ლეო ქიაჩელის ნაწარმოებები კიდევ ბევრ თაობას დააფიქრებს - კვირის პალიტრა

ლეო ქიაჩელის ნაწარმოებები კიდევ ბევრ თაობას დააფიქრებს

კლასიკური ქართული ლიტერატურა წარმოუდგენელია ლეო ქიაჩელის "თავადის ქალი მაიას", "ჰაკი აძბას", "ტარიელ გოლუას", "გვადი ბიგვას" გარეშე. ეს ნაწარმოებები დროზე მაღლა დგანან და კიდევ არაერთ თაობას დააფიქრებენ პოლიტიკურ ქარტეხილებში მოყოლილი ადამიანის ბედზე.

ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ქართული პროზის საგანძურის" სერიით თქვენს ბიბლიოთეკას ლეო ქიაჩელის "გვადი ბიგვა" და "ჰაკი აძბა" შეემატება.

ლეო ქიაჩელი (ლეონ შენგელაია, 1884-1963) სწორედ იმ წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, როცა პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ პიკს მიაღწია. მის თვალწინ არაერთი ადამიანის ბედი გადაწყდა, არაერთი კაცის ცხოვრება დაინგრა, არაერთმა იცვალა სახე. ლეო ქიაჩელისთვის ბევრი რამ იყო ახლობელი და განცდილი. შეძლებული აზნაურის შვილმა კარგი განათლება მიიღო. სწავლის გასაგრძელებლად ხარკოვის უნივერსიტეტში გაემგზავრა.

როცა 1905 წელს უნივერსიტეტი სტუდენტთა გამოსვლების გამო დახურეს, საქართველოში დაბრუნდა. ყველაფერი გამოცადა - პატიმრობა, ციხიდან გვირაბით გაქცევა, არალეგალური ცხოვრება მოსკოვში.

ლეო ქიაჩელს მარტივად არ სურდა თეთრისა და შავის გამიჯვნა - ყველაფერი გაცილებით რთული და ღრმა იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. მან ყურადღება იდეიდან ადამიანის ბედზე გადაიტანა... ტრაგედია გარდაუვალი იყო, რადგან ერთის შენების მცდელობა მეორის ნგრევაზე იყო დაფუძნებული. პოლიტიკური რღვევა კი სწორედ ადამიანების სიმწრით შეკოწიწებული ცხოვრების რღვევასაც გულისხმობდა...

დრამატიზმის განცდა პიკს აღწევს. ამის სანიმუშოდ ბევრი ამონარიდის შემოთავაზება შეიძლება... თუნდაც "ჰაკი აძბას" დასკვნითი ნაწილის:

"ჰაკიმ სუნთქვა შეიკრა და ხმა გაკმინდა.

თავით იატაკზე დამხობილს არც კი შეუნიშნავს, რომ იმავე კიბით, რომლითაც ხრიტანიუკის გვამი ამოასვენეს, ორმა რევოლვერმომარჯვებულმა მეზღვაურმა მალე უჯუშ ემხა ამოიყვანა და მეზღვაურთა რიგებს შუა გავლით, ცხედრის კვალდაკვალ, გემის ქიმისაკენ უხმოდ გაატარა.

ემხა თავაწეული მოაბიჯებდა, დინჯად და ნელა. მაღალი ტანი სწორად ეჭირა. განიერი ბეჭები ოდნავი რხევით მოჰქონდა. გემის ბანს იქით იცქირებოდა მაღლა შემართული თვალებით. გახევებულ და უმეტყველო სახეს მხოლოდ ერთი ხაზის მკრთომარება უცხოველებდა, რომელიც უძრავად თვალებში შეფინებოდა. ეს იყო ნაღვლიანი ღიმილის ძლივს შესამჩნევი ციმციმი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დარდს გამოხატავდა უნდო შეგნებით დაძლეულს. პირდაპირ ცის კიდურზე გართხმულ მოწითალო სინათლის კრთომას შეჰყურებდა, სადაც ნათელი დღის კარი უნდა გაღებულიყო.

უჯუშ ემხასაც არ დაუნახავს ჰაკი აძბა, რომელიც კუზმას გვერდით თავქვე დამხობილიყო ხმაგაკმენდილი.

ჭოლოკმკლავებიანმა მეზღვაურმა იგი ქიმის კიდესთან დააყენა და ზურგს უკან დაუდგა. ემხამ მხოლოდ ირიბად შეასწრო თვალი მის წინ ჰაერში შემოტყორცნილ თეთრ ტილოს შეკვრას, რომელიც მაღლიდან ძირს დაქანდა, ჰაერში მრუდი ხაზის გავლებით და ზღვის ტალღებში ჩაინთქა. სამმა ზარბაზანმა უმალვე ზედიზედ ქუხილივით ჩაიგრუხუნა. მერე თოფებმაც გაიტკრციალეს.

ჰაკიმ ახლა თავი ასწია. წელში გაიმართა და მიმოიხედა.

უცებ საერთო დუმილსა და მოძრაობაში, ქიმზე გადამდგარი უჯუშ ემხა დალანდა.

სანამ აზრს მოიკრეფდა, ყურთასმენა რევოლვერის მკვეთრმა ხმამ შეუნგრია და მისმა თვალებმა აღბეჭდეს უჯუშის კეფაზე მიყენებული რევოლვერის ლულა, რომლის პირიდან ცეცხლმა იელვა.

რევოლვერის ხმაც და უჯუშ ემხაც სადღაც უფსკრულს ჩაინთქნენ.

- ვაჰაჰაი, ჩემო თავო! უჯუშ! - იყვირა ჰაკიმ და თავის ადგილიდან პირდაპირ მეზღვაურთა რაზმს ეკვეთა. შეგლიჯა, შეარღვია და გემის იმ მხარეს მოექცა, სადაც მისმა თვალებმა უკანასკნელად უჯუშის სახე დალანდეს.

- რა უნდა? შეაყენეთ! - გაისმა კუზმას ხმა.

რამდენიმე მეზღვაური წინ გადაეღობა ჰაკის. მაგრამ მისი შეყენება ვერ შეძლეს. მაშინ დაიჭირეს, ხელები მარწუხივით ჩასჭიდეს და გაქაჩეს.

- უჯუშ! უჯუშ! - ყვიროდა ჰაკი გიჟივით და ახლა კბილებით კბენდა მეზღვაურებს.

კუზმა მიუახლოვდა. შეხედა. - ჰაკი! - დაუძახა შეგონებით, - რას ჩადი?.. რა გინდა?

- კაპიტან, მე შენი მეზღვაური ძმასავით ვიტირე, მით ძმობა შემოგფიცე, შენ კი უჯუში მომიკალი. ძაღლი ყოფილხარ, კაპიტან...

წამოიყვირა და ერთხელ კიდევ მთელი ძალ-ღონით გემის მოაჯირისაკენ დაიძრა.

- ვაჰაი, შენს ჰაკის, უჯუშ!

მისი თვალები შეურიგებლობის ცეცხლის ნაპერწკლებს აფრქვევდნენ გარშემო და პირიდან ცოფის დორბლი სცვიოდა. კუზმაც კი შეზარა მისმა შესახედაობამ, ზიზღი და ბრაზი სახეზე შეუკიდა, სახის მუდამ უძრავი ნახევარიც კი მოუქცია და აუკანკალა.

ერთხანს ასე უცქირა. - გაუშვით! - თქვა შემდეგ.

ჰაკის ხელი შეუშვეს მეზღვაურებმა.

იგი ერთი ნახტომით გემბანის მოაჯირთან გაჩნდა, ცხადი იყო მისი განზრახვა. და თვალიც ვერ შეასწრეს, რომ აქაფებულ ტალღებში გადაეშვა.

გემბანზე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

- სულერთია, ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდა, - ნაღვლიანი ხმით წარმოთქვა კუზმამ და მოკლე, მაგრამ ბეჯითი ნაბიჯით თავისი კაბინისკენ გაემართა"...

სულ რომ არ იცოდე, როგორ ვითარდებოდა მოვლენები "ჰაკი აძბაში", მხოლოდ ეს მონაკვეთი გაჩვენებდა სამი სხვადასხვა ადამიანის ტრაგედიას, სამ სიმართლეს და გაუცხოებას... სამ დანგრეულ სამყაროს და შენების ილუზიას.