პარიზელი ქართველების ნათლია და ებრაელთათვის თავდადებული წმინდანი - კვირის პალიტრა

პარიზელი ქართველების ნათლია და ებრაელთათვის თავდადებული წმინდანი

პარიზში გრიგოლ ფერაძემ აღასრულა საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის დედის, ზეინაბ კედიას ნათლობა

საქართველოს საამაყო შვილსა და მსოფლიო მოქალაქე გრიგოლ ფერაძეს დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდა და 11-12 სექტემბერს საქართველოში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი უწევდა - სწორედ გრიგოლ ფერაძემ აღასრულა პარიზში საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის დედის, ზეინაბ კედიას ნათლობა. მსოფლიოს ფილოსოფიურ ან საღვთისმეტყველო მეცნიერებებში თითქმის არ არსებობს მოღვაწე, რომელმაც მსოფლიოს 20 სხვადასხვა ენა ისე იცოდეს, როგორც გრიგოლ ფერაძემ იცოდა (მათ შორის ძველებრაული, ძველი ბერძნული, არაბული, კოპტური, ძველი სომხური და სხვა). ალბათ, ისეთიც ცოტა მოიძებნება, ვინც გრიგოლ ფერაძესავით მთელ ხელფასს მშობლიური ქვეყნის ხელნაწერების მოძებნასა და შესწავლას მოანდომებდა. დაბოლოს, თითზე ჩამოსათვლელიც კი არ არიან ისეთი ადამიანები, ვინც სიცოცხლეს სხვისთვის გაწირავს, გრიგოლ ფერაძემ კი ეს 41 წლისამ გააკეთა. ფაშისტურ ტყვეთა ბანაკში მისი მოწამებრივი სიკვდილის შესახებ დღესაც ლეგენდები დადის. ერთი გადმოცემით, ისეთი ებრაელი მრავალშვილიანი მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში, მეორის მიხედვით კი, ფაშისტებმა ოცი ტყვე გააშიშვლეს და იანვრის ყინვაში გაყარეს. ამის დამნახავმა გრიგოლმა ფაშისტებს სთხოვა, მათ მაგივრად მე დავდგებიო. ფაშისტები სულაც არ აღმოჩნდნენ იმ მონღოლებივით გმირობის დამფასებელნი, რომლებმაც თაფლწასმულ ცოტნე დადიანთან ერთად სხვა ტყვეებიც შეიწყალეს - მათ სხვები კი გაათავისუფლეს, მაგრამ გრიგოლ ფერაძე მთელი დღე ყინვაში დააყენეს და სიცივით მოკლეს.

ამ და ქართველი წმინდანის ცხოვრების სხვა ექსკლუზიურ დეტალებზე გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ფერაძის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ფერაძე.

- გასული საუკუნის 80-იან წლებამდე არათუ გრიგოლ ფერაძის ხსენება, არამედ საბჭოთა კავშირში მისი ნაშრომების ციტირებაც აკრძალული იყო. მამაჩემი, ბიძინა ფერაძე, დამსახურებული პედაგოგი გახლდათ და 60-იანი წლების დასაწყისში ქართველი პედაგოგები წაიყვანა ვარშავაში ექსკურსიაზე. პოლონელმა მასპინძლებმა მისი გვარი რომ გაიგეს, ვარშავის უნივერსიტეტში წაიყვანეს - იქ მემორიალურ დაფაზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ პროფესორებს შორის გრიგოლ ფერაძის სახელიც ეწერა. მახსოვს, მამამ რა სიამაყით ჩამოიტანა დაფასთან გადაღებული ფოტო. პატარა სალომე ზურაბიშვილი და მისი ძმა ოთარი პარიზში, ნათესავის ქორწილში. უკანა პლანზე - მარჯვნიდან პირველი ზეინაბ კედია გავიდა წლები და ფერაძეების შეკრებაზე გრიგოლ ფერაძის ძმისშვილს, რომანოზ ფერაძეს შევხვდი. სხვა ფერაძეებთან ერთად ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ გრიგოლ ფერაძეზე. ასე გადაწყდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების შექმნა, საეკლესიო საძმო კი პოლონეთში Gგრიგოლ ფერაძის კარგა ხნის შექმნილი იყო.

შემდეგ ორჯერ ჩავედით პოლონეთში. ენით აღუწერელი განცდა იყო, როცა ვხედავდით, როგორ პატივს სცემდნენ იქ ჩვენს სისხლსა და ხორცს. გრიგოლი პოლონეთში პარიზიდან პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა დიონისემ მიიწვია ვარშავის სასულიერო სკოლის დირექტორად. პარიზში გრიგოლი ქართველმა ემიგრანტებმა ჩაიყვანეს გერმანიიდან, სადაც ჯერ სწავლობდა, მერე მუშაობდა. ემიგრანტებს მართლმადიდებელი ეკლესია არ ჰქონდათ და ბავშვებს ვერ ნათლავდნენ, გრიგოლს კი იქ, ბავშვებთან ერთად, ემიგრაციაში დაბადებული ჩვენი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დედის, ზეინაბ კედია-ზურაბიშვილის მონათვლაც მოუხდა.

- საინტერესოა, გრიგოლ ფერაძე ქართველ ემიგრანტებს რატომ დაშორდა და რატომ წავიდა პოლონეთში? - მას პარიზში ისევე უჭირდა, როგორც ქართული ემიგრაციის უმრავლესობას. ამას ისიც ემატებოდა, რომ გული უტყდებოდა ჩვენთვის ჩვეულ პარტიულ დაქსაქსულობაზე, რაც აშკარა იყო პარიზელ ემიგრანტებში, თუმცა რა გასაკვირია - ისინიც ხომ ქართველები იყვნენ. სამშობლოდან ასე შორს მყოფნი პარიზშიც კი არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. პოლონეთში გრიგოლს მუშაობის უკეთესი პირობები შესთავაზეს. მალე გრიგოლ ფერაძის სახელი ლეგენდად იქცა და ის დღემდე არ გაფერმკრთალებულა. პოლონეთში ახლაც არსებობს გრიგოლ ფერაძის სახელობის საძმო და ხალხი, რომელიც მასზე დისერტაციებს წერს. მაგალითად, დოქტორი მამა ჰენრიკ პაპროცკი. მან გრიგოლ ფერაძის შესახებ პარიზში სასულიერო სემინარიაში სწავლისას შეიტყო მღვდელ ილია მელიასგან. სხვათა შორის, სწორედ მამა ჰენრიკის დამსახურებაა, რომ დღეს გრიგოლ ფერაძე წმინდანად არის შერაცხილი. ასეთი ხალხი ქართველობაშიც გვყავს - ამერიკაში განათლებამიღებულმა ახალგაზრდა კაცმა, ილია მარგველაშვილმა, სამშობლოში დაბრუნებისთანავე გრიგოლ ფერაძის სახელობის პირველი ტაძრის მშენებლობა წამოიწყო კოჯორში.  ვარშავის უნივერსიტეტის მემორიალი, სადაც გრიგოლ ფერაძეა მოხსენიებული. მარჯვნივ: ილია ფერაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ნათლია ბებიაჩემის და, მანია სიამაშვილი გახლდათ. ეს ის ქალია, რომელიც პარიზში გაჭირვებულ ქართველებს პატრონობდა. უშვილოდ დაქვრივებული მანია პარიზში მაქმანებს ქსოვდა, რითაც შემოსავალს იღებდა. სხვათა შორის, ის პირველი ქალია, რომელიც თავისი საოცარი მაქმანების წყალობით ჟურნალ "ვოგის" ფურცლებზე მოხვდა.

რაც შეეხება საერთაშორისო ფორუმს "საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია", მისი გამართვა საქართველოსთვის კი არა, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანია. ამ სამყაროში ჩვენ, ქართველებს, გვყავდა კაცი, რომლის ბადალიც მსოფლიოს ცოტა ჰყავს.