოლად მიაგნონ მეჩეთს

საქართველოში მუდმივად იზრდება ჰალიალ-რესტორნების რაოდენობა, რომლებსაც, ძირითადად, უცხოელები ფლობენ. ასეთი დაწესებულებები უკვე გაჩნდნენ არა მხოლოდ თბილისში და ბათუმში, არამედ, მაგალითად, საქართველოს სამხედრო გზაზეც. ასევე აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში 200-ზე მეტი მეჩეთია და მათი ნახევარი აჭარაში მდებარეობს.

დ) ისლამი საქართველოში: ისტორიული ფაქტორი საქართველოში ისლამური რელიგიის გავრცელებას დიდი ხნის ისტორია აქვს. VIII-XI საუკუნეებში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში თბილისი ადგილობრივი მაჰმადიანური საამიროს მნიშვნელოვან კულტურულ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა - მას ასეც ეწოდებოდა - „თბილისის საამირო“, რომელიც [გარკვეული დროის განმავლობაში] სომხეთის საამიროს ნაწილს წარმოადგენდა. თავის მხრივ, სომხეთის საამირო არაბეთის ხალიფატის შემადგენლობაში შედიოდა.

ისლამიზაცია დასავლეთ საქართველოშიც საკმაოდ ინტენსიურად განხორციელდა - ოსმალეტის იმპერიის გავლენით XV-XVIII საუკუნეებში. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 400 ათასი მაჰმადიანი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 10%-ს შეადგენს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ