"გვიან მივხვდით, რომ მეგობრობის გარდა, სხვა სიყვარულიც გვაკავშირებდა" - ხელმარჯვე ჟურნალისტის მრავალმხრივი გატაცება და ცხადად ნანახი "სიზმარი" - კვირის პალიტრა

"გვიან მივხვდით, რომ მეგობრობის გარდა, სხვა სიყვარულიც გვაკავშირებდა" - ხელმარჯვე ჟურნალისტის მრავალმხრივი გატაცება და ცხადად ნანახი "სიზმარი"

ხელმარჯვე ჟურნალისტის მრავალმხრივი გატაცება და ცხადად ნანახი "სიზმარი"

პროფესიით ჟურნალისტი, სოციალური მედიის მენეჯერი, ჩემი კოლეგა და "პალიტრა მედიის" თანამშრომელი ეკა გადახაბაძე, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზად წერს და შეუძლია, მკითხველი ეკრანს არა მხოლოდ ტექსტით მიაჯაჭვოს, არამედ მის მიერ გადაღებული ფოტოებითაც, ჟურნალისტიკის გარდა, არაერთ საქმეს აკეთებს პროფესიულ დონეზე - ხატავს, ქმნის ტრენდულ ხელნაკეთ ჩანთებს...

ამ ლამაზ გოგონას ლამაზი სიყვარულიც შეუძლია და ვინც მის სოციალურ გვერდს თვალს ადევნებს, დამერწმუნება, რომ ეკას და მისი შეყვარებულის ურთიერთობა იდეალურთან მიახლოებულს ჰგავს - თუმცა ამ ყველაფერზე ჩემი კოლეგა თავად გვიამბობს...

- ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა ძალიან მიყვარს, საინტერესო საქმეა. ის მეხმარება უამრავი ინფორმაციის მიღებასა და საინტერესო ადამიანების აღმოჩენაში. ჟურნალისტიკის გარდა, ბავშვობიდან ხელსაქმე და ფერწერა მიტაცებდა. უნივერსიტეტში საშუალება მომეცა, გრაფიკული ნახატის აგება, ხატვა შემესწავლა. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი დავამთავრე. ზუსტად იმ პერიოდში ჩავაბარე, როცა სასწავლებელი კახა ბენდუქიძემ შეისყიდა და ჩვენ პირველი ნაკადი ვიყავით. იმდენად კარგად ვსწავლობდით, რომ ჩვენმა კურატორმა, ლევან ტატიშვილმა პროფესიული საგნების გარდა სხვა ძალიან საინტერესო საგნებიც გვასწავლა. ვიცოდი, რომ ბატონ ლევანს ხატვაც შეეძლო, იცოდა აკადემიური ნახატის აგება და ჩვენც გვასწავლა.

- როდის აღმოაჩინე, რომ დიდ ტილოებზე ხატვა და შენი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა შეგეძლო?

- ფერებთან მუშაობა ცოტა მეშინოდა. მივხვდი, იოლი არ იყო ფერებით თამაში. უნდა ეცადო, რაიმე დეტალი არასწორად არ გამოვიდეს და ამით მთელი ნამუშევარი არ გააფუჭო... რაღაც პერიოდი ხატვის სიყვარული გვერდზე გადავდე, რადგან "პალიტრა მედიაში" დავიწყე მუშაობა. ჩემი საქმე იმდენ დროს მოითხოვს, რომ სხვა რაღაცებზე ვერ ვკონცენტრირდებოდი. თუმცა, ვგრძნობდი, შიგნიდან რაღაც მღრღნიდა, ჰოდა, ერთ დღეს გადავწყვიტე, რაც შემიძლია და რაც მგონია, რომ არ შემიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთო-მეთქი, ანუ საკუთარი თავი გამოვიწვიე. წავედი, ვიყიდე ტილო, ფერების პალიტრა, საღამოობით ვიჯექი და ვხატავდი. მერე გავბედე და ჩემი ნამუშევრები სოციალურ ქსელშიც ავტვირთე. მიხარია, რომ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და ამან საიმისო სტიმული მომცა, რომ არ გავჩერებულიყავი.

როგორც მეუბნებიან, წითელი ფერის განსხვავებული აღქმა მაქვს. მიყვარს ახალი ფერების "გამოყვანა", საღებავების შერევა, განეიტრალება. ტილოზე რომ გადაგაქვს შენი შერეული ფერები, სულ სხვანაირ სილამაზეს იღებ, თან საინტერესოცაა.

- როცა ხატვას იწყებ, ყოველთვის იცი, რა უნდა დახატო?

- იდეა მაქვს, მაგრამ საბოლოოდ რა გამოვა, არ ვიცი, შეიძლება მუშაობის პროცესში მთელი იდეა ამოტრიალდეს... ერთი უცნაურობა მჭირს: ხშირად გონებაში რაღაცას ნახატივით ვხედავ. ეს სიზმარს ჰგავს, ოღონდ იმ დროს არ მძინავს.

- ასეთ "სიზმრებს" ხშირად ხედავ?

- არცთუ ისე იშვიათად და მერე მათ დახატვას მთელი სიზუსტით ვცდილობ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ გამომდის, ტექნიკას თანდათან ვაუმჯობესებ და იმედია, ერთხელაც მიზანს მივაღწევ (იღიმის).

- ბავშვობაში ხატვაზე დადიოდი ალბათ...

- ხატვაზე არა, მაგრამ ხელოვნების სკოლაში მუსიკაზე კი დავყავდი მშობლებს... ჩემთვის ვაკეთებდი რაღაცებს, თორემ სპეციალურად სამხატვრო სკოლაში არ მივლია...

სხვათა შორის, ოჯახის წევრები ყოველთვის მიწყობენ ხელს. უამრავი იდეა მიჩნდება და ყველაფერში მხარში მიდგანან. ჩემი საქმროც, დათო სულ იმას ცდილობს, სტიმული მომცეს ნებისმიერ საქმეში...

- როდის უფრო სასიამოვნოა ხატვა, როცა ტილოზე მუშაობ, თუ როცა კომპიუტერში ქმნი კომპოზიციას?

- სიმართლე გითხრა, ორივე მიყვარს, მაგრამ როცა ფუნჯით ხატავ, შეგრძნება გაქვს, რომ ფერებს ეხები, თითქოს ცოცხალი სამყაროა, ყველაფერს სხვანაირად შეიგრძნობ, აღიქვამ და ამ ყველაფრის სიტყვებით აღწერა მიჭირს...

- მახსოვს, ხელი გტკიოდა და მაინც ხატავდი...

- კი, ფერწერამ იმდენად გამიტაცა, რომ სამსახურიდან სახლში მისული, როგორი დაღლილიც უნდა ვყოფილიყავი, ვერ ვჩერდებოდა, ხატვის შინაგანი მოთხოვნილება მქონდა. ვათევდი ღამეს და ვმუშაობდი. იმდენი ვხატე, რომ მყესების გარსი დავიზიანე. მკურნალობის კურსი ჩავიტარე, მაგრამ გამაფრთხილეს, რომ პრობლემა არ მოგვარებულა.

ჩემს სახლში კედლებზე სულ ჩემი ნახატებია. ბათუმელი ვარ და ჩემი ქალაქის სილუეტიც დავხატე, რომელიც ძალიან მომწონს. მიყვარს აბსტრაქციაზე მუშაობაც. ეს სრულიად განსხვავებული და საინტერესო სტილია. გამიტაცა პოლოკისეულმა აბსტრაქციამ, შევისწავლე ამ მხატვრის ცხოვრება, მისი ნახატები და შემდეგ წითელ ფერებში შევქმენი პოლოკისეული აბსტრაქცია, რომელიც დედას ძალიან მოეწონა და ვაჩუქე.

დათოსთვის დავხატე საინტერესო რამ: დათო ჯარისკაცია. ერთხელ გერმანიაში წაიყვანეს წვრთნებზე და ძალიან ვნერვიულობდი. პირველი შემთხვევა იყო დიდხნიანი განშორების. ის ძლიერი პიროვნება, ძლიერი ჯარისკაცი, სპორტსმენია და მინდოდა ჩემი მისდამი სიყვარული ტილოზე გადამეტანა. აი, სწორედ მისთვის დავხატე "სიზმრად" ნანახი ცეცხლოვანი წითელი ქალი და ლეონიდასი. დავხატე და მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობიერე, რაც გამოვიდა - სიძლიერისა და სიყვარულის ნაზავი.

- ფოტოგრაფიაც გიტაცებს...

- კი, ძალიან მიყვარს. ერთხანს ფოტოგრაფიასაც ვსწავლობდი. თავიდან "ზენიტის" ფირიანი აპარატი მქონდა (იცინის)... ძველ თბილისში ვცხოვრობ და ხშირად დავდივარ ქუჩებში, რათა რაც მომეწონება, გადავიღო. ერთი და იმავე ადგილს შეიძლება მილიონჯერ გადავუღო ფოტო და ყოველ ჯერზე სხვადასხვა დეტალს ვაკვირდები. იცი, ფოტოგრაფია რაში მეხმარება? ბუნება მხატვრისთვის ყველაზე კარგი მასწავლებელია! ისეთ ფერებსა და კომპოზიციას ვერსად იპოვი, რაც ბუნებაშია.

- ჩანთების დამზადების იდეა საიდან გაგიჩნდა?

- ესეც ერთგვარი გამოწვევა იყო საკუთარი თავის. ხელნაკეთი ნივთების ნახვისას სურვილი გამიჩნდა, მეც გამეკეთებინა რამე. ჰოდა, ერთხელაც ვთქვი, რატომაც არა, ვცდი-მეთქი. აქაც დათომ მომცა სტიმული - აუცილებლად გამოგივაო. წავედი და ვიყიდე ის წვრილმანები, რაც დამჭირდებოდა. მივედი სახლში, გავათენე ღამე (ჩემთვის ძილი არ არსებობს) და გავაკეთე ჩანთა, რომელიც თავადაც მომეწონა: ერთ მხარეს მოქსოვილია, მეორე მხარეს ხის დეტალები აქვს. მუყაოს, ატლასის ქსოვილსაც ვიყენებ. მოკლედ, ბევრი რამ გავაერთიანე ამ ჩანთის შექმნისას და კარგი შედეგი მივიღე.

ჩანთის გაკეთების დროს აუცილებლად ვითვალისწინებ ქალების სურვილს. ჩანთა თან ტევადი უნდა იყოს, თან ლამაზი, კოხტა და მსუბუქი, რათა მხარი არ გატკინოს... პრაქტიკულია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მარტო ყოველდღიურად, არამედ წვეულებაზეც.

- ამ ყველაფრის პარალელურად, ისევ "პალიტრა მედიის" თანამშრომელი ხარ და ჟურნალისტიკაშიც რამდენიმე საქმეს ითავსებ...

- კი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველაფერს ვასწრებ და ამაში უშუალო ხელმძღვანელები, კოლეგები მიწყობენ ხელს. რაც მთავარია, ჩემი სამსახური ისეთ შესაძლებლობებს მაძლევს, რომ საკუთარი ინტერესები ბოლომდე დავიკმაყოფილო, შესაძლებლობები გამოვავლინო, საშუალება მაქვს ჩემი ნამუშევრები დიდ აუდიტორიას წარვუდგინო და ამისთვის "პალიტრის" მადლობელი ვარ. ამ სამსახურმა ბევრი რამ მომცა და პირველ რიგში მასწავლა ის, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ჟურნალისტი.

- დაბოლოს, შენი და დათოს ურთიერთობაზე ცოტა მეტი რამ გვიამბე...

- მე და დათო ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. მეზობლები ვართ. ჩვენი ფანჯრები ერთმანეთს უყურებს. ბავშვობაში ძალიან ვმეგობრობდით. სხვებისგან განსხვავებული, თითქმის ერთნაირი ინტერესები გვქონდა ყოველთვის. სპორტით ვიყავით დაკავებული. ის კარატისტია, შავი ქამრის მფლობელი. კარატეზე მეც დავდიოდი, ძალიან მაინტერესებდა და მასწავლიდა რაღაცებს. თან მისთვის ორთაბრძოლა ფილოსოფიის დონეზეა, გატაცებულია ამით. საინტერესო და ძალიან განათლებული პიროვნებაა. წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ და ერთხელაც არ გვიჩხუბია. ხომ ამბობენ წყვილებზე, ერთმანეთისგან განსხვავებულები რომ არიან, ეგ კარგია, ერთმანეთს ავსებენო. ჩვენ კი სულ სხვა შემთხვევა ვართ: იმდენად ერთნაირები გახლავართ და ისე ვავსებთ ერთმანეთს, რომ არაფრის დათმობა არ გვიწევს. შეხედულება, აზროვნება, ინტერესები - ყველაფერი ერთნაირი გვაქვს.

გვიან მივხვდით, რომ მეგობრობის გარდა, სხვა სიყვარულიც გვაკავშირებდა. თბილისში რომ წამოვედი სასწავლებლად, მას მერე დაახლოებით 7-8 წელი ერთმანეთი არ გვინახავს. თვითონ რომ ჩამოვიდა თბილისში, წვრთნებზე გერმანიაში წასაყვანად ამზადებდნენ, დამეკონტაქტა, შევხვდით, ბავშვობა გავიხსენეთ და მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთის მეორე ნახევრები ვიყავით.

- ალბათ ძნელია ჯარისკაცი გიყვარდეს...

- სირთულე ის არის, რომ საკმაოდ დიდხნიანი განშორება გვიწევს ხოლმე. თუმცა, იმდენად ყურადღებიანია, საერთოდ ვერ ვგრძნობ, ათასობით კილომეტრი რომ გვაშორებს. სულ ცდილობს გაგამხნევოს, მხარში ამოგიდგეს, დაგამშვიდოს.

მისიაში რომ იყო წასული, მაინც ძალიან ვნერვიულობდი, სულ ტელეფონის ეკრანს ვუყურებდი. თუმცა, მერე მოვახერხე თავის ხელში აყვანა. მივხვდი, ყველაფრისთვის უნდა გამეძლო და დავხვედროდი ისე, როგორც მის მომავალ მეუღლეს შეეფერება. ვამაყობ მისი საქმიანობით, ყველა მისი ნაბიჯით და ვეცდები, მომავალში ისეთი მეუღლე ვიყო, როგორიც მას შეეფერება.

ლიკა ქაჯაია, ჟურნალი "გზა"