"ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია, ასე გულმხურვალედ მლოცველი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს, ვკითხე, - რა შესთხოვე უფალს-მეთქი?" - კვირის პალიტრა

"ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია, ასე გულმხურვალედ მლოცველი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს, ვკითხე, - რა შესთხოვე უფალს-მეთქი?"

სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატ ელენე თევდორაძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. იგი წლების მანძილზე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ და მისი ხმაურიანი გამოსვლები ალბათ ბევრს ახსოვს. 2008 წელს აქტიური პოლიტიკოსი ქალბატონი რატომღაც, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში" არ აღმოჩნდა. იმ წელს იგი ღირსების ორდენით დააჯილდოეს პარლამენტარიზმის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მას მერე ქალბატონმა ელენემ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ განაგრძო მუშაობა. სულ 19 წელი იმუშავა შეწყალების კომისიაში, აქედან 9 წელი კომისიის თავმჯდომარე იყო. 2013 წელს ტელევიზიით შეიტყო, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამსახურიდან რომ გაათავისუფლა და ასე აღმოჩნდა პენსიაში. ამბობს, რომ უსამსახუროდ დარჩენილს დეპრესია ჰქონდა, თუმცა ეს პრობლემები მალე გადალახა და დღეს ყველაზე საყვარელი საქმით, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ურთიერთობით ტკბება.

ქალბატონ ელენეს შინ მივაკითხე, ჩვეული ღიმილით შემომეგება და ჩვენს კითხვებს გულახდილად უპასუხა. როგორც შევიტყვე, სასუნთქი გზების პრობლემა აქვს. ერთადერთხელ დასჭირდა თურმე ხელისუფლებისთვის დახმარების თხოვნა - სასუნთქი აპარატისთვის სახელმწიფოსგან თანხის გამოყოფას ითხოვდა, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის, თუმცა უარი მიიღო. არც ერთი თეთრი არ გამოუყო იმ ხელისუფლებამ, რომელსაც 2013 წელს ხმა მისცა.

- ქალბატონო ელენე, პროფესიით პედაგოგი ხართ. როგორ აღმოჩნდით პოლიტიკაში?

-0:09 - გერმანული ენის მასწავლებელი ვარ. სიმართლე გითხრათ, ბავშვები ძალიან მიყვარს, სხვა სამსახურში ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. მასწავლებლის პოზიციაზე ერთი წელი ვიმუშავე, რუსთავში დავიწყე მუშაობა მასწავლებლად, შემდეგ რუსთავის ქალაქკომში შემომთავაზეს სამსახური და იქ სკოლებს ვკურირებდი. დიდხანს ვერ გავძელი, ისევ სკოლაში დავბრუნდი უკვე დირექტორის მოადგილის რანგში. მერე განათლების სამინისტროში ვმუშაობდი და სულ მენატრებოდა სკოლა, ამიტომ ისევ დავბრუნდი სკოლაში დირექტორად. დღესაც არ წყდება ურთიერთობა ჩემს მოსწავლეებთან და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ზოგი უკვე წასულია საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქალაქში არიან, მაგრამ თუ ჩამოდიან თბილისში, აუცილებლად მოდიან სტუმრად ან ტელეფონით ვეკონტაქტები მათ. ზოგჯერ ქუჩაში მაჩერებენ, სიყვარულით მესალმებიან და მელაპარაკებიან, ამ დროს მე ვდგავარ და ვფიქრობ, ნეტავ ეს ჩემი მოსწავლეა თუ ყოფილი პატიმარი? მერე ისეთ კითხვებს ვსვამ, რომ მივხვდე, ვის ველაპარაკები.

1995-დან 2008 წლამდე ვიყავი პარლამენტში, სულ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ზურაბ ჟვანია დამცინოდა, - არ ვიცი, სად ატარებ მეტ დროს, ციხეებსა თუ პარლამენტშიო.

- ყოფილ პატიმრებთანაც გაქვთ ურთიერთობა?

- ძალიან ხშირად მაჩერებენ. ერთხელ ქუჩაში ველოდებოდი სამარშრუტო ავტობუსს, შვილთაშვილებთან ვაპირებდი წასვლას და მესმის, - "ქალბატონო ელენე, ქალბატონო ელენე, გამარჯობა". გავიხედე, არავინ ჩანს, არადა, აშკარად მე მეძახის ვიღაც. ისმის ისევ, - "ქალბატონო ელენე, ნაგვის მანქანაზე ვდგავარ" და გაღიმებული ხელებს მიქნევს, მეც ღიმილით მივესალმე და წავიდა. ყველა მიცნობს, როგორც პატიმრების უფლებების დამცველს, მაგრამ როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ბევრი სხვა საკითხის მოგვარებაში ვეხმარებოდი ადამიანებს, მათ შორის იმათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო შევარდნაძის დროს. ოპერაციის ფული არ ჰქონდა ხალხს, უკიდურეს გაჭირვებაში იყვნენ, ჯანდაცვა რა მდგომარეობაში იყო, ყველამ იცის. მე არ მქონდა ფინანსური რესურსი მათ დასახმარებლად, მაგრამ ვიცოდი, ვისაც ჰქონდა ამის საშუალება და იმ ხალხს ვთხოვე დახმარებოდნენ ოპერაციის გაკეთებაში. სხვათა შორის, არც ერთი ბიზნესმენისგან უარი არ მიმიღია. იყვნენ ისეთები, რომლებმაც სწავლა დაიწყეს და ფულის გადახდა უჭირდათ, აქაც ვცდილობდი მათ დახმარებას. ერთი ფაქტი არ დამავიწყდება: ეს ის პერიოდია, როცა ყველა მოქალაქემ იცოდა, რომელი ელსადგური როდის გაითიშებოდა, შუქები არ იყო ქალაქში. ღამის 2 საათზე მირეკავს ქალბატონი და მეუბნება, - ქალბატონო ელენე, უნდა მიშველოთ, ჩემი შვილი მშობიარობს, საავადმყოფოში კი შუქი არ აქვთო. რამდენიმე ადამიანი შევაწუხე და მოგვიანებით ისევ მადლობის სათქმელად დამირეკა: შუქიც მოვიდა, ბავშვიც დაიბადა და მას თქვენი სახელი, ელენე დავარქვითო. მერეც მიკავშირდებოდა ეს ადამიანი და დღესასწაულებს მილოცავდა.

- პედაგოგობიდან პარლამენტში როგორ აღმოჩნდით?

- მართლა ვერ წარმომედგინა სკოლის გარეშე. იცით, რა პერიოდი იყო? მხედრიონის და სხვადასხვა დაჯგუფების თარეში. ძალიან მეშინოდა მოსწავლეებს ქუჩაში რამე არ მოსვლოდათ, სულ შიშში ვიყავი. ტელევიზიით მოვისმინე ფილარმონიის დიდ დარბაზში თბილისელები იკრიბებიანო. მეგონა ჩვეულებრივი თბილისელების შეკრება იყო და მეც წავედი. აღმოვაჩინე, რომ ორგანიზაცია "თბილისელების" შეკრება იყო, მაგრამ მთელი მთავრობა ესწრებოდა. ილაპარაკეს გამომსვლელებმა იმაზე, თუ რა მძიმე დროა, მაგრამ არავინ უთხრა ხელისუფლებას, ეს თქვენი ბრალიაო. არადა, რამდენიმე დღით ადრე დაპირისპირება მოხდა იგორ გიორგაძესა და გია ყარყარაშვილს შორის. ეს ჩემთვის საოცრად გაუგებარი იყო, ერთ მთავრობაში იყვნენ და სამხედრო შეტაკებები ხდებოდა თბილისში. ამაზე სიტყვაც არავის უთქვამს. ვეღარ მოვითმინე და სცენაზე დაუპატიჟებლად ავედი. მივმართე ედუარდ შევარდნაძეს, - თუ ქვეყნის მართვა არ შეგიძლიათ, თქვენი მთავრობა უნდა წავიდეს; ორი მინისტრი თუ ვერ იყოფს რაღაცას, მაშინ ორივე უნდა გადააყენოთ-მეთქი. ტრიბუნიდან ჩამოვედი. ცოტა ხანში მინისტრი გია ყარყარაშვილი გამოვიდა სიტყვით და თქვა, - არ ვიცი, ვინ არის ეს ქალბატონი, მაგრამ ის მართალია, მე მივდივარ თანამდებობიდანო - ასე საჯაროდ გადადგა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ "მწვანეები". მითხრეს, რომ ზურაბ ჟვანია მიბარებდა. შევხვდი მას და შემომთავაზა ჩავრთულიყავი მათ მუშაობაში. ამ დროს "მოქკავშირი" ყალიბდებოდა. ეტყობა იმ გამოსვლაში მან ჩემი უნარები დაინახა. ჩავერთე, მაგრამ სკოლიდან არც ვაპირებდი წასვლას. ცოტა ხანში ისევ ზურაბ ჟვანიამ მთხოვა, ციხეებში შევსულიყავი და იქ არსებული სიტუაცია მენახა. უცხოელები რომ ჩამოდიან, ყველაზე დიდი პრეტენზია ციხეებში არსებულ ვითარებაზე აქვთო. ცხონებული გივი ყვარელაშვილი სამმართველოს უფროსი იყო, ეტყობა დაურეკა და შემიშვეს მეხუთე იზოლატორში.

- რა სიტუაცია დაგხვდათ იქ?

- პირველად შევედი ციხეში და ჩემთვის იქ ნანახი, ყველაფერი საშინელება იყო. დაჭერები მიდიოდა, მხედრიონელები, გვარდიელები, სხვადასხვა ფორმირების წარმომადგენლები იხდიდნენ სასჯელს. ერთ საკანში შევედი, დავკეტე კარი და ყველა პატიმარს ველაპარაკე მათ პრობლემებზე. იქიდან რომ გამოვედი, გივი ყვარელაშვილმა მითხრა, როცა საკანში მეორედ შეხვალთ, კარი არ დაკეტოთ, ახლა თქვენ მათ მძევლად რომ აეყვანეთ, რა უნდა გვექნაო? არადა, არ შემშინებია. იქიდან რომ გამოვედი, საპირისპირო საკნის გაღება ვითხოვე. გამიღეს. სრულიად განსხვავებულ საკანში აღმოვჩნდი, სადაც 4 კაცი იყო, კარგად მოწყობილი ყველაფერი, იატაკზე ხალიჩებიც ეფინათ, მაგიდა ედგათ, ჩაიდანი, ყველა ნივთი ჰქონდათ, საოცრად კარგ პირობებში იყვნენ. ამ დროს იმ წინა საკანში იმდენი ადამიანი იყო, დასაწოლადაც კი მორიგეობით წვებოდნენ. აქ ისეთი პირობებია, ყველა დარჩებოდა-მეთქი. გივის გაიღიმა, არაფერი უთქვამს. მამაკაცებმა მკითხეს, ვინ ხართო? - ელენე თევდორაძე ვარ, მინდა ადამიანის უფლებები დაცული იყოს-მეთქი. არაფერი უთქვამთ, მერე როცა გავეცანი ციხის მდგომარეობას, მივხვდი, ის ე.წ. ქურდების საკანი იყო და ქურდული სამყაროს მამები იყვნენ ასეთ კარგ პირობებში. უკვე პარლამენტარი ძალიან ხშირად ვიყავი ციხეში და ყველაფერში გავერკვიე. რუსთავის ზონაში ჩავედი ერთხელ, ვხვდებოდი პატიმრებს, მერე ცალ-ცალკე მოსმენას ითხოვდნენ და კაბინეტში ვუსმენდი მათ. ერთი ტიპი მომიყვანეს და მეკითხება, - ქურდობა პროფესიაა? - არა, როგორ გეკადრებათ, თუ იქურდე, სასჯელს მოიხდი და მერე აქედან რომ გახვალ, ნორმალური კაცი უნდა იყო-მეთქი. მან ღიმილით მითხრა, ჩემი პროფესია ქურდობააო. თურმე ქურდული სამყაროს წევრი იყო.

ზურაბ ჟვანია და ელენე თევდორაძე

- პარლამენტშიც ზურაბ ჟვანიას რეკომენდაციით მოხვდით? - როცა "მოქალაქეთა კავშირი" სიას ადგენდა, ზურაბ ჟვანიამ შემომთავაზა, სიაში ჩაგწერო. დიდი აღფრთოვანება არ გამომიხატავს, სკოლიდან წასვლა არ მინდა-მეთქი, თუმცა სიაში 95 ნომრად მაინც ჩამწერეს. არც დავდიოდი სააგიტაციო შეხვედრებზე, სკოლაში ვმუშაობდი და სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი პარლამენტში.

- გამოდის, ზურაბ ჟვანიას დიდი როლი იყო თქვენს პოლიტიკოსობაში...

- ზურაბ ჟვანიას არაჩვეულებრივი თვისება ჰქონდა, რომ გაეზარდა პოლიტიკოსები, თუმცა ყოველთვის ვეუბნებოდი, მე ვერ ჩამოვყალიბდი როგორც პოლიტიკოსი, უფრო საზოგადო მოღვაწე ვარ-მეთქი. ზურა მეტყოდა, ეს ერთი და იგივეაო. ის ვისშიც ხედავდა პოტენციალს ლიდერობის, მათ გვამზადებდა საპარლამენტო ცხოვრებისთვის, პოლიტიკაში ჩართვისთვის. ზურაბ ჟვანია არის ჩემთვის პოლიტიკოსის სახე, მის მერე ვერავინ დავინახე. მე, მიშა სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ბევრი სხვა, ერთდროულად შევედით პარლამენტში. ეს ხალხი ზურას ფრთის ქვეშ იყვნენ. ძალიან ნიჭიერი იურისტები იყვნენ მიშა და ნინო. მე არ ვიყავი პროფესიით იურისტი, მაგრამ წლების განმავლობაში კანონები კარგად შევისწავლე, პრაქტიკამ ბევრი რამ მასწავლა. ზურაბ ჟვანია ღმერთმორწმუნე ადამიანიც იყო. ერთად ჩავედით ერთხელ ისრაელში. მთავარ ტაძარში შევედით, იქ არის ადგილი, სადაც შეიყვანეს გარდაცვლილი იესო. ყველამ მოვილოცეთ და გამოვედით. ბოლოს ზურა ჟვანია შევიდა. გავიდა 20 წუთი, ნახევარი საათი... არ გამოდის. ვეღარ მოვითმინე და შევიხედე. ვნახე დაჩოქილი ზურაბ ჟვანია უფლის წინაშე როგორ ლოცულობდა. ასე გულმხურვალედ მლოცველი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. რომ გამოვიდა, ვკითხე, - რა შესთხოვე უფალს-მეთქი? მითხრა, რა თქმა უნდა, ოჯახზე, თქვენზე ყველაზე ვილოცე, მაგრამ ყველაზე დიდხანს უფალს ვთხოვდი საქართველო გადამირჩინეო. სწორედ ასეთი დარჩა ზურაბ ჟვანია ჩემს მეხსიერებაში.

- პარლამენტარი ელენე თევდორაძე კრიტიკული გამოსვლებით გამოირჩეოდა...

- თავიდან "იმელის" შენობაში ვიყავით, რადგან პარლამენტის შენობაში რემონტი მიდიოდა. მთავრობის დამტკიცება იყო. შს მინისტრად კახა თარგამაძის დანიშვნა დამამახსოვრდა. საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თარგამაძემ მომავალ გეგმებზე ისაუბრა, ამის შემდეგ გამოვიდა ქალბატონი სიტყვით, ილაპარაკა თავის შვილზე და ირწმუნებოდა, ის უდანაშაულოაო. ეს ის პერიოდია, როცა ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა იყო მომხდარი და ამ ბრალდებით დააკავეს ადამიანები. ეს ქალი ნიკა კვეზერელის დედა აღმოჩნდა. მისი გამოსვლის შემდეგ სიტყვა ვითხოვე, არ ვიცოდი, მხოლოდ ქართულად რომ უნდა მელაპარაკა, რუსულად დავიწყე საუბარი, რადგან ქართულად მიჭირდა მეტყველება. მწვავე გამოსვლა იყო, ზოგი ტაშს მიკრავდა, მე კი სულ ზურას რეპლიკები მესმოდა, - "ქართულად, ქართულად". ეს იყო ჩემი პირველი კრიტიკული გამოსვლა მთავრობის დამტკიცების დროს, თუმცა მერე ბევრჯერ ყოფილა. ჩემი მიმართულება სამართალდამცავი ორგანოები იყო. როცა პარლამენტის ახალ შენობაში გადავედით, ისევ წამოიჭრა ამ კუთხით არსებული პრობლემები, ისევ ავედი ტრიბუნაზე, ამჯერად უკვე ღრმად მქონდა შესწავლილი ტერაქტის საქმეც. კვეზერელის საქმეც ზედმიწევნით ვიცოდი. მაშინ ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ყველა იმ ადამიანის ფოტო, რომლებიც ამ ტერაქტის ბრალდებით დააკავეს. ამ დროს სასამართლოც არ იყო დაწყებული. მიწასთან გავასწორე გაზეთი, - როგორ შეიძლება უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიოთ-მეთქი, ნახევრად ქართულად და ნახევრად რუსულად მქონდა გამოსვლა... კიდევ ერთ მწვავე გამოსვლას გავიხსენებ, ისევ კახა თარგამაძეს უკავშირდებოდა. ამას წინ უსწრებდა ჩემი ვიზიტი მაშინდელ შს მინისტრ კახა თარგამაძესთან, რომელთანაც საჩხუბრად მივედი. მითხრა, შევარდნაძე დაბერდა და თითქმის ყველა საკითხი ჩემს კაბინეტში წყდებაო. ფრაქციის სხდომას სულ ესწრებოდნენ ჟურნალისტები, ეს გავითვალისწინე და რაც მითხრა თარგამაძემ, ის საჯაროდ ვთქვი. ამის შემდეგ ჟურნალისტები სულ მოდიოდნენ ჩემთან და არც მე ვამბობდი უარს მათთან კომუნიკაციაზე. ვთვლიდი, რომ ჟურნალისტი და პრესა ყოველთვის იყო იარაღი უსამართლობასთან საბრძოლველად. მე ვიყენებდი ამ იარაღს იმისთვის, რომ სიმართლე მიმეტანა საზოგადოებამდე. კახა თარგამაძე, კობა ნარჩემაშვილი, სოსო ალავიძე და კიდევ ბევრ სხვა ძალოვან ჩინოსანთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი მინისტრი, როგორიც გიორგი გახარია იყო, არც ერთი არ გახლდათ. გული მეტკინა 20 ივნისს მომხდარი მოვლენების გამო. ჩემი აზრით, ამის შემდეგ ის უნდა გადამდგარიყო. ინტუიციურად რატომღაც მგონია, რომ მან სხვისი დანაშაული აიღო საკუთარ თავზე. თუ მის მაგივრად ეს ბრძანება სხვამ გასცა, მას მაინც არ ჰქონდა უფლება ამ თანამდებობაზე დარჩენის, მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრად არ უნდა დაენიშნათ.

- ქალბატონო ელენე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ დღეებში შეიწყალა განზრახ მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული პირები, მათ შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდადებულიც, რამდენად სწორია ამ მძიმე ბრალდებით დაკავებული პირების გარეთ გამოშვება, როდესაც მათ სასჯელის ნახევარიც კი არ აქვთ მოხდილი. რას ურჩევდით პრეზიდენტს? - როცა გავიგე ამ ფაქტების შესახებ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. ცდილობდნენ გამართლებას, პოლიციელს ფორმა არ ეცვა და მოვალეობას არ ასრულებდაო. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ხომ მოკლა, არ შეიძლება ასეთი ბრალდებით დაკავებულები, თან, რომლებსაც სასჯელის ნახევარიც კი არ მოუხდიათ, შეიწყალონ. პრეზიდენტს ვურჩევდი არქივიდან ამოიღოს შევარდნაძის, სააკაშვილის, მარგველაშვილის პერიოდის ყველა დებულება, კარგად გაეცნოს და მიხვდება, რომელია მისთვის მისაღები და ის გამოიყენოს. ისიც მიკვირს, ამ დრომდე შეწყალების კომისია რომ არ შექმნა, ეს დიდი ძალაა, რომელიც კარგად შეისწავლიდა თითოეულ საქმეს, დადებდა დასკვნას და მერე ისინი ერთად იმსჯელებდნენ, იყო მათი შეწყალება საჭირო თუ არა. ჩემთან ბევრი პატიმრის ოჯახის წევრი მოდიოდა. როცა ვიგებდი მისი ოჯახის წევრი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ყოველთვის ვეუბნებოდი, ამ შემთხვევაში რეკომენდაციას ნუ ელოდებით, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. შენი ნათესავი გარეთ გამოვა, ის კი მიწაშია-მეთქი. არასდროს მიგრძნია ასეთი პატიმრის ახლობლისგან გაღიზიანება, გაგებით ეკიდებოდნენ. არასოდეს გამიცია რეკომენდაცია განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულის შეწყალებაზე. ერთადერთი შემთხვევა იყო მხოლოდ და იმ შემთხვევაშიც არასრულწლოვანი იყო მსჯავრდადებული. თუ 5 წლამდე ჰქონდა პატიმრობა მისჯილი და მისთვის პირველი ნასამართლობა იყო, ასეთი საქმეების განხილვა შეგვეძლო ერთი მესამედის გავლის შემდეგ. თუ 5 წელზე მეტი იყო მისჯილი, მაშინ სასჯელის ნახევარი აუცილებლად უნდა ჰქონოდა მოხდილი შესაწყალებელ პირს. საქმიდან გამომდინარე ვმსჯელობდით. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, არღვევდა თუ არა ციხის რეჟიმს, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგივე ყაჩაღობა ავიღოთ, იშვიათად მიგვიცია თანხმობა სასჯელის შემცირებაზე. სააკაშვილის დროს 4 წელი მიუსაჯეს პატიმარს, საქმეში ეწერა, - მამალი მოიპარა და ამით ძალიან დააზარალა ოჯახიო. დედალი რომ ყოფილიყო, კიდევ ვიტყოდი, კვერცხს დადებდა და ამით იზარალა ოჯახმა-მეთქი, მაგრამ ასეთი ბრალდებითაც ასამართლებდნენ ადამიანებს. კიდევ ერთი მამაკაცი გაასამართლეს, 5 ქათამი მოიპარაო და 5 წელი მიუსაჯეს - თითო ქათმის ქურდობისთვის თითო წელი. ასეთი კურიოზული განაჩენები ბევრი იყო. ისეთი საქმეებიც გახლდათ, სადაც აშკარად ბიზნესის წართმევის გამო იყო ხალხი დაკავებული. სააკაშვილის დროს ასეთი ადამიანები მრავლად იხდიდნენ სასჯელს. თან აკეთებდნენ ძალიან ოსტატურად, თუ პატიმარი აღიარებდა და გადაიხდიდა თანხას საპროცესოში, მაშინ 9 წლის ნაცვლად 4-ნახევარს უსჯიდნენ, მაგრამ ჩვენი დებულებით ასეთი საქმის განხილვა შეგვეძლო მხოლოდ მაშინ, როცა სასჯელის ნახევარს მოიხდიდა პატიმარი. სასჯელის ათვლა იმ ცხრა წლიდან იწყებოდა და მაშინ უნდა განგეხილა ეს საქმე, როცა ისედაც უწევდა ციხიდან გასვლა. პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვურჩევ გულისყურით შეისწავლოს საქმეები.

P.S. ქალბატონი ელენეს ინტერვიუს საინტერესო მეორე ნაწილს, სადაც ის ღიად საუბრობს მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიასთან ურთიერთობაზე, იმაზეც, თუ როგორი იყო ციხეებში ვითარება შევარდნაძისა და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, გამოთქვამს ვარაუდს, თუ რატომ ჩამოიცილეს გზიდან ჟვანია და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო ამბავს "გზის" მომდევნო ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"