"განსაცდელში ყველას თავისი ღმერთი ახსენდება, ყველა საკუთარ ენაზე ლოცულობს" - კვირის პალიტრა

"განსაცდელში ყველას თავისი ღმერთი ახსენდება, ყველა საკუთარ ენაზე ლოცულობს"

"არავის ვუსურვებ ნახოს, როგორ მოდის სიკვდილი ნელ-ნელა, თანაც სად? ყველაზე მძიმე ასატანი კი ის არის, რომ საფლავიც არ გექნება..."

"ატირებული გოგონები საროსკიპოებში ჰყავთ გამომწყვდეული და შველას ითხოვენ"

ორ თვეზე მეტია, თექვსმეტი ბათუმელი მეზღვაური სომალელ მეკობრეთა ტყვეობაშია. 11 ნოემბერს კი მეკობრეებმა ფილიპინების დროშით მცურავი გემიც იგდეს ხელთ, სადაც კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური - ოლეგ ნოდია მსახურობდა. ამ საზღვაო გზით ყოველწლიურად 16000 გემი სარგებლობს. მეკობრეები წელიწადში საშუალოდ 40-50 გემს ატყვევებენ. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2009 წელს მეკობრეებისთვის გადახდილმა თანხამ 90 მილიონი შეადგინა.

KvirisPalitra.Geგთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ქართველ მეზღვაურთან. ვასილ გაგუას 23 წელი ზღვაში აქვს გატარებული.

- მე ამ ხალხს მეკობრეებს ვერ დავარქმევ. ეს უფრო მაფიაა, ვიდრე მეკობრეობა, რადგან წარმოუდგენელია, ამდენი ხნის განმავლობაში მსოფლიომ ერთი ხეირიანი სპეცოპერაციის ჩატარება ვერ მოახერხა მათ გასანადგურებლად. ყველა სომალელი მეკობრედ ხომ არ იბადება? ამ საქმეს წვრთნა, გამოცდილება და მფარველობა სჭირდება. ასე რომ, ვიდრე საზოგადოდ მეკობრეობაზე ვისაუბრებთ, აუცილებელია სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც.

პირადად მე არასოდეს ვყოფილვარ მეკობრეების ტყვე, მაგრამ როცა იმ წყლებში შევდივარ, მეც პოტენციური მსხვერპლი ვხდები. წინა რეისზე ბეწვზე გადავურჩით ტყვეობას. მეკობრეებმა ჩვენ უკან მომავალი გემი დაატყვევეს, ჩვენ კი ღვთის წყალობით გაგვიმართლა.

- გასაკვირია, რომ ყაჩაღები პატარა  კატერებით დიდ გემებს იგდებენ ხელთ.

- მეკობრეები სწრაფად უახლოვდებიან მსხვერპლს და რუპორებით აფრთხილებენ, რომ თუ არ გაჩერდება, ესვრიან. მათ კარგად იციან ყველა ის ადგილი, სადაც შეიძლება გემს სპეციალური იარაღი ესროლო და გახვრიტო, რაც გემის ჩაძირვას გამოიწვევს. ეკიპაჟი, რომლის გემი დატვირთულია, ბუნებრივია, რისკზე არ მიდის და იძულებულია, გაჩერდეს.

გემებს უმეტესად პორტების მახლობლად ესხმიან თავს, შუა ზღვაში ეს თითქმის წარმოუდგენელია - გემი შუა ზღვაში მაღალ სიჩქარეს ავითარებს და კატერით დაწევა შეუძლებელია. უკვე გაჩერებულ გემზე ასვლა კი იოლია, მეკობრეები კიბის ჩამოშვებას ითხოვენ ან პირდაპირ თოკებით ადიან გემზე. ეკიპაჟს, როგორც წესი, კაიუტებში კეტავენ ან ერთად შეყრიან, მესაჭეს კი იტოვებენ, კურსს აცვლევინებენ და თავიანთ პორტში მიჰყავთ.

როგორც ვიცი, მეკობრეობა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან. მას შემდეგ, რაც სომალიში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, სამხრეთის პორტ კისიმაიოში 90-იან წლებში მეთევზეებმა "სანაპირო დაცვის მოხალისეთა" რაზმები შექმნეს. მათ ქვეყნის სათევზაო ადგილებში ბრაკონიერთა შემოჭრა უნდა აღეკვეთათ, მაგრამ მალე თავად იქცნენ მეკობრეებად.

სომალელი მეკობრეები ისე დახელოვნდნენ, რომ უკვე ნაპირიდან 1000 კილომეტრზე ახერხებენ გემების გატაცებას - ძლიერი შეიარაღება აქვთ: ნაღმსატყორცნები, სატელიტური კავშირი, რადარები... ასე რომ, ადენის ყურეში ნებისმიერი გემი პოტენციური მსხვერპლია. სავარაუდოდ, ეს არ არის მხოლოდ სომალელების ბიზნესი. როგორც ჩანს, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჰყავთ ინფორმატორები, რომლებიც სომალელ მეკობრეებს ამა თუ იმ გემსა და მასზე არსებულ ტვირთზე ცნობას აწვდიან.

ეს ბიზნესი საერთაშორისო მაფიოზურ ქსელს უფრო წააგავს, რადგან ბოლო დროს გამოიკვეთნენ მეკობრეების გავლენიანი მფარველები.

ადრე გამოსასყიდის მაქსიმალური ოდენობა 500 ათასი დოლარი იყო, ახლა 3-4 მილიონს ითხოვენ.

სხვათა შორის, სომალელი მეკობრეების სისასტიკეზე გავრცელებული ხმა ხშირად არ შეესაბამება სიმართლეს, ეს უფრო გამოსასყიდთან დაკავშირებული მოტყუებითი მანევრია. ტყვეებს სპეციალურად არეკვინებენ ახლობლებთან და ალაპარაკებენ, რომ საკვები და წყალი უთავდებათ, ცუდად ეპყრობიან და ა. შ., რომ ახლობლები დაფაცურდნენ და მთავრობას მიმართონ, მთავრობა კი დატყვევებული გემის მეპატრონისგან მოითხოვს, სასწრაფოდ გადაიხადოს გამოსასყიდი.

გაუგებარია მსოფლიოს უმოქმედობა. რა გახდა ერთი სპეცოპერაცია? უადგილოა იმის მტკიცება, რომ ამ დანაშაულთან ბრძოლაზე საერთაშორისო საზოგადოებრიობა სიძვირის გამო ამბობს უარს. სიძვირე პრინციპებსა და მშვიდობის დამყარების სურვილთან რა მოსატანია?

KvirisPalitra.Ge- რას ფიქრობთ, როცა ზღვაში გადიხართ?

- ყოველი წასვლის წინ ვემშვიდობები ოჯახის წევრებს, რადგან შეიძლება უკან არც დავბრუნდე. ამაზე ფიქრი გაგაგიჟებს კაცს, ამიტომ ვცდილობ, არ ვიფიქრო.

- სიკვდილისთვის თუ ჩაგიხედავთ თვალებში?

- სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა? უარესიც ყოფილა.

ინდოეთის ოკეანეში მივცურავდით, როცა მუსონის სეზონმა მოგვისწრო. ამ დროს ნავიგაციაც იკეტება. ჩვენდა საუბედუროდ, სავარაუდო ოთხი პორტიდან, რომელშიც უნდა შევსულიყავით, სამი დაიკეტა. მეოთხემდე ვეღარ მივაღწიეთ. საშინელი წვიმა და ქარიშხალი დაიწყო, ტალღების სიმაღლემ 40 მეტრს მიაღწია. ამ დროს გემის მთავარი ძრავა ჩაქრა, რაც უპირობო სიკვდილს ნიშნავდა.

ორმოცმეტრიან ტალღებში გემმა სრულიად დაკარგა კონტროლი. კაპიტანმა განგაში გამოაცხადა  და გემის დატოვების ბრძანებაც გასცა. არავის ვუსურვებ ნახოს, როგორ მოდის სიკვდილი ნელ-ნელა, თანაც სად? ყველაზე მძიმე ასატანი კი ის არის, რომ საფლავიც არ გექნება... თანაც, სად კვდები, ვისთან ბრძოლაში? სიკვდილთან  რომ ბევრი ვაჟკაცი ცუდდება, იმ დღეს დავრწმუნდი.

გემზე  სხვადასხვა ეროვნების ხალხთან ერთად მიწევს მუშაობა, მაგრამ განსაცდელში არ იგრძნობა განსხვავება. ერთია მხოლოდ: ყველას თავისი ღმერთი ახსენდება, ყველა საკუთარ ენაზე ლოცულობს. ზოგი ქრისტეს შესთხოვდა გადარჩენას, ზოგიც მუჰამედს და ზოგი ბუდას. სხვათა შორის, ბევრ მეზღვაურს ზღვის ღმერთის, ნეპტუნის რწმენაც აქვს. 23 წელია მეზღვაური ვარ და მანამდე არ მესმოდა სრული სიცხადით, რას ნიშნავს გამოთქმა "ზღვამ პირი გააღო".

ეს იყო მართლაც პირდაღებული ზღვა, რომელიც მზად იყო თვით კაცობრიობა გადაეყლაპა. წესით, კაპიტნის ბრძანებას ყველა უნდა დაემორჩილოს. კაპიტანი ყვიროდა, ყველანი ამოდით, სამაშველო ჟილეტები ჩაიცვით და გემის დასატოვებლად მოემზადეთო. რადგან გემის დატოვებას აზრი არ ჰქონდა, კაპიტნის ბრძანებას არ დავემორჩილე და სამანქანო განყოფილებიდან არ ამოვედი. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ძრავა უნდა ამემუშავებინა, ეს გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო. მთავარი მექანიკოსი ჩამოვიდა ჩემს დასახმარებლად (უკრაინელი იყო)  და როგორც იქნა, ძრავა ავამუშავეთ. თითქოს გადავრჩით, მაგრამ სამი დღე და ღამე ეკიპაჟის არც ერთ წევრს არ უძინია.

ყველაზე მძიმე ასატანი კი ის არის, რომ შველას გთხოვენ და არაფერი შეგიძლია. ხმელეთზე გადასული რას არ ნახავ - ატირებულ გოგონებს, რომლებიც საროსკიპოებში ჰყავთ გამომწყვდეული და შველას ითხოვენ. ზოგი ამბობს, თუU მეღირსა აქედან გაღწევა, აქ აღებულ ფულს უპატრონო ბავშვთა სახლს მივცემო, ზოგი წაყვანას გთხოვს... როცა ეკითხები, რატომ პოლიციაში არ მიდიხარო, გპასუხობენ, - ერთმა სცადა, მაგრამ გამოათრიეს და ისე სცემეს, რომ ნეკნები სულ ჩაუმტვრიესო.

აღარც ვიცით, სად არის, ალბათ, მოკლესო. გემი პორტში დიდხანს არ ჩერდება, თანაც არც ის იცი, ვინ მფარველობს ამ ბიზნესს, რა შეიძლება მოჰყვეს შენს საქმეში ჩარევას. ისიც გასათვალისწინებელია, რომელი სახელმწიფო დგას იმ გემის უკან, რომელზეც მსახურობ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა რუსული სამხედრო გემის ეკიპაჟმა გამოიხსნა რუსი გოგონა. როგორც ვიცი, დაპირისპირებისას რამდენიმე ზედამხედველი მოკლეს, მაგრამ ეს საქმე არ გახმაურებულა, რუსულ ეკიპაჟს უბატონოდ ხმაც ვეღარ გასცეს.

- რადგან შერეული ეროვნების ეკიპაჟთან გიწევთ მუშაობა, ბუნებრივია, რუსებთანაც გექნებოდათ საქმე.

- აგვისტოს დასაწყისში საქართველოში ომი დაიწყო. მე კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი მქონდა და გემზე 18 აგვისტოს ავედი. ოფიცრები რუსები იყვნენ. არ ვიცი, რატომ სძულთ ასე ქართველები. ყველას არა, მაგრამ 70%-ს სძულს. ჩემთან პრეტენზია მხოლოდ ის ჰქონდათ, რომ ქართველი ვიყავი. თანამდებობით მეორე მექანიკოსი ვარ, უფროსი მექანიკოსი რუსი იყო.

ნაცვლად იმისა, დილით ჩამოსულიყო და სამუშაოთი დაინტერესებულიყო, დილა იწყებოდა პრეტენზიით, რა გინდათ ქართველებსო. ისე  სძულდა ქართველები, ამის მოთმენა აღარ შეიძლებოდა და იძულებული გავხდი, განცხადება დამეწერა და შეცვლა მომეთხოვა.

მალე მორიგ რეისში მივდივარ, მიუხედავად ყველაფრისა, ზღვა ჩემი მეორე სახლია.