"რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ეს მეგრელების ნათქვამს მახსენებს, - ძუკუმ იცის, ძუკუს საქმე რა არისო..." - კვირის პალიტრა

"რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ეს მეგრელების ნათქვამს მახსენებს, - ძუკუმ იცის, ძუკუს საქმე რა არისო..."

"ბიძინაც, მამუკაც და ვანოც, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები არიან, რაც ახლა მათ შორის ხდება, საშინლად მტკენს გულს!" - გვითხრა ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:

- ვიცით, რომ ახლო მეგობრობა გაკავშირებთ ბიძინა ივანიშვილთან, ახლობლობთ  ვანო ჩხარტიშვილთან და მამუკა ხაზარაძესთანაც... რას ფიქრობთ დღეს მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე?

- დიახ, შარშან ამ დროს ბერას ქორწილში ვიყავით, ბიძინა ჩვენს 22 კონცერტს დაესწრო პარიზში და ამბობდა ჩემზე ამაყი კაცი არ არის, თქვენ რომ გხედავთო. ვანო ჩხარტიშვილიც ჩემი უახლოესი ადამიანია და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ თუნდაც იმიტომ, რომ ფონდი "ქართული გალობა" დააარსა... ასევეა მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც ქართული კულტურისთვის ბევრი გააკეთა... ახლა რაც მათ შორის ხდება, გულს იმდენად მტკენს, ძალიან ცუდად ვარ! ვანოს და მამუკას კი არა, მათ მშობლებსაც კი ვიცნობდი და დიდი მეგობრობა მაკავშირებდა მათთან...

სხვა გზა აღარ არის დარჩენილი მტყუან-მართალი უნდა გაირჩეს. გეფიცებით, თუ ვიცოდე, რომელია მართალი და რომელი - არა... ბევრი ჭორია ირგვლივ და რთულია გარჩევა. ორთავეს საუკეთესო მშობლები ჰყავდათ… ვფიქრობ, მარტო მათი ხსოვნის გამო არ გააკეთებენ ცუდ საქმეს და ამ გაუგებრობასაც დაასრულებენ დროულად.

- მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დაიბარა ბიძინა ივანიშვილმა, იქ იყო ვანო ჩხარტიშვილი, შოთაძე და საქმე, რომელიც სასამართლოს უნდა გაერჩია, თვითონ გაარჩია…

- ერთი ახლობელი შემხვდა ამასწინათ და ისეთი რამ მიამბო, ძალიან კი მიჭირს ამის თქმა, მაგრამ სიმართლე უფრო ვანო ჩხარტიშვილისკენ იხრება, მგონი... ეს არ ნიშნავს, რომ მამუკა არ მიყვარს და არ ვგულშემატკივრობ, მაგრამ მაინც გითხარით, რისი თქმაც ძალიან მიჭირდა... ვანო ჩხარტიშვილი ყველას მირჩევნია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, მაგრამ ახლა ობიექტურობის გამო ვამბობ და არა სიახლოვით. ვისურვებდი ჭორი იყოს ეს ყველაფერი და არა სინამდვილე... აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი კაცია ბიძინა ივანიშვილი, უდიდესი მოაზროვნე!

- მოგწონთ ასე ხშირად რომ ცვლის პრემიერ-მინისტრებს? - გიორგი გახარია ძალიან მომწონს და ალბათ საჭირო იყო მისი დანიშვნა! არც წინა პრემიერს ვერჩოდი რამეს, რა გვარი იყო?

- მამუკა ბახტაძე... - კარგი პიროვნებაა ისიც, მაგრამ რასაც ბიძინა აკეთებს, ეს მეგრელების ნათქვამს მახსენებს, - ძუკუმ იცის, ძუკუს საქმე რა არისო...

- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს? - მაგაზე მოფიქრალს ან აკლია, ან - არა! აუცილებლად უნდა აშენდეს და ვინც ხელს შეუშლის ქვეყნის მტერია! რა აჯობებს იქ რომ ამერიკული ტანკერი დადგება! ანაკლიის პორტი ქათველი ხალხისთვის იქნება საუკეთესო რამ!

იხილეთ ასევე: "მე უკვე ვიყავი ემიგრაციაში, მეორედ ვეღარ წავალ!"

(სპეციალურად საიტისთვის)