პორტრეტი 24 კადრში - კვირის პალიტრა

პორტრეტი 24 კადრში

პირისპირ პირველად ვხვდებით. ასაკი ეტყობა - ვერაგი ასაკი. ხელჯოხით მხვდება - ცოტა ხნის წინ ფეხი მოიტეხა... დროს მითმობს. დრო ცოტაა... თუმცა, დიდ ხელოვნებას დრო არ უწერია. ის უკვე დროში განფენილი, სივრცეში განვრცობილია.

რეზო ჩხეიძე - ჩემს ობიექტივში.

კადრი 1. საინტერესო ცხოვრება განვლო. ქუთაისში დაიბადა - იმ ქუთაისში, რომელიც ახლა სახეცვლილია, აღარ არსებობს. იქ იუმორი, ურთიერთობები და გარემო გაიცრიცა. დაიბადა ოჯახში, სადაც მთელი ქუთაისის, საქართველოსა და რუსეთის ინტელიგენცია იყრიდა თავს. სახლი რიონის პირას იდგა. იქ ახლა ბაღია გაშენებული... მამა - დავით ჩხეიძე (დია ჩიანელი - ფსევდონიმი) ცნობილი მწერალი, პედაგოგი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და თეატრის დირექტორი იყო.

კადრი 2. თეატრი... რეზო რეპეტიციებსა და სპექტაკლებს ხშირად ესწრებოდა. მონუსხული უცქერდა სცენას და უკვირდა მსახიობების სახეცვლილება, მოსწონდა, აინტერესებდა. ზუსტად მაშინ "დასნებოვნდა" ამ სამყაროთი.

კადრი 3. 1937 წელი. ვერაგი "სპეცოპერაცია". ნაღები ხალხი გასამწესებლად "გადადეს"  - ეს ქართული ინტელიგენციის გენოციდი იყო.

იმ ღამით ჩხეიძეების ოჯახში უჩვეულო ხმაური ატყდა - რეზო და მისი უმცროსი დები გაირინდნენ, დაიძაბნენ. უცხო, გამეხებული ადამიანები დაგეშილები დადიოდნენ და სახლში რაღაცას ეძებდნენ. იარაღი იპოვეს, გაცოფდნენ. რეზოს სათამაშო აღმოჩნდა. უგულოდ მოისროლეს. მერე მამას ხელი დაავლეს და...

მძაფრად ახსოვს: მესამეკურსელი დედის გამომეტყველება, ის სამი შვილისა და ბედის ანაბარად რჩებოდა. არასდროს დაავიწყდება მამის გამოხედვა. მან ჯიბიდან პორტმონე ამოიღო და დედას დაუტოვა. საფულეში მხოლოდ 26 მანეთი იდო.

მამა წაიყვანეს!

მძიმე დრო იდგა - დაჭერილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს "ხალხის მტრად" რაცხდნენ, ამიტომ მათთან ურთიერთობას ყველა ერიდებოდა - შიშით, ვაითუ...

კადრი 4. დილა უმამოდ და უიმედოდ გათენდა. ბავშვებმა არ იცოდნენ, სკოლაში წასულიყვნენ თუ არა. დედამ კატეგორიულად განაცხადა:L "თქვენ სკოლაში წახვალთ, არავინ უნდა იფიქროს, რომ დაიჩაგრეთ!"

კადრი 5. რეზო შიშით წავიდა სკოლისკენ. იცოდა, რომ რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდებოდა. საკლასო ოთახის კარი შეაღო. "ბავშვებმა არაფერი შეიმჩნიეს, ალბათ, არ იციან", - ამოისუნთქა... მერხთან დაჯდა. ზარი დაირეკა. ცოტა ხანში დირექტორის მოადგილე შემოვიდა, კლასს თვალი მოავლო და... "ჩხეიძე, დირექტორის კაბინეტში", - გამოცრა! ნეტავ რას უმზადებენ?

დირექტორის ოთახში შესული დაშინებულ-დაბნეული რეზო გაოგნდა - ქალბატონი წამოიჭრა, ბიჭი ტირილით ჩაიკრა გულში და უთხრა: "არ იფიქრო, რომ ვინმე დაგჩაგრავს. განაგრძე ძველებურად კარგად სწავლა. მე აქ ვარ, შენ გვერდით".

კადრი 6. მამის დაპატიმრებიდან ორი კვირის შემდეგ ჯალათებმა სახლის დატოვებაც მოსთხოვეს - დედამ ბარგი შეკრა და არ იცოდა, საით წასულიყო. ამ დროს, ოჯახისთვის სრულიად მოულოდნელად, შორეული ნათესავი გამოეცხადათ - რკინიგზის მუშა. ჩემოდნებს ხელი დაავლო და დია ჩიანელის ცოლ-შვილი შინ წაიყვანა. ხელმოკლე ოჯახი ჰქონდა ლადო მაჭავარიანს, უჭირდათ, არც სივრცე ჰქონდათ დიდი, მაგრამ მისმა ცოლ-შვილმა იქამდე უმასპინძლა, შეიფარა და გაათბო ჩხეიძეები, ვიდრე მოგვიანებით თბილისში, დედის სანათესავოში არ გადასახლდნენ.

KvirisPalitra.Geკადრი 7. დროგამოშვებით სახლში უცნობი, შავოსანი ქალი მოდიოდა. თავდახრილი უსიტყვოდ დადებდა წერილებს და გადიოდა. რეზომ ახლაც არ იცის, რატომ აკეთებდა უცხო ქალი სიკვდილის ტოლფას საქმეს.

პაპიროსის კოლოფის თხელ ფურცელზე დაწერილი წერილები... ჩუმი გზავნილები ციხიდან.

ერთი. მეორე. მესამე...

ბოლო წერილი:

"ხვალ, ალბათ, გადამასახლებენ. დილით საბარგო მანქანებით გამოგვიყვანენ ციხიდან. მე ბოლო მანქანაში ჩავჯდები. ბრეზენტს გადავწევ. მინდა, დაგინახოთ".

კადრი 8. გათენდა. დედა და რეზო ადრიანად ჩასაფრდნენ ციხესთან. ალაყაფი გაიხსნა. მანქანები გამოლაგდნენ. აი, ბოლო მანქანაც!

გული მოლოდინით ძგერს, ძგერს, ძგერს!..

თითები გამოჩნდა. თითებმა ბრეზენტი გადასწიეს. მამა! მამა დაინახა!

მამის სახე სამუდამოდ ჩაეხატა. ისიც კი ახსოვს, რა ეცვა, რა ეხურა.

მანქანა სიჩქარეს უმატებდა. დედა და რეზო - სირბილს. გარბოდნენ, მიქროდნენ, იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან სული არ დაელიათ, ვიდრე მამის ხატება ჰორიზონტმა არ შთანთქა.

კადრი 9. გადასახლებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მამაზე აღარაფერი გაუგიათ. ერთხელაც სასამართლოდან წერილი მოვიდა, დავით ჩხეიძე რეაბილიტირებულია, მას ყოველგვარი ბრალდება და სასჯელი მოეხსნაო. რეზომ ხომ ისედაც იცოდა, რომ მამა უდანაშაულო იყო, რაში სჭირდებოდა ფარატინა ფურცელი?!

კადრი 10. მოგვიანებით შეიტყო, რომ მამა იმ დღეს არც გადაუსახლებიათ. იქვე, საღორიის ტყეში დახვრიტეს. იქ ახლა მონუმენტი დგას უმოწყალოდ ამოხოცილი, დროს შეწირული ადამიანებისა. იქ მამის სიმბოლური საფლავია.

კადრი 11. თბილისი. მეორე მსოფლიო ომი. სკოლის მოსწავლე რეზო ჩხეიძეს თანაკლასელების მონაწილეობით პატრიოტულმა სულისკვეთებამ "გიორგი სააკაძე" დაადგმევინა.

იმავე პერიოდში გაიგო, რომ სხვა სკოლის მოსწავლეს, ვინმე თენგიზ აბულაძეს დაუდგამს პიესა "ორნი".

კადრი 12. რეზომ თენგიზის გაცნობა მოინდომა. შეხვდნენ. ერთმა მეორის დადგმა ნახა, მეორემ - პირველის. დაძმობილდნენ. გადაწყვიტეს, ერთად ჩაებარებინათ თეატრალურ ინსტიტუტში. ასეც მოხდა, მაგრამ ორივემ ერთხელაც ერთხმად თქვა: "ჩვენ გვინდა კინო". ამიტომ თბილისიდან მოსკოვში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე გადავიდნენ სასწავლებლად.

კადრი 13. ერთობლივად ჯერ სამი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, შემდეგ კი მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა".

მერე მათი შემოქმედებითი გზები გაიყო.

KvirisPalitra.Geკადრი 14. ფილმები... ხალხის აზრით თუ იმსჯელებს, "ჯარისკაცის მამა" მის შემოქმედებაში განსაკუთრებულია. ყველაზე მეტად კი "ნერგები" უყვარს - ეს ღრმა, ფილოსოფიური ფილმია.

მთელი სული და გული კი "ჩვენს ეზოში" ჩადო - მაშინ თავადაც ყმაწვილი იყო, მაშინაც ზუსტად ისე ძლიერად უყვარდა, როგორც ფილმის გმირებს.

კადრი 15. ცოლი თავდავიწყებით უყვარდა, სკოლის მერხიდანვე. თეატრალურ ინსტიტუტშიც ერთად სწავლობდნენ. ორი შვილი შეეძინათ - ბიძინა და თამარი...

კადრი 16. მერე იყო მეორე მცდელობა და მეორე ოჯახი. ადვილი არ ყოფილა კიდევ ერთხელ დაოჯახება - არც რეზოსთვის, არც მისი შვილებისთვის. ულამაზესი მეუღლე ჰყავდა. მასთან ერთი შვილი - ხათუნა შეეძინა.

კადრი 17. ბიძინა "ღიმილის ბიჭებში" გადაიღო. ახლა ის თვითონ არის კინორეჟისორი. იყო დრო, როდესაც მამასთან ერთად დამხმარე რეჟისორად მუშაობდა.

მამა რეზოს გული სწყდება, რომ ბიძინა ვერ არის ბოლომდე რეალიზებული. როგორც ჩანს, მომავალში უნდა გააკეთოს ის, რაშიც მთლიანად წარმოჩნდება, დაიხარჯება. კარგად წერს, იღებს მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებს, თუმცა მეტი შეუძლია.

კადრი 18. თამარის პოლიტიკურ აქტივობასა და შეხედულებაში არასოდეს ჩარეულა. ჯერ იყო და, სკოლის მოსწავლემ წითელი ყელსახვევი მოიხსნა და დემონსტრაციულად გათელა ფეხით. მამას არაფერი უთქვამს. მერე კი... თამარ ჩხეიძე იმ პერიოდის სტუდენტური მოძრაობის პოლიტიკური მესაჭე აღმოჩნდა, ამის გამო ორი წლის განმავლობაში კა-გე-ბეს ციხეშიც იჯდა. გამოცდაზე გასული მარქსიზმისა და ლენინიზმის ჩასაბარებლად ბილეთს აიღებდა და ლექტორს ეკითხებოდა: "პროფესორო, როგორ მოგიყვეთ, როგორც წიგნში წერია თუ როგორც სინამდვილეში მოხდა?"

კადრი 19. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ანტიკომუნისტურ პროპაგანდას ეწეოდა, მამამისი კი სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, რეზო ჩხეიძის კარიერაზე შვილის პოლიტაქტივობა არასდროს ასახულა უარყოფითად.

კადრი 20. მოსკოვში ჩასვლისას რეზო ჩხეიძე იმავეს იტყვის, რაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ თქვა და ამის გამო საზოგადოების ერთმა ნაწილმა გაკიცხა კიდეც. ჰო, ახლაც იტყვის, რომ ამ ეტაპზე ამერიკასთან ურთიერთობა ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. რუსეთთან კულტურული, მეზობლური ურთიერთობა უნდა აღდგეს. ახლახან თბილისში რუსული ფილმის ფესტივალი გაიმართა, მომავალში კი რუსეთი უმასპინძლებს ქართულ კინოს.

კადრი 21. "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" რეზო ჩხეიძის ბოლო ფილმია, სურათი, რომელშიც საქართველოს ბედია ასახული.

საფუძველი უმთავრესია - რეჟისორს ამის სჯერა. ჩვენი საფუძველი კი ბაგრატოვანთა დინასტიაა, ბიბლიური დავითიდან აღმოცენებული.

ფილმი არის იმ ერთადერთ გზაზე, რომლითაც საქართველოს კვლავ შეუძლია ტრადიციულ სიმაღლეზე დადგეს.

კადრი 22. "უსახსრობისა და უფულობის გამო კინოსტუდია, რომელსაც 40 წელი ვხელმძღვანელობდი და ორი ათასი თანამშრომელი გვყავდა, ახლა უმოქმედოდაა.

დირექტორის, დამლაგებლისა და დაცვის თანამშრომლის ჩათვლით, ჩვიდმეტი კაცი მუშაობს იქ. ქართული კინემატოგრაფი სულს ღაფავს - უპატრონობით! ის ნიჭიერი ხალხი კი, ვინც ქართული კინო შექმნა, ცოცხალია და უსაქმოდაა".

კადრი 23. ვემშვიდობები. ფეხი სტკივა, ვერ გამაცილებს.

- ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით! - ჩემი წარმოთქმულის ბანალურობა არ მაწუხებს, ვიცი, წრფელია და იმიტომ.

მზერას მაყოლებს. უკან ვიხედები. რაღაცას ფიქრობს. ვგრძნობ, ბევრი აქვს მოსაყოლი, სათქმელი. მეძახის. მიხარია. მეღიმება...

კადრი 24. მოსაწვევს მაწვდის - "აუცილებლად ნახე ეს ფილმი, მოდი".

"მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი"... მივდივარ.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ნიჭის გენიალურობაში.

ვერაგია ასაკი, მაგრამ არა ამ შემთხვევაში.