"ვის გაუგია სამეცნიერო ინსტიტუტი ლაბორატორიის გარეშე?" - კვირის პალიტრა

"ვის გაუგია სამეცნიერო ინსტიტუტი ლაბორატორიის გარეშე?"

"რისი იაფად კეთებაც შეგვიძლია, უცხოეთიდან ძვირად შემოგვაქვს"

"პრეზიდენტის ბაბუა ერთ დროს აქ მოღვაწეობდა"

საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი მანქანის გამომგონებელი საქართველოა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელსაც, მისი წარმომადგენლების განცხადებით, საფრთხე ემუქრება.

კონსტანტინე ამირეჯიბის სახელობის სოფლის მეურნეობის, მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე რევაზ მახარობლიძე: - იყო დრო, ამ შენობაში 500 კაცი მუშაობდა და ფართობი არ გვყოფნიდა. მეცნიერებათა აკადემიის სისტემიდან გამოყვანის შემდეგ კადრების შემცირება მოგვთხოვეს;

ჯერ 120 თანამშრომელი დავრჩით,  მერე - 70, ინსტიტუტი კი, სხვა სამეცნიერო ინსტიტუტების მსგავსად, სხვადასხვა უნივერსიტეტს დაუქვემდებარეს. ცხადია, 70 ადამიანს ამხელა შენობა არ სჭირდება, ამიტომაც ერთ ფლიგელში შემოასახლეს მეტყევეობის სააგენტო. ახლა კი, როგორც ჩანს, უნივერსიტეტებს დაავალეს, ყველა სამეცნიერო ინსტიტუტი ერთ შენობაში განათავსონ. შედეგად კი შენობები გამოთავისუფლდება და გაყიდიან.

- იქნებ უკეთეს შენობაში გადაგიყვანონ.

- აქ ერთი  ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა - შეუძლებელია, მექანიზაციის ინსტიტუტი არსებობდეს ექსპერიმენტულ-მექანიკური ქარხნის, მანქანების საგამოცდო პოლიგონის, ექსპერიმენტული მეურნეობის და ლაბორატორიების გარეშე. შენობის პირველ სართულზე ისეთი დანადგარებია დამონტაჟებული, თითქმის მეორე სართულს სწვდება; თავის დროზე ჯერ ისინი დაამონტაჟეს და შემდეგ აშენდა კედლები, ამიტომ მათი გამოტანა შეუძლებელია.

წეროვანში გადასვლა შემოგვთავაზეს; შემოთავაზებული ფართობის ნახევარი ჩვენს ბიბლიოთეკას სჭირდება, დანარჩენი ფართობი სამუშაო ჯგუფს არ ეყოფა, ექსპერიმენტულ-მექანიკური ქარხნისთვის კი საერთოდ არ მოიძებნება ადგილი; ჩვენი ქარხნის და ლაბორატორიების გაუქმება იმას ნიშნავს, რომ  დაწერო ბრძანება მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ, მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტია.

ვის გაუგია ამ დარგის განვითარება ჩვენი ინსტიტუტის გარეშე? თუ სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღება არ მოხდა, სახელმწიფო ჩამორჩენილი იქნება, რადგან წარმოებული პროდუქცია ძვირი დაჯდება და  უცხოეთში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული იმპორტი გაგიწევს კონკურენციას შენსავე ბაზარზე; უცხოურ ბაზარზე გასვლამდე ხომ განწირული იქნები მარცხისთვის.

ამიტომაც სახელმწიფოში უნდა არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებას რეკომენდაციას მისცემს,  რომელი ტექნოლოგიაა საჭირო ამა თუ იმ კულტურის მოვლა-მოყვანისთვის, რომელი მანქანა უნდა შემოვიტანოთ უცხოეთიდან ან შევქმნათ ადგილზე.

ადრე ამ ფუნქციას ოთხი ინსტიტუტი ასრულებდა: დღეს მხოლოდ ჩვენ ვართ და ამ ინსტიტუტსაც გაუქმება ემუქრება.

KvirisPalitra.Ge- უცხოეთში არსებობს ანალოგიური ორგანიზაციები თუ სხვა სამსახურები ასრულებს ამ ფუნქციებს?

- აზერბაიჯანში ეს ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაშია. წინათ ჩვენი ინსტიტუტიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარებოდა და ყველა სიახლე სწრაფად ინერგებოდა. ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტროში საერთოდ არ იციან, რას ვაკეთებთ.

- ალბათ გამოსავალზე გიფიქრიათ.

- აღნიშნული შენობის ერთი სართული და ექსპერიმენტულ-მექანიკური ქარხანა უნდა დაგვიტოვონ  და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში უნდა დაგვაბრუნონ.

იმის გამო, რომ საქართველოში მეჩაიეობა ჩამკვდარია, ჩაი გაველურდა და ხეების სიმაღლეზე გაიზარდა. სამწუხაროდ, არ ხდება არც რეაბილიტაცია და არც ამოძირკვა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მანქანები, რომლებიც შეძლებს გაველურებული პლანტაციების რეაბილიტაციას ან ამოძირკვას. ამაზე სახელმწიფო გრანტიც მოვიპოვეთ. მანქანა გადასაყრელ მასას დააქუცმაცებს, დაამუშავებს, ჩაყრის რიგთაშორისებში და უკვე ჩამპალი იქცევა ორგანულ სასუქად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად.

ჩვენი ჩაის მექანიზაცია ერთ დროს მსოფლიოში პირველი იყო, ახლა კი ისეთ დღეში ვართ, სულს ძლივს ვითქვამთ. თუმცა, უამრავი გამოგონება გვაქვს და მათი განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო სერიოზულ მოგებას ნახავს.

მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი მანქანა ამ ინსტიტუტში შეიქმნა. იაპონელებმა ჩვენი გამოგონებული მანქანები გამოიყენეს.  ყველაფერს ვაკეთებთ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ეს კი პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ შესახებ პრეზიდენტმა უნდა გაიგოს. სხვათა შორის, მისი ბაბუა, გივი ალასანია ერთ დროს აქ მოღვაწეობდა...

ამირან სოხაძე, ქარხნის დირექტორი: - უცხოეთიდან შემოგვაქვს მუშა მანქანები, გუთნები, კულტივატორები, სათესი მანქანები, მაშინ, როდესაც ყველა ამ მანქანის წარმოება საქართველოში, ამ ქარხანაშია შესაძლებელი; ასე ხდებოდა ათეულობით წლის განმავლობაში. ქუთაისში იყო მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხანა - აღარ არსებობს, განადგურებულია. ლილოში იყო სასოფლო-სამეურნეო მანქანები, ისიც განადგურებულია, თურქეთშია გატანილი ჯართად. ერთადერთი, სადაც მარტივი მანქანების წარმოება შესაძლებელია, ჩვენი ქარხანაა, ესეც უნდა განადგურდეს?

ვის აღარ მივწერეთ  - პარლამენტს, ეკონომიკის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს. ყველა მასალა გავუგზავნეთ პრეზიდენტს, რომ იცოდეს, ფინანსური სიძნელეების მიუხედავად რას ვაკეთებთ  და იოლად მიხვდეს, რისი გაკეთება შეგვიძლია სათანადო ყურადღების შემთხვევაში.

P.S. ქარხანაში ყოფნის დროს მიწის გასანოყიერებელი კულტივატორის ფასით დავინტერესდი. ადგილზე მისი დამზადება 960 ლარი ჯდება, უცხოეთიდან შემოტანილი  ერთი ცალი კი 3-4 ათასი ევრო ღირს. უცნაურია, რა გვრჯის ფულის გადასაყრელად? ან რატომ ვანიავებთ ჩვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს?!