"ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სომხობა დასასჯელია, იზოლირებული უნდა იყოს" - რა ხდება აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? - კვირის პალიტრა

"ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სომხობა დასასჯელია, იზოლირებული უნდა იყოს" - რა ხდება აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

4 სექტემბერს ჩაკეტილი ოკუპირებული ახალგორის გზის გახსნის პერსპექტივა ისევ არ ჩანს. პარალელურად, უფრო დამძიმდა გალელების ცხოვრების პირობებიც. აფხაზების თქმით, რაულ ხაჯიმბამ, რომელიც მეორე ვადით გახდა "პრეზიდენტი", გალის რაიონის ეთნიკური ქართველებისა და სომხების ხარჯზე გაიმარჯვა, მაშინ როდესაც გალის რაიონის ქართველ მოსახლეობას სწორედ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ხაჯიმბას "პრეზიდენტობისას", ჩამოართვეს დოკუმენტები, დახურეს გამშვები პუნქტები ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიასთან და ე.წ. ცხოვრების უფლების დოკუმენტი დაარიგეს.

რა ელით გალელებს

ხაჯიმბას პირველი ვადით "პრეზიდენტობისას" გალელებს ენგურს აქეთ ახლობლებთან ურთიერთობა შეზღუდული ჰქონდათ, რაც მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ამძიმებდა, ამის მიუხედავად, მათ მაინც ხაჯიმბას მისცეს ხმა.

"ოპოზიცია ვერაფერს შეცვლის"

ლელა, 43 წლის, გალელი: "ვისაც საბუთები წესრიგში აქვს და არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, მილიცია კარდაკარ დადიოდა და ეუბნებოდა, აქ ცხოვრობთ და არსად წამსვლელები არა ხართ. ხომ იცით, ხაჯიმბას უკან რუსეთი დგას. ოპოზიცია გააპროტესტებს, მაგრამ ვერაფერს შეცვლის, თანდათან ყველაფერი დალაგდებაო. შეიძლება აფხაზებს მართლაც აქვთ იმედი, რომ რაღაცას შეცვლიან, მაგრამ აქ გადამწყვეტ სიტყვას რუსეთი ამბობს".

"იციან აფხაზებმა, რუსეთს ვერაფერს უზამენ და აგრესიას ჩვენზე ანთხევენ"

ნანა, 36 წლის: "აფხაზები გაღიზიანებული არიან, მეტს ელოდნენ კვიწინიასგან (ვეტერანთა პარტია "ამცახარას" წარმომადგენელი). აქ სასიკეთოდ არაფერი იცვლება. ამას წინათ სოხუმში ვიყავი, ჩემი შვილის მასწავლებელს გარდაეცვალა ნათესავი, მეთერთმეტეკლასელი ბიჭი ნარკოტიკის ზედოზირებით. მშობლებმა მესამე დღეს მიაგნეს. ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი.

აფხაზები რუსებს ვერ იტანენ, მაგრამ დამსვენებლები სჭირდებათ. ბოლო დროს რუსებიც ამბობენ, ვერ გვიტანენო. არჩევნების შემდეგ უფრო დაიძაბა ვითარება, იციან აფხაზებმა, რუსეთს ვერაფერს უზამენ და აგრესიას ჩვენზე ანთხევენ. უფრო სომხებზე არიან გადაკიდებული. მათ მსხვილი ბიზნესები აქვთ, სომხეთიდანაც შემოაქვთ ინვესტიცია, რაც ძალიან აღიზიანებთ აფხაზებს. ბოლო წლებში არაერთი ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახი შეიქმნა, მაგრამ ვერ ნახავთ ვერც ერთ სომხურ-აფხაზურ წყვილს. ისიც იციან, რომ ნარკოტიკების რეალიზაციას სომხები ლობირებენ, მაგრამ ხელისუფლება თვალს ხუჭავს".

სოციალურ ქსელებში გაჩნდა სომეხი მოსახლეობის ღირსების შემლახველი პუბლიკაციები

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა სომეხი მოსახლეობის პატივისა და ღირსების შემლახველი პუბლიკაციები."აფხაზეთის სომეხთა საზოგადოების ლიდერი გალუსტ ტრაპიზონიანი ამბობს, რომ "სახელმწიფო ასეთ ფაქტებზე არასათანადოდ რეაგირებს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელზეც ჩანს, როგორ ესვრიან ქვებს 70 წლის უსინათლო ომის მონაწილეს. ვიდეორგოლი, ალბათ, ყველამ ნახა, მაგრამ ყველა დუმს. ვიდეორგოლში მოხუცს ეკითხებიან: "ვინ ხარ?" - "სომეხი". - "იბრძოდი?" - "კი". - "თავს გმირად მიიჩნევ?" - "კი". "ჰოდა, მიიღე, რადგან გმირი" ხარ"... (აფხაზებს აღიზიანებთ, როდესაც სომხები მუდმივად ცდილობენ 90-იანი წლების ომში თავიანთი წვლილის წარმოჩენას და პრივილეგიებსაც ითხოვენ. - ავტ.). "ეს ადამიანი მას ესვრის ქვებს. გესმით?.. ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სომხობა დასასჯელია, იზოლირებული უნდა იყოს", - ამბობს გალუსტ ტრაპიზონიანი.

იხილეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენ საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად