გამოკითხულთა რა ნაწილი აფასებს საბჭოთა კავშირის დაშლას "ცუდ მოვლენად" და რა მიაჩნიათ მთავარ ეროვნულ საკითხად - NDI-ის კვლევის შედეგები - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა რა ნაწილი აფასებს საბჭოთა კავშირის დაშლას "ცუდ მოვლენად" და რა მიაჩნიათ მთავარ ეროვნულ საკითხად - NDI-ის კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საზოგადოების განწყობის მორიგი კვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა. გამოკითხვა 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2132 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორტონმა განაცხადა, ეს ბოლო ათი წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სამუშაო ადგილები კვლავ მთავარ ეროვნულ საკითხად რჩება. რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 34%-ის აზრით - ფასების ზრდა/ინფლაცია, 33% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიღარიბეს, 29% ტერიტორიულ მთლიანობას, 22% პენსიებს, 19% კი ხელფასებს ასახელებს.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია. კითხვაზე: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ დასაქმებულია. ამასთან, კვლევის თანახმად იმ რესპონდენტების 13%, ვინც ამბობს, რომ დასაქმებულია, საჯარო სექტორში მუშაობს.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, 18-დან 39 წლამდე გამოკითხული მოსახლეობის 27% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო პროგრამაში. ამავე ასაკობრივი კატეგორიის 71% კი აცხადებს, რომ ჩართული არ არის სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში. 40-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის 8% აცხადებს, რომ ჩართულია საპენსიო სისტემაში, ხოლო 90% აცხადებს რომ - არა.

კითხვაზე, გჯერათ თუ არა რომ, როდესაც პენსიაზე გახვალთ შეძლებთ დაგროვილი თანხით სარგებლობას -საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 30%-ს სჯერა; 57%-ს არ სჯერა, ხოლო 13%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

კითხვაზე: თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო თუ კარგი, 49% ფიქრობს, რომ "კარგი". 10%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად 18-დან 34 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 30% მიიჩნევს; 54 % ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო. 55-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უარყოფითი მოვლენა იყო, ხოლო 40% თვლის, რომ დადებითი მოვლენა იყო.

უმცირესობათა დასახლებებში, მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო. დედაქალაქში საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად 33% მიიჩნევს, ხოლო დანარჩენ დიდ ქალაქებში - 28%; პატარა ქალაქებსა და 42 სოფელში კი 47%.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 47% ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად წამლების ფასს ასახელებს. კვლევის ნაწილში, სადაც საუბარი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზეა, კითხვაზე: "თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა", გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 47% წამლების საფასურს ასახელებს, 24% ყველაზე დიდ პრობლემად ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობას აღიქვამს, ხოლო 14% - სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასურს.

დანარჩენ გამოწვევებად სახელდება წამლების დაბალი ხარისხი (გამოკითხულთა 5%), ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში (3%), საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის დაბალი ხარისხი (1%), საავადმყოფოების სიმცირე (1%), და ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებსა და კლინიკებში (1%). გამოკითხული მოსახლეობის 4%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

კითხვაზე: "საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ ჯანდაცვის ხარისხით საქართველოში", გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ ძალიან კმაყოფილია, 58% - ნაწილობრივ კმაყოფილი, 16% ნაწილობრივ უკმაყოფილო, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 9% უკმაყოფილოა. 3%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შესახებ დასმულ კითხვას: "გასული წლის განმავლობაში, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გადაგიდიათ თუ არა სამედიცინო მკურნალობა, იმიტომ, რომ არ გქონდათ ამის ფინანსური შესაძლებლობა", გამოკითხულთა 54% დადებითად პასუხობს, 45% - უარყოფითად, 1%-მა კი ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება კითხვას, "გასული წლის განმავლობაში, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს წამალი გჭირდებოდათ, მაგრამ არ გქონდათ შეძენის ფინანსური შესაძლებლობა", გამოკითხულთა 50%-მა დადებით პასუხი გასცა, 49%-მა - უარყოფითი, ხოლო 1%-მა პასუხი არ იცის.

დაწესებულებების მისაწვდომობასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 90% დადებითად პასუხობს კითხვაზე "თქვენი სახლიდან 30 წუთის მანძილზე არის თუ არა რაიმე სამედიცინო დაწესებულება (კლინიკა, საავადმყოფო, ამბულატორია)", 8%-ის პასუხი ამავე კითხვაზე უარყოფითია, ხოლო 1%-მა არ იცის.

კითხვაზე "თუ დიახ, რამდენად ენდობით ან არ ენდობით, რომ ეს დაწესებულება გაგიწევთ საჭირო სამედიცინო მომსახურებას", გამოკითხულთა (90%-დან, ვისი სახლიდან 30 წუთის მანძილზე არის სამედიცინო დაწესებულება) 26% აცხადებს, რომ სრულიად ენდობა, 54% - ნაწილობრივ ენდობა, 9% ნაწილობრივ არ ენდობა, ხოლო 8% - საერთოდ არ ენდობა.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას ბანკების მიმართ ნდობა არ გააჩნია. კერძოდ, რესპონდენტთა 72%-ს არ სჯერა, რომ კომერციული ბანკები სესხს კარგი პირობებით სთავაზობენ. 18% მიიჩნევს, რომ ბანკების მიერ შეთავაზებული პირობები კარგია, 10% კი შესაბამის კითხვაზე პასუხს - არ ვიცი აფიქსირებს.

ამასთან, კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 54 ამჟამად სარგებლობს სესხით ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში, 45% კი არ სარგებლობს. იმ რესპოდენტების 71% ვინც სესხით სარგებლობს, აცხადებს, რომ სესხის შენატანს ყოველთვის დროულად ფარავს, 24% ამბობს, რომ სესხის შენატანს ზოგჯერ ვერ ფარავს დროულად, 5% კი სესხს დროულად ვერასდროს ფარავს.

იხილეთ ასევე: NDI-ის კვლევა: "გამოკითხულთა ნახევარს ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდა"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით