ბედიის მონასტერში არსებული ვითარება კრიტიკული ნიშნულის ქვედა ზღვარზეა
ბედიის მონასტერში არსებული ვითარება კრიტიკული ნიშნულის ქვედა ზღვარზეა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში არსებული ვითარება კრიტიკული ნიშნულის ქვედა ზღვარზეა.

როგორც სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მონასტერში ფრესკების ნაწილი დაზიანებული ან ჩამოხსნილია, დარჩენილ ნაწილს კი საფრთხე ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, ბედიის მონასტერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სააგენტო იუნესკოსთვის ინფორმაციის მიწოდებას აპირებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დახმარებას ითხოვს.

"ვიდეომასალაში არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მონასტერში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ბედია არის აბსოლუტურად უყურადღებოდ და თუკი იქ რაიმე კეთდება, მხოლოდ
დაზიანების კუთხით. წინა წელს ჩვენს ხელთ არსებული მასალით, რომელიც კონფიდენციალური წყაროებით მივიღეთ, ჩამოხსნილი იყო კედლის მხატვრობის ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც ბაგრატ მესამეს ეკუთვნოდა. ამავდროულად, უმძიმეს მდგომარეობაშია მისი ქვის წყობები, რომელიც რეგრესს და შლის პროცესს განიცდის. ხარაჩოები ეკლესიის ინტერიერში კვლავაც არის მოწყობილი და არა იმისთვის, რომ კედლის
მხატვრობის კონსერვაცია წარიმართოს, არამედ, მხატვრობის ფრაგმენტების განადგურება და მოშლა ხდება. ამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვრჩება ერთადერთი ბერკეტი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და ზეწოლით შევქმნათ საფუძვლები, რომ აფხაზური მხარე დათანხმდეს საერთაშორისო მისიის ჩართვას და აფხაზეთში არსებული ძეგლების მდგომარეობა შეამოწმონ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმის კურსში უკვე ჩაყენებულია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უახლოეს მომავალში იუნესკოს წარმომადგენლობას უნდა შეხვდეს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ბედიის საკითხიც დაისმება.

„დღეს, კულტურული მემკვიდრეობის ფორუმზე, რომელიც თეთრწყაროში წარიმართა, ჩვენი სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან საუბარი და უახლოეს მომავალში, როდესაც იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა იუნესკოს წარმომადგენლებთან, აუცილებელი პირობის სახით იქნება ეს საკითხი დასმული. რათა იუნესკოს ხაზით გავაძლიეროთ ჩვენ ამ ტიპის მოთხოვნა, რომ საერთაშორისო მისიის მონიტორინგი განხორციელდეს. ასევე პროცესი კარგი იქნება თუ ჩვენი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდება, რაც რთული საკითხია. აფხაზეთში ძეგლების მდგომარეობა კრიტიკულზე უფრო ქვედა ნიშნულზეა და სავალალო მდგომარეობაშია. მზად ვართ საჭირო კონსულტაციები გავწიოთ და სარესტავრაციო პროექტიც მოვამზადოთ. მრავალი ძეგლის ფოტომასალა გვაქვს, დაახლოებით, 100-ზე მეტი ძეგლის, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვფლობთ სრულყოფილ ინფორმაციას, მხოლოდ შეტყობინებების და ფოტომასალების მიხედვით შეგვიძლია შეფასება. ზოგადად, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე“, - განაცხადეს სააგენტოს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ვიდეომასალის მიხედვით მომზადდება ანგარიში, რომელიც უახლოეს კვირეებში იუნესკოს გაეგზავნება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში კედლები თითქმის სრულად არის დაზიანებული. განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მონასტერში ხარაჩოებია განთავსებული.

ბედიის სამონასტრო კომპლექსი ოჩამჩირიდან 25 კმ-ში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის. ისტორიული ცნობებით, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით, 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ ააგო.

"ინტერპრესნიუსი"
ელო
16 სექტემბერი 2019 00:04
მთელ ცივილიზებულ სამყაროს უნდა აჩვენონ რუსეთის „კულტურულობა".
გივი
16 სექტემბერი 2019 00:02
ტიპიური ბარბაროსები და ვანდალები. ჩინგის ხანის შთამომავლები! ისტორიის გაყალბების რუსული მეთოდი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?